ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტო – დამოუკიდებელი დეპუტატების საკანონმდებლო ინიციატივა

პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატებმა -- თამარ ჩუგოშვილმა, თამარ ხულორდავამ, ირინე ფრუიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა და ნინო გოგუაძემ -- პარლამენტში ახალი კანონპროექტი დაარეგისტრირეს, რომელიც კორუფციასთან ბრძოლის დამოუკიდებელი ინსტიტუტის - “ანტიკორუფციული ეროვნული სააგენტოს” შექმნას გულისხმობს.

“საერთაშორისო პრაქტიკით დასტურდება, რომ დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახური არის სისტემურ კორუფციასთან ბრძოლის ეფექტური მექანიზმი”, - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” (TI), რომელთან თანამშრომლობითაც შემუშავდა კანონის პროექტი. TI-ის მტკიცებით, სააგენტო შესაძლებელს გახდის ე.წ. ელიტური კორუფციის შემთხვევების რეალურ გამოძიებას და მათ პრევენციას.

ანტიკორუფციული ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილებები

საკანონმდებლო ინიციატივა კომპლექსურ რეფორმას ისახავს მიზნად. ის შედგება 30 კანონისგან და გულისხმობს კორუფციასთან ბრძოლას სამი ძირითადი მიმართულებით - კორუფციული დანაშაულების მიუკერძოებელი გამოძიება; პოლიტიკური პარტიების დაფინანსების კონტროლი და თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგი.

უფრო კონკრეტულად, სააგენტო უფლებამოსილი იქნება:

  • შეამოწმოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესრულება და მოამზადოს და გამოაქვეყნოს დასკვნები;
  • თავიდან აიცილოს, გამოავლინოს, გამოიძიოს და აღკვეთოს თავის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებული დანაშაულები;
  • ქონებრივი დეკლარაციების შევსებისას პირებს გაუწიოს რეკომენდაცია;
  • შეამოწმოს დეკლარაციები და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი ზომები;
  • პირის თანამდებობასთან შეუთავსებლობის დადგენის შემთხვევაში, შესაბამის ორგანოს მისი გათავისუფლების რეკომენდაციით მიმართოს;
  • თვალყური ადევნოს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების ფინანსურ საქმიანობას;
  • დაიცვას კორუფციულ დანაშაულთა მამხილებლები;
  • მოამზადოს თემატური საკანონმდებლო წინადადებები და გააუმჯობესოს საჯარო უწყებების საქმიანობა საჯარო მოხელეთა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების გზით;
  • აქტიურად ჩაერთოს საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება-განახლებაში;
  • უზრუნველყოს საქართველოს ხელისუფლების ორგანოების თანამშრომლობა საერთაშორისო ანტიკორუფციულ ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ანტიკორუფციული ვალდებულებების შესასრულებლად.

სააგენტოს ექნება უფლება, დადგენილი წესით, ჩაატაროს გამოძიება და განახორციელოს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა; მოიპოვოს, დაამუშაოს და გააანალიზოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია.

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეს, გამომძიებელს და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ თანამშრომელს უფლება აქვთ, გამოიყენონ ფიზიკური ძალა, სპეციალური საშუალებები და ცეცხლსასროლი იარაღი.

სააგენტოს გამოსაძიებელ საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობას და ზედამხედველობას, სისხლისსამართლებრივ დევნას ახორციელებს გენერალური პროკურატურა.

დაფინანსება

კანონპროექტის ავტორთა ინფორმაციით, ბიუჯეტიდან წლიურად 7,2 მილიონი ლარი იხარჯება ახალი კანონპროექტით გათვალისწინებული ფუნქციების შესასრულებლად. თანხა სამ უწყებაზე ნაწილდება, ესენია: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სახელმწიფო აუდიტის სამსახური და საჯარო სამსახურის ბიურო.

ავტორები მიიჩნევენ, რომ სხვადასხვა უწყების საქმიანობის ეროვნულ ანტიკორუფციულ სააგენტოში თავმოყრა ბიუჯეტში გამოათავისუფლებს ასიგნებებს და შესაძლებელი იქნება მათი მიმართვა სააგენტოში.

სტრუქტურა და საშტატო ნუსხა

კანონპროექტის თანახმად, სააგენტოს თავმჯდომარეს საქართველოს პარლამენტი აირჩევს 5 წლის ვადით. სააგენტო მისი საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშის წარუდგენს პარლამენტს.

ერთი და იგივე პირი სააგენტოს თავმჯდომარედ არ შეიძლება აირჩიონ ზედიზედ ორჯერ. სააგენტოს თავმჯდომარე არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი ან მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში.

სულ სააგენტოსთვის გათვალისწინებულია 130 საშტატო ერთეული, მათ შორის:

  • ხელმძღვანელობა - სააგენტოს თავმჯდომარე და მისი მოადგილეები - 3 საშტატო ერთეული;
  • დეკლარაციების მონიტორინგის დეპარტამენტი - 10 საშტატო ერთეული;
  • პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტი - 10 საშტატო ერთეული;
  • საგამოძიებო დეპარტამენტი - 75 საშტატო ერთეული;
  • ადმინისტრაციული დეპარტამენტი - 13 საშტატო ერთეული;
  • იურიდიული დეპარტამენტი - 4 საშტატო ერთეული;
  • საერთაშორისო ურთიერთობების, ანალიტიკის და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი - 7 საშტატო ერთეული;
  • ეკონომიკური დეპარტამენტი - 5 საშტატო ერთეული;
  • საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი - 4 საშტატო ერთეული;
  • გენერალური ინსპექცია (დეპარტამენტი) – 3 საშტატო ერთეული.