ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში, 2020 წელს 4%-ით მეტი აბიტურიენტი გააგრძელებს უნივერსიტეტებში სწავლას, ვიდრე გასულ წელს.
"შარშან სტუდენტი გახდა რეგისტრირებულ აბიტურიენტთა 71%, წელს კი - 75%. ასე რომ, ამ თვალსაზრისით წელს უკეთესი მდგომარეობა გვაქვს", - აცხადებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე.
ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხა 29 614 სტუდენტი. სახელმწიფო გრანტი 6 550-მდე გამოსაცდელმა მოიპოვა:
- 100%-იანი დაფინანსება მიიღო 1 000-ზე მეტმა;
- 70%-იანი დაფინანსება - 1500-მდე;
- 50%-იანი გრანტი კი 4000-ზე მეტმა აბიტურიენტმა დაიმსახურა.
2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყო და 25 ივლისს დასრულდა. დარეგისტრირებული იყო 39 300-ზე მეტი აბიტურიენტი, გამოცდებში მონაწილეობა მიიღო 94 %-მა.