პანდემიის მატების მიუხედავად, ზოგ ქვეყანაში მოსწავლეები სკოლებში განაახლებენ სწავლას

1 სექტემბერს ინგლისში, საფრანგეთში, ბელგიასა და რუსეთში მილიონობით მოსწავლე განაახლებს სკოლებში სწავლას მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში იზრდება კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა.

მრავალი მასწავლებელი და მშობელი შიშობს, რომ სკოლების კვლავ გახსნა დააჩქარებს COVID-19-ის გავრცელებას. მაგრამ მთავრობებს სურთ, მშობლები გამოათავისუფლონ, რათა მათ მუშაობა შეძლონ და ხელი შეუწყონ ეკონომიკის გაუმჯობესებას.

საფრანგეთში მასწავლებლებისა და 11-18 წლის ასაკის მოსწავლეთათვის სავალდებულოა პირბადეების ტარება როგორც შენობაში, ისე მის გარეთ. სხვა მხრივ, სკოლები ძირითადად ჩვეულებრივ რეჟიმში იმუშავებს, გარდა ზოგიერთი შეზღუდვისა გადაადგილებასა და თავშეყრის ზომაზე.

რუსეთში 17 მილიონი მოსწავლე პირბადეების გარეშე განაახლებს სკოლებში სწავლას, მაგრამ ხელისუფლებამ დააწესა რიგი სამედიცინო რეგულაცია.

ექვსთვიანი პაუზის შემდეგ ინგლისსა და უელსში მოსწავლეები ასევე უბრუნდებიან სკოლებს. მთავრობის თქმით, იმოქმედებს „კონტროლის სისტემა“, რომლის მიზანია კონტაქტის შემცირება და სოციალური დისტანციის დაცვა.

ამასობაში მაშინ, როცა ბრიტანეთის უნივერსიტეტებში უახლოესი კვირების განმავლობაში სწავლის განახლებისთვის ემზადება ერთ მილიონამდე სტუდენტი, პედაგოგები მთავრობას მოუწოდებენ, უარი თქვას კამპუსების გახსნაზე.

უნივერსიტეტებისა და კოლეჯების პროფკავშირმა, რომელიც დიდი ბრიტანეთის აკადემიურ პერსონალს წარმოადგენს, განვლილი კვირის ბოლოს განაცხადა, რომ სწავლის განახლებას შეიძლება მოჰყვეს „სერიოზული კრიზისი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში“. აკადემიური პროფკავშირი მიუთითებს აშშ-ზე, სადაც მრავალი უნივერსიტეტი კვლავ ონლაინრეჟიმში მუშაობაზე გადადის მას შემდეგ, რაც მკვეთრად იმატა ინფიცირებულთა რიცხვმა და სტუდენტების კარანტინში მოთავსება გახდა აუცილებელი.