მეუფე ნიკოლოზი ფიქრობს, რომ ხელოვნური განაყოფიერებით დაბადებული ბავშვი ბედნიერი ვერ იქნება

ახალქალაქის, კარისა და კუმურდოს მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ფიქრობს, რომ ხელოვნური განაყოფიერებით დაბადებული ბავშვები ბედნიერები ვერ იქნებიან. მეუფე მედიას სუროგაციასთან დაკავშირებით მას შემდეგ ესაუბრა, რაც იუსტიციის მინისტრმა ამ პროცედურის ჩასატარებლად დამატებითი შეზღუდვები დააწესა.

"ერთი ბავშვის დაბადებას რამდენიმე ბავშვი ემსხვერპლება ხოლმე და როგორ იქნება ეს ბავშვი ბედნიერი?! ერთი ხელოვნურად განაყოფიერებული ბავშვი, არის რამდენიმე სხვა ბავშვის სიცოცხლის ფასად... როდესაც ხელოვნური განაყოფიერება ხდება, ერთდროულად ნაყოფიერდება რამდენიმე კვერცხუჯრედი, ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვი ჩასახულია, სული მინიჭებული აქვს და მერე ის რამდენიმეს სიკვდილი ერთის გადასარჩენად, ვისაც როგორ უნდა, ისე გააკეთოს", - განაცხადა მან.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებისგან მსგავსი შინაარსის განცხადებები ისმის. ასე იყო 2014 წელსაც, პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში ითქვა, რომ: "პრობლემატურნი იქნებიან ის ბავშვებიც, რომლებიც ხელოვნური განაყოფიერებით დაიბადნენ და მათი სიცოცხლე მრავალი ემბრიონის განადგურების შედეგად განვითარდა".

მაშინ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ეპისტოლეს ეს ნაწილი პრობლემურად აღიქვეს და აღნიშნეს, რომ ასეთი განცხადებებით სუროგაციით დაბადებული ბავშვი ბულინგის მსხვერპლი შეიძლება გახდეს.