თემურ ცხურბათის ცემის შესახებ მისმა მეგობარმა, ოკუპირებულ სოფელ ავნევიდან დევნილმა მიხეილ ტაბატაძემ, თბილისში შეიტყო. ის მთელი ღამის განმავლობაში მის ნათესავებს ცხინვალში ეკონტაქტებოდა. კითხულობდა თემურის ჯანმრთელობის მდგომარეობას და, დამძიმების შემთხვევაში, საქმეში წითელი ჯვრის ჩართვას და თბილისში სამკურნალოდ გადმოყვანას სთავაზობდა.
„ყველაფერი არის ნორმაშიო. მე ისიც ვუთხარი, წითელ ჯვარს ხომ არ გაესაუბრეთ, ან ხომ არ გქონდათ საქართველოში გადმოყვანის მცდელობა-მეთქი და ბოლომდე არ თქვეს, მაგრამ გამოვიდა, რომ უარი განაცხადეს - ეს სხვანაირად ჟღერსო და არ უნდოდათ აქეთ გადმოყვანა. ისეთი განსაკუთრებული დაზიანება არ არის. პირადად თემოს ვერ მივწერე, იმწუთში არ ჰქონდა ამის საშუალება, მაგრამ ნათესავებმა მითხრეს, რომ ყველაფერი ნორმალურადაა და მადლობა, მიშა, რომ შეწუხდიო“.
ორშაბათს ოკუპირებულ ცხინვალში ინალ ჯაბიევის დასაფლავებას ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია. ცხინვალელი სამოქალაქო აქტივისტი თემურ ცხურბათი დაკრძალვაზე იმყოფებოდა, როცა მას ერთ-ერთმა ქალმა სოციალურ ქსელში კოკოითის მიმართ გამოთქმული კრიტიკული შენიშვნები შეახსენა. კამათის დროს სამოქალაქო აქტივისტთან სხვა პირებიც მივიდნენ, რასაც ჩხუბი მოჰყვა. რადიო თავისუფლებას ცხურბათის მეგობრებმა ცხინვალიდან აცნობეს, რომ ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტის, ედუარდ კოკოითის, დაცვის ყოფილმა წევრმა, მეტსახელად „კიტაიეცმა“, მას ძლიერად დაარტყა. სამოქალაქო აქტივისტი ცხინვალის საავადმყოფოში ყბის ძვლის მოტეხილობით გადაიყვანეს. მოგვიანებით ცხურბათიმ ვიდეობლოგი ჩაწერა. იგი ოსურ საზოგადოებას მოუწოდებს დაგმონ ძალადობა და არ გაუჩუმდნენ უკანონობას:
„მე ყველას მოგმართავთ. თუ ჩვენ გავჩუმდებით, ეს გაგრძელდება და არასოდეს დასრულდება. თუ ჩვენ კანონიერებისკენ არ მოვუწოდებთ, ეს ისევ გაგრძელდება და ხვალ მე აღარ გამიტეხენ ყბას და ისევ დავმარხავთ ახალგაზრდა ბიჭს. მე უკვე ბევრი ვიცოცხლე და აღარ მეშინია. მე დავწერე განცხადება მილიციაში და გაერკვნენ. მე მზად ვარ თითოეულ ჩემს სიტყვაზე პასუხი ვაგო“.
მიხეილ ტაბატაძემ რადიო თავისუფლებასთან საუბარში ისიც თქვა, რომ, მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა, თემურთან მისი მეგობრობა გრძელდება. თემური ხშირად ჩადის ოკუპირებულ და დანგრეულ ავნევში და იქ მიხეილ ტაბატაძის შვილის საფლავს უვლის. ტაბატაძის შვილს ჯანმრთელობა ჯერ კიდევ 90-იანი წლების კონფლიქტის დროს სოფლის ერთ-ერთი დაბომბვისას შეერყა. მოგვიანებით ბავშვი გარდაიცვალა. ამ დროს თემური ოსური მოხალისეობრივი დაჯგუფების რიგებში ქართველების წინააღმდეგ იბრძოდა. მიშას ბავშვის გარდაცვალებისა და კონფლიქტის გამო კი სინანული ხშირად გამოუთქვამს. მიხეილს ყველაზე მეტად გული იმაზე სწყდება, რომ თემურის, პირველ რიგში, ოსებს არ ესმით და მასზე ხშირად ძალადობენ:
„ჩემი ბრალი იყო, ჩემი მეგობრის შვილი რომ ამ მდგომარეობაში იყოო. თავის თავს მართლა ადანაშაულებდა. მე დამნაშავე ვარ, შენს შვილს ეს ამბავი რომ დაემართაო, და ცდილობს ახლა. უმცროს შვილთან ერთად ყვავილებით იყო მისული (საფლავზე) აღდგომასაც. ყოველთვის ცდილობს. დაჟე ისიც თქვა, ვიღაცები მოდიან და უვლიანო და არ ვიცი, რა ხდებაო. ყველაფერში ცდილობს, რომ ეს ურთიერთობა შევინარჩუნოთ“.
2008 წლის ომის შემდეგ თემურ ცხურბათი ქართველ სამოქალაქო აქტივისტებს და კონფლიქტოლოგებს ნიდერლანდის ქალაქ ლაიდენში შეხვდა, ცხინვალში დაბრუნებულს კი მოღალატეს უწოდებდნენ. ქალაქის ცენტრში მას 2009 წელს კოკოითის მომხრე დეპუტატებმა სასტიკად სცემეს.
ოკუპირებულ ცხინვალში საპროტესტო მიტინგი გვიან ღამემდე გაგრძელდა. ასობით ადამიანი, შეძახილებით "გადადექი!" და "გასამართლება ჯაგაევს!", თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეჭრას ცდილობდა, თუმცა ადგილზე მობილიზებულმა სპეცდანიშნულების რაზმების წარმომადგენლებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.
შენობა გარშემორტყმული იყო ძალოვნების ჯაჭვით. ზოგიერთი დემონსტრანტი მათთან დიალოგში შესვლასაც ცდილობდა. დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატები დავიდ სანაკოევი, ზაზა დრიაევი და სხვები შეკრებილებს სიმშვიდისკენ მოუწოდებდნენ. 31 აგვისტოს ცხინვალის ცენტრში საპროტესტო აქციაზე, როგორც ადგილობრივი საინფორმაციო წყაროები იტყობინებიან, დაახლოებით, 1500 ადამიანი შეიკრიბა ინალ ჯაბიევის დაკრძალვის შემდეგ, ინალ ჯაბიევისა, რომელიც ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში, სავარაუდოდ, ცემით მოკლეს. ისინი მოითხოვენ დამნაშავეთა დასჯას, დე ფაქტო გენერალური პროკურორის გადადგომას, ზოგიც - დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის, გადადგომას.
დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ კოკოითიც მოუწოდებს ანატოლი ბიბილოვს გადადგომისკენ. ცხინვალში გამართულ აქციებზე ყველაზე მეტად სწორედ კოკოითის მომხრეები აქტიურობენ.
30 წლის ინალ ჯაბიევი, რომელიც ოკუპირებული რეგიონის მილიციამ დააკავა შს მინისტრზე თავდასხმის ბრალდებით, სავარაუდოდ, წამების შედეგად გარდაიცვალა.
28 აგვისტოს ცხინვალში გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი, იძულებული გახდა მთავრობა დაეთხოვა.
ჯაბიევის ოჯახის წევრები და მომიტინგეები მოითხოვდნენ იმ მილიციელების ვინაობის დასახელებას, ვინც მის ცემაში მონაწილეობდა. 31 აგვისტოს დე ფაქტო პროკურატურამ ახალი ინფორმაცია გაავრცელა ჯაბიევის საქმის გამოძიების თაობაზე.
ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ინალ ჯაბიევის სიკვდილის გამო ეჭვმიტანილ 7 პირს. მათ წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს რუსეთის სისხლის სამართლოს კოდექსის იმ მუხლით, რომელიც თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებას ეხება.
შვიდივე ეჭვმიტანილი დე ფაქტო შსს-ს თანამშრომელია. მათ შორის არიან „კრიმინალური მილიციის სამძებრო განყოფილების“ უფროსი ირბეგ სლანოვი და „ტერორიზმის და ექსტრემიზმის განყოფილების“ უფროსი ანდრეი ჯიოევი.
სააგენტო „რესი“დე ფაქტო გენერალური პროკურატურის გამომძიებელ ედუარდ თანდელოვზე დაყრდნობით წერს, რომ გამოძიების ფარგლებში ეჭვმიტანილთა სია შესაძლოა გაიზარდოს ან შემცირდეს. თანდელოვის ინფორმაციით, თავდაპირველად 8 ეჭვმიტანილი ჰყავდათ, თუმცა გამოძიების წინასწარ ეტაპზევე ერთის ბრალეულობა გამოირიცხა.
30 წლის ინალ ჯაბიევი 28 აგვისტოს გარდაიცვალა ცხინვალის დროებითი იზოლატორიდან საავადმყოფოში მიყვანამდე. ჯაბიევი ეჭვმიტანილი იყო დე ფაქტო შს-თა მინისტრ იგორ ნანიევის ავტომანქანაზე 17 აგვისტოს განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმაში. ინალ ჯაბიევის სიკვდილი, სავარაუდოდ, გამოიწვია მილიციელების მიერ მისმა წამებამ და ცემამ. ამ ინფორმაციის და სოციალური ქსელებით ფოტოების გავრცელებას ცხინვალში მასობრივი მღელვარება და საპროტესტო აქციები მოჰყვა. ღამის აქციები ცხინვალში უკვე პერმანენტულად ტარდება. აქციის მონაწილეები მიტინგებს მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ შეწყვეტენ.