ცხინვალში სამოქალაქო აქტივისტს, თემურ ცხურბათს სცემეს

ოკუპირებულ ცხინვალში ჟურნალისტსა და სამოქალაქო აქტივისტს, თემურ ცხურბათს სცემეს. ცნობას ავრცელებენ ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტები.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ამჟამად ცხურბათი ცხინვალის საავადმყოფოშია მოთავსებული, მას ყბის ძვალი აქვს მოტეხილი და სხეულზე დაზიანებებიც აღენიშნება.

თემურ ცხურბათის მეგობარი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ აქტივისტს თავს დაესხნენ ინალ ჯაბიევის დაკრძალვის შემდეგ - რომელიც ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში, სავარაუდოდ, ცემით მოკლეს. მისივე თქმით, თავდამსხმელები ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტის, ედუარდ კოკოითის მომხრეები არიან და ისინი სოციალურ ქსელში, ცხურბათის მიერ კოკოითის მიმართ გამოთქმულმა კრიტიკამ გააღიზიანა.

ცხურბათის ახლობლები საავადმყოფოსგან შესაბამის ცნობას ელოდებიან, რათა აქტივისტი გადაიყვანონ ვლადიკავკაზის საავადმყოფოში, უსაფრთხოებიდან გამომდინარე და კვალიფიციური სამედიცინო დახმარების მიზნით.

ოკუპირებულ ცხინვალში საპროტესტო გამოსვლები 28 აგვისტოდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც სოციალური ქსელებით გავრცელდა ფოტოები და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ადგილობრივმა სამართალდამცავებმა წამებით მოკლეს დე ფაქტო შს მინისტრ ნანიევის ავტომანქანაზე 17 აგვისტოს მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი ინალ ჯაბიევი, რომლისგანაც აღიარებით ჩვენებას მოითხოვდნენ. საპროტესტო გამოსვლების გამო, დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი იძულებული გახდა, საკუთარი მთავრობა დაეთხოვა, თუმცა ცხინვალში ბიბილოვის გადადგომასაც მოითხოვენ.

სამხრეთ ოსეთის ყოფილმა დე ფაქტო პრეზიდენტმა, ედუარდ კოკოითიმ მოქმედ დე ფაქტო პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს მოუწოდა, თანამდებობიდან დღესვე გადადგეს.

ინსტაგრამით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში კოკოითი ამბობს, რომ ჩავა „სამხრეთ ოსეთში“, მაგრამ თუ ბიბილოვს ამის ძალიან ეშინია, პირობას აძლევს, რომ არ დაბრუნდება, თუ ადგილობრივი დროით 12:00 საათზე (მოსკოვის დრო) უფლებამოსილებას მოიხსნის. კოკოითის თქმით, ბიბილოვმა საკუთარ ხალხს ომი გამოუცხადა.

კოკოითის პოლიტიკას, ჯერ კიდევ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, აქტიურად აკრიტიკებდა ჟურნალისტი თემურ ცხურბათი. მას რამდენიმე წლის წინაც, ცხინვალის ცენტრში, სასტიკად სცემეს.

რადიო თავისუფლების არქივიდან: მეგობრობა გამყოფი ხაზების მიღმა