კრემლთან დაახლოებული კონსულტანტების რჩევები “პატრიოტთა ალიანსს” - “დოსიეს” გამოძიების II ნაწილი

ყოფილი პოლიტპატიმრის, მიხაილ ხოდორკოვსკის არაკომერციული პროექტი „დოსიე“ აქვეყნებს გამოძიების მეორე ნაწილს, სტატიას თანდართული დოკუმენტებით, რომელშიც აღწერილია “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლების ურთიერთობა კრემლთან დაახლოებულ კონსულტანტებთან.

მანამდე, რუსული ინტერნეტგამოცემა წერდა, რომ პარტია “პატრიოტთა ალიანსი” წინასაარჩევნოდ რჩევებსა და ფულს კრემლისგან იღებდა. “დოსიეს” ინფორმაციით, რუსულმა საკონსულტაციო კომპანიამ “პატრიოტთა ალიანსს” ურჩია: ამომრჩევლების დაპირისპირების გაღვივება, ანტიდასავლური პროპაგანდის გაძლიერება და გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე ორიენტირება. პარტიის ლიდერი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი ადასტურებს, რომ მართლაც სარგებლობს რუსული საკონსულტაციო კომპანიის სერვისით, ხოლო ფულადი დახმარების რუსეთიდან მიღებას კატეგორიულად უარყოფს.

გაგრძელება

ვებსაიტის თანახმად, „დოსიეს“ პუბლიკაცია მაშინ გამოქვეყნდა, როდესაც ირმა ინაშვილი აფხაზეთში იმყოფებოდა. გამოცემა აქვეყნებს “[რუსი] გენერლის, ჩერნოვის დოკუმენტს”, რომელიც “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერებს სთავაზობს თეზისებს, როგორ აიცილონ ოპონენტების თავდასხმები. დოკუმენტის თანახმად, ირმა ინაშვილსა და პარტიის ლიდერებს უნდა ეთქვათ, რომ:

  • ვიზიტის მიზანი საქველმოქმედო იყო;
  • პარტიის დაკვეთით გამოკითხული მილიონი ადამიანიდან 70% ამბობს, რომ უნდა აღდგეს სოხუმთან, ცხინვალთან და მოსკოვთან პირდაპირი დიალოგი;
  • სახალხო დიპლომატიით ნაციონალურ ინტერესებს ემსახურებიან;
  • არსებობენ ისეთები, ვისაც სახალხო დიპლომატია არ მოსწონს… მათ მშვიდობა არ სურთ.

“დოსიე”, ასევე, წერს, რომ რუსმა კონსულტანტებმა “პატრიოტთა ალიანსისთვის” შეიმუშავეს საარჩევნო კამპანიის სტრატეგია და სამუშაო გეგმა. დოკუმენტის თანახმად:

  • აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის დასაწყისში აჭარის მცხოვრებლები აწყობენ საქართველოს პარლამენტის შენობის უვადო პიკეტირებას;
  • პატრიოტთა ალიანსის კანდიდატები თავიანთ რეგიონებში ბავშვებისთვის გაჭირვებული ოჯახებიდან აგროვებენ სასკოლო ნივთებს - რვეულებს, სახაზავებს, კალმებს და ა.შ.
  • “პატრიოტთა ალიანსს” პარლამენტში შეაქვს კანონპროექტი და მოითხოვს, რომ საზღვარგარეთ, მათ შორის, რუსეთში მცხოვრებ ყველა ქართველს მიეცეს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა და გაიხსნას საარჩევნო უბნები, მათ შორის, რუსეთში.
  • Მარიამობას (28 აგვისტოს) ლიდერები მივიდნენ ერთ-ერთ საკულტო მონასტერში, რომელსაც დავით თარხან-მოურავი ხატს აჩუქებს. გადაეცით მონასტერს/ეკლესიას საჩუქარი რუსეთის ქართული ეკლესიისგან. საპასუხოდ სასულიერო პირები ანალოგიურ საჩუქარს გადასცემენ მოსკოვში ქართულ ეკლესიას. ღონისძიების მიზანია - იმის წარმოჩენა, რომ “პატრიოტთა ალიანსისა” და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციები დაახლოებულია საკვანძო საკითხებში, როგორიცაა - ერთმორწმუნე რუსეთთან და რუსებთან ურთიერთობის აღდგენა.

პუბლიკაციის მიხედვით, კრემლთან ურთიერთგაგებას ქართველი ოპოზიციონერები ყოველთვის ვერ აღწევენ - დოკუმენტები და მიმოწერები აჩვენებს, რომ რუსი კურატორები ხშირად ეკამათებიან და საყვედურობენ მათ. ქართველ ოპოზიციონერებს კი აღიზიანებთ მოსკოველი კურატორების თავდასხმები, თუმცა ძირითადად, თანხმდებიან მათი მითითებების შესრულებას.

ამას გარდა, “დოსიეს” ინფორმაციით, “პატრიოტთა ალიანსის” ხელმძღვანელებმა რუს კონსულტანტებს გადასცეს ქართველი ამომრჩევლის მონაცემები - მათი მისამართები, სადარბაზოების რაოდენობა და კიბეების რაოდენობა თითოეულ სახლში.

“დოსიე” წერს, რომ მიუხედავად “პატრიოტთა ალიანსის” საარჩევნო კამპანიისთვის გამოყოფილი რამდენიმე მილიონი დოლარისა, პარტია თავს უფლებას ვერ აძლევს, რუსი პოლიტტექნოლოგების ყველა რჩევა გაითვალისწინოს, ისინი, როგორც ჩანს, “პატრიოტთა ალიანსს” რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავზე აქციის გამართვა ურჩევდნენ.

პუბლიკაციის თანახმად, მიმოწერაში “პატრიოტთა ალიანსი” უმტკიცებდა კურატორებს კრემლიდან, რომ სწორედ მათ ჩამოაშორეს მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის პოსტს და პარტიას მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის თითქმის მეოთხედი.

“პატრიოტთა ალიანსის” პასუხი

“კრამერ-სააკაშვილ-ბოკერია-კუროპტევ-ლევშიც-ხოშტარიას სიგიჟე გრძელდება” - ასე გამოეხმაურა “დოსიეს” გამოძიების მეორე ნაწილს “პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი ვიდეომიმართვაში. მისი მტკიცებით, აგვისტოში, როცა პარლამენტი შვებულებაშია და შენობა ცარიელია, იქ მისვლას და პიკეტის მოწყობას არავითარი აზრი არ აქვს.

ინაშვილის მტკიცებით, პარტიას საერთოდ არ აქვს დაგეგმილი “სკოლაში ბავშვების წაყვანა”, ხოლო მარიამობის დღესასწაულზე ისინი ყოველთვის ტაძარში მიდიან.

“ტაძარში ვიყავით ნამდვილად, სულ დავდივართ და კიდევ ვივლით”, - ამბობს ირმა ინაშვილი და განაგრძობს: “საერთოდ ჩემ თავზე ვბრაზდები, რომ ამ ვიდეო მიმართვას ვწერ”.

სისხლის სამართლის საქმე თუ ფინანსების აუდიტი?

საქართველოში, ისევე, როგორც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, აკრძალულია პარტიების დაფინანსება უცხო ქვეყნის ფიზიკური თუ იურიდიული პირების მხრიდან. საქართველოს პროკურატურას გასულ კვირას მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა “ევროპული საქართველოდან” ელენე ხოშტარიამ და მათი ოპონენტის დაფინანსების წყაროების გამოძიება ითხოვა.

„პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსების საკითხის გამოძიება პროკურატურამ აუდიტის სამსახურს გადააბარა. ხოშტარია და მისი თანამოაზრეები კი კვლავ მოითხოვენ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას:

“სახელმწიფო ძალიან სერიოზულად უნდა მოეკიდოს ამ საკითხს და დაიწყოს გამოძიება სუს-მა და პროკურატურამ უცხო ქვეყნის, მტრული ქვეყნის ოკუპანტის მხრიდან საქართველოს საარჩევნო პერიოდში ჩარევის ფაქტზე”, - აცხადებს ელენე ხოშტარია.

გამოძიების დაწყება მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ მმართველ პარტიაში, “ქართულ ოცნებაში”. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის თქმით, “ერთი ფურცლის გამო” “პატრიოტთა ალიანსის არჩევნებიდან მოხსნის საკითხის დაყენება არასერიოზულია.

“ამ თემაზე უნდა იყოს სერიოზული მსჯელობა, მოკვლევა და აქედან გამომდინარე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებებიც”, - აცხადებს ვოლსკი.

ვოლსკის თანაგუნდელი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ “პატრიოტთა ალიანსისგან” არ უკვირს “რუსულ წრეზე ტრიალი და რუსული კონტაქტები”, თუმცა ერთ სტატიაზე დაყრდნობით გამოძიების დაწყება არასწორია.

ახლა „ევროპული საქართველოს“ უმრავლესობის წევრებს ხელმოწერების შეგროვების წინადადებით მიმართავს, რათა საკონსტიტუციო სასამართლოში შევიდეს სარჩელი „პატრიოტთა ალიანსის“ არჩევნებიდან მოხსნის თაობაზე, რისთვისაც 30 პარლამენტარის ხელმოწერაა საჭირო.