სამთავრობო გზავნილების ტელეგრამ-არხი

მობილურ აპლიკაცია „ტელეგრამში“ კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალური ქართულენოვანი არხი Stopcov.ge საქართველოს მთავრობამ 22 აპრილს აამოქმედა. დღეს, არხს 6500-ზე მეტი გამომწერი ჰყავს. ისინი შეტყობინებებს მთავრობისგან ყოველდღიურად იღებენ. ტელეგრამ-გზავნილებით მთავრობა, ძირითადად, კორონავირუსთან წარმატებული ბრძოლის ხაზგასმას ცდილობს.

სამთავრობო ტელეგრამ-არხის მომხმარებლები იღებენ განახლებულ მონაცემებს საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების შესახებ. ამის პარალელურად, მთავრობა მოქალაქეებს აცნობებს, რომ სხვა ქვეყნებში ვითარება გაცილებით რთულია. სხვადასხვა მედია-საშუალების სტატიებში საუბარია მეზობელი ქვეყნების (სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, რუსეთი, უკრაინა) სტატისტიკაზე, რიგ ქვეყნებში დაწესებულ ახალ შეზღუდვებზე, ასევე მკაცრი საკარანტინო რეჟიმების გახანგრძლივებაზე.

ტელეგრამ-არხის ადმინისტრატორების ყურადღების ცენტრში ექცევა საერთაშორისო გამოცემებში გამოქვეყნებული, შემდეგ კი ქართულ მედიაში ნათარგმნი სტატიები. მაგალითად, „საქართველო: წარმატების მაგალითი კორონავირუსთან ბრძოლაში“ (The Washington Times), „პატარა ქვეყნის დიდი ძალისხმევა - საქართველო COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში სამაგალითოა“ (ესპანური Europa press). „მედიაჩეკერი“ აპრილში ვარაუდობდა, რომ პოზიტიური სტატიების სერია „ქართული ოცნების“ მიერ ლობისტური კომპანიების დაქირავებას უკავშირდებოდა.

სამთავრობო ტელეგრამ-არხმა მომხმარებლებს „იმედის“ ვებ-გვერდზე GORBI-ს კვლევაზე დაყრდნობით გამოქვეყნებული სტატიაც გაუზიარა: „საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ ხელისუფლება კორონავირუსს კარგად უმკლავდება“.

ტელეგრამ-არხის გამომწერები მუდმივად ეცნობიან უცხოელი პოლიტიკოსებისა და დიპლომატების შეფასებებს პანდემიის პირობებში საქართველოს ხელისუფლების გადადგმულ ნაბიჯებზე. მაგალითად, ისინი „მაღალ შეფასებას აძლევენ საქართველოს მიერ ვირუსთან ბრძოლის პროცესში გატარებულ ეფექტიან ზომებს“, „აღტაცებულნი არიან პანდემიასთან ბრძოლის ამ ურთულეს პერიოდში საქართველოს მთავრობის ქმედებებით“.

საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, მთავრობა საქართველოს, როგორც უსაფრთხო ტურისტული ქვეყნის იმიჯის განმტკიცებაზე ზრუნავდა და საერთაშორისო გამოცემებში ამ თემაზე არაერთი სტატია გამოქვეყნდა. პირველი ივლისიდან ტურიზმის „გახსნის“ გეგმა ტელეგრამ-არხის მომხმარებლებსაც მიაწოდეს. საბოლოოდ, გეგმაში კორექტივები შევიდა: ივლისში საზღვრები უცხოელებისთვის ისევ ჩაკეტილი იყო, აგვისტოში კი მხოლოდ 5 ქვეყნისთვის გაიხსნა.

ტელეგრამ-არხის ერთ-ერთი საკვანძო თემა ავიაციაა. საუბარია საქართველოში განხორციელებულ ავიარეისებზე, ასევე ქვეყანაში მოქალაქეების დაბრუნების ხელშეწყობაზე. მთავრობის ტელეგრამ-გზავნილებიდან შეიტყობდით, რომ ავიაკომპანია Wizz Air საქართველოში მხოლოდ დროებით არ ოპერირებს და ფრენებს სხვა ქვეყნებშიც ამცირებს. მომხმარებლებს საერთაშორისო საავიაციო კრიზისის სიახლეებსაც უზიარებენ: „Air France” 7500 სამუშაო ადგილის გაუქმებას გეგმავს“.

ტელეგრამ-არხით გავრცელებული სტატიებიდან ირკვევა, რომ ევროზონაში ეკონომიკა 12.1 პროცენტით შემცირდა, საქართველოს ეკონომიკა კი გამოწვევებს მომზადებული შეხვდა.

ტელეგრამ-არხი ზოგჯერ ისეთ მასალებსაც ავრცელებს, რომლებსაც კორონავირუსთან შეხება არ აქვს. მაგალითად, 17 ივნისს, მომხმარებლებთან დაგზავნილი მასალის სათაურია: „უცხოური მედია: საქართველოში თითქმის ყველგან აღმოიფხვრა კორუფცია და ბიუროკრატია“. პანდემიის შესახებ არც სტატიის ტექსტში წერია რამე..