„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოში, შესაძლოა, ვერ ჩამოვიდნენ „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI), „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა“ (NDI) და ევროპარლამენტის დამკვირვებლები.
„დღევანდელი მდგომარეობით, ვფიქრობთ, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობით ჩამოვლენ დამკვირვებლები საქართველოში ეუთოდან, ოდირიდან და სხვა საპარლამენტო ასამბლეებიდან. ევროპის საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებლების საკმაოდ მასშტაბური ვიზიტიც იგეგმება. არის მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა, სადაც განიხილება დამკვირვებლების არჩამოსვლის საკითხი. ეს არის IRI და NDI, ევროპარლამენტი, სადაც ჯერ კიდევ ადგენენ წესებს, ზოგადად, არჩევნების დაკვირვებასთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყანაში“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის თქმით, დამკვირვებლებისთვის გათვალისწინებულია მხოლოდ PCR-ტესტირება და მათ ხელისუფლება შესთავაზებს განსხვავებულ პირობებს. მათ შორის, შეიძლება ორგანიზება გაუკეთდეს სპეციალურ ფრენებს, რათა დამკვირვებლებს საქართველოში ჩამოსვლა გაუადვილდეთ.