სამხრეთი ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის პარლამენტის წევრები აპირებენ შეწყვიტონ შვებულება და 29 აგვისტოს იმსჯელონ ცხინვალში შექმნილი ვითარების შესახებ, რომელიც მკვეთრად დაიძაბა მილიციის მიერ ნაცემი ინალ ჯაბიევის გარდაცვალების შემდეგ.
დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტი ასევე აპირებს განიხილოს გენერალური პროკურორის გადადგომის საკითხი, რასაც ასევე მოითხოვენ ჯაბიევის გარდაცვალებით აღშფოთებული მოქალაქეები.
28 აგვისტოს დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა პირობა დადო, რომ სამართალდამცავი სტრუქტურები ობიექტურად გამოიძიებდნენ ახალგაზრდა კაცის გარდაცვალების გარემოებას და, რომ „ამ საქმეს პირად კონტროლზე აიყვანდა“.
„ბიბილოვმა შესაბამის უწყებას დაავალა მასალების როსტოვში, ექსპერტიზაზე გაგზავნა, რათა გამოირიცხოს ყოველგვარი ეჭვი. გარდაცვლილის ნათესავებსაც შეუძლიათ როსტოვში გაყოლა. გენერალურ პროკურორს დაევალა, უმოკლეს ხანში იქნას გამოძიებული მომხდარი დანაშაული“, - განაცხადა დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერმა ალან ტადტაევმა დეპუტატებთან გამართული შეხვედრის დროს.
ცხინვალში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა 28 წლის ინალ ჯაბიევის სიკვდილს.
იუწყებიან, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან სქმეთა მინისტრზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ახალგაზრდა, იზოლატორში ცემით მოკლეს.
28 აგვისტოს დე-ფაქტო პრეზიდენტმა ბიბილოვმა თანამდებობიდან გადააყენა შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ ნანიევი და დაითხოვა მთავრობა.