ამ დრომდე გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა გენერალურ პროკურატურასთან, მათი თქმით, გამაფრთხილებელი აქცია გამართა. ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სატელიტიდან გადაღებული სურათების საქმეში ჩართვას ითხოვს, რომელიც აჩვენებს, რა დროის განმავლობაში იდგა გარდაცვლილის მანქანა იქ, სადაც იპოვეს. ოჯახის კიდევ ერთი მოთხოვნა საქმეზე არსებული მუხლის შეცვლა და მკვლელობის მუხლად გადაკვალიფიცირებაა. ბაჩალიაშვილის ოჯახის განცხადებით, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, აქციები პერმანენტულ სახეს მიიღებს.
"პირველ რიგში, დადონ სატელიტური სურათები, სადაც გამოჩნდება, იდგა თუ არა მანქანა იქ, სადაც იდგა. მეორე, ამ სატელიტური სურათების საფუძველზე მოხდეს მუხლის გადაკვალიფიცირება მკვლელობის მუხლად და შემდგომ დასახელდეს ის მკვლელი, თუ მკვლელები, სავაურადოდ, სამ მაღალჩინოსანზე როცაა საუბარი", – ამბობს თეონა თამაზაშვილი.
30 აგვისტოს გამართულ აქციაზე ბაჩალიაშვილის დედამ თურქეთისა და აზერბაიჯანის მთავრობებსაც მიმართა თხოვნით, დაინტერესდნენ და საქართველოს მთავრობას მოსთხოვონ იმ სამი მაღალჩინოსნის ფაილები, რომლებიც, თეონა თამაზაშვილის თქმით, ჩართულნი იყვნენ ყარაბაღის იარაღით მომარაგებაში. გარდაცვლილის დედის თქმით, თამარმა სწორედ ეს სქემა გაშიფრა და ამ გადარიცხვებში იყო ჩართული.
ბაჩალიაშვილის ოჯახი პროკურატურის მიერ 27 აგვისტოს გამოქვეყნებული ვიდეოს სრულ ჩანაწერსაც მოითხოვს, სადაც სუს-ის სამი მანქანის გადაადგილებაა ნაჩვენები.
მთავარმა პროკურატურამ 27 აგვისტოს გამოაქვეყნა განცხადება და ვიდეოჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სამი მანქანა რუსთავის გზატკეცილზე, თამარ ბაჩალიაშვილის მანქანის უკან მხოლოდ გზის გარკვეულ მონაკვეთზე აღმოჩნდა. უწყების მტკიცებით, ეს სამი მანქანა იმ დროს, როცა თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროსკენ მიდიოდა, გაჩიანიდან შავნაბადას სპეცდანიშნულების რაზმის საწვრთნელი ბაზის მიმართულებით გადაადგილდებოდა.
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მანქანის გადაადგილების ამსახველი მხოლოდ მცირე მონაკვეთი გამოაქვეყნა.
თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.
გარდაცვალებიდან 40 დღეზე მეტის გასვლის მიუხედავად, ამ დრომდე არ არის ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზის შესახებ. ოჯახი გამოძიების პროცესს ეჭვით უყურებს.
ამავე თემაზე: "ჰიუნდაის" წარმომადგენლები მონაწილეობას მიიღებენ ბაჩალიაშვილის ავტომობილის ექსპერტიზაში
ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი ექსპერტიზის შუალედური დასკვნის შედეგებს ასაჯაროებს
FBI-სა და ექსპერტიზის ბიუროს პასუხები თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე
რა ვიცით 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის შესახებ