ბოროტი მამები

ბერძენთა გაერთიანებული ლაშქრის მეთაურს, პრაგმატულ აგამემნონს ტრაგიკული დილემის წინაშე მოუწია დადგომა: იმისათვის, რათა ზურგის ქარი ჰქონოდათ ტროასკენ მიმავალ ბერძნებს (რაც ტროის ომში ბერძნების გამარჯვების საწინდარი უნდა ყოფილიყო), მას ღმერთების ნება უნდა აღესრულებინა - საყვარელი შვილი შეეწირა ქალღმერთ არტემიდესთვის...

აგამემნონს არჩევანი უნდა გაეკეთებინა: ან ღმერთები (და ხალხი) განერისხებინა, ან ქალიშვილი დაეკლა ომში გამარჯვებისთვის.

და მეფემ გადაწყვიტა: შვილი პოლიტიკას უნდა შესწირვოდა. მამის პოლიტიკური პატივმოყვარეობისა და დიდების საფასური ქალიშვილის სიცოცხლე უნდა გამხდარიყო.

აგამემნონმა ქალიშვილის სიკვდილით მამა მოკლა საკუთარ თავში და ათი წელი იბრძოლა, რათა ტროა აეღო. უკვე გამარჯვებულს და შინ დაბრუნებულს კი ცოლმა კლიტემნესტრამ მოუსწრაფა სიცოცხლე ბოლო განბანვის ჟამს, რადგან ის მთელი ათი წელი ელოდა, რომ ქალიშვილის მკვლელი ქმარი დაესაჯა. თუმცა ეს ამბავი აგამემნონის სიკვდილით არ დასრულებულა, უფრო სწორად, ატრიდთა ციკლური ტრაგედია კი დამთავრდა ესქილეს მიერ აღწერილი ღვთაებრივი სასამართლოთი, მაგრამ სინდრომი, რომელსაც აგამემნონის სახელს უწოდებენ, ამა თუ იმ ფორმით დღემდე დრამატულად აქტუალურია, რადგან შვილებს ახლაც კლავენ ბოროტი მამები...

დესპოტი და ეგოისტი მამები ძალაუფლებას სწირავენ თავიანთ შვილებს - გინდა ლოკალური, ოჯახის დესპოტი იყოს ძალაუფლების მფლობელი და გინდა საერთოდ ქვეყნის - აგამემნონივით, მთავარი აქ მამის სისასტიკე, ეგოცენტრულობა და პატივმოყვარეობაა.

თუმცა მსხვერპლშეწირვას შესაძლოა სხვადასხვა ფორმა ჰქონდეს - მაგალითად, შვილზე ზრუნვის და მისი სიყვარულის, როგორც ეს მტკივნეულად გამოცოცხლებულ ბელარუსში ხდება, სადაც დიქტატორი დრომოჭმული ძალაუფლების მკვდარ ღმერთს სწირავს თავის 15 წლის შვილს.

ალბათ, ბევრმა ნახა, როგორ გადაჰყურებდა რევოლუციური ბელარუსის პრეზიდენტი "დაცარიელებულ" ქალაქს ვერტმფრენიდან, როგორ მიმართა სპეც-რაზმელივით გამოწყობილ-შეიარაღებულ შვილ კოლიას - აგერ შენი შეეშინდათ და ვირთხებივით დაიფანტნენო, და შემდეგ როგორ ჩამოჯდა პრეზიდენტის სასახლის ერთ-ერთ უკაცრიელ დარბაზში, მაგიდაზე ჩამოდებული ვაზნამოხსნილი ავტომატით (ესეც ნიშანდობლივია - ვაზნა რომ მოუხსნეს, ყოველი შემთხვევისათვის), იმავე მრგვალ მაგიდასთან გაჯგიმული ლოყაწითელი თინეიჯერი შვილითურთ, ვისაც ასევე ავტომატი ჩამოედო სკამთან - ძალაუფლების ლიგიტიმაციის ილუზიის შესაქმნელად...

და ეს ყველაფერი XXI საუკუნის შუაგულ ევროპაში...

ალბათ, ოდესმე სვეტლანა ალექსიევიჩი აუცილებლად აღწერს ბელარუსში მიმდინარე ისტორიულ მოვლენებს (რომელსაც ახლა დასაკითხად იბარებენ დიქტატორის პროკურატურაში), მაგრამ დაცარიელებული სასახლე, ჯერაც საკმაოდ ძლიერი, თუმცა მარტოხელა და ამიტომ კიდევ უფრო გასასტიკებული პრეზიდენტი, ჩაცმულობითაც კი მამის ტყუპისცალად ქცეული შვილი (ბავშვობიდან რომ თან დაჰყავს ყველა ღონისძიებაზე და ყოველთვის მამასავით მოსავენ - პიჯაკ-ჰალსტუხით თუ როგორც ახლა, სპეც-ჯარისკაცივით... ერთი მამის მსგავსი ულვაში არ წამოზრდია მცირე ასაკის გამო, თორემ არც ამაზე იტყოდნენ უარს) მარკესს უკვე აღწერილი აქვს თავის უკვდავ რომანში "პატრიარქის შემოდგომა", სადაც დიქტატორივით მინიატურულ მუნდირსა და ქუდში გამოწყობილ შვილ მიკრო-დიქტატორს შემზარავ მომავალს უქადის განგება...

მთელ ამ ჯერაც გადაუწყვეტელ ისტორიულ პროცესში ყველაზე საბრალო სწორედ ეს კოლიაა - თავადაც რომ ვერ ხვდება, როგორ უნგრევს ცხოვრებას მანიაკი მამილო-ბაწკა, და თუ ცხოვრებას არა, ფსიქიკას ერთმნიშვნელოვნად; როგორ სწირავს შვილს მსხვერპლად ძალაუფლებისა და საყოველთაო სიძულვილისთვის. ამ დროს კი, აქამდე დარწმუნებული იქნებოდა (და შეიძლება ახლაც ასე სჯერა), რომ თავისი პირადი ქვეყანა პრეზიდენტის სასახლეში ავტომატით მოხტუნავე (გეგონება, ვირტუალური "ომობანა" უნდა ეთამაშა მამასთან ერთად ტელე-კამერების წინ) კოლიასთვის უნდა გადაეცა სამარადჟამოდ, რადგან დიქტატორს ვერაფრით წარმოედგინა, რომ ვინმე სხვისთვის "დაეტოვებინა" ცხრა მილილიონიანი ქვეყანა... აბა, კოლიას თუ არა - ვისღა? ბელარუს ხალხს? და ვინაა და საერთოდ რას ნიშნავს ბელარუსი ხალხი, თუკი ავტოკრატს კერძო საკუთრებად მიუჩნევია "მიწის ეს ნაგლეჯი" (განა ჩვენთანაც ასე არ ფიქრობენ ქართული წარმოების ავტოკრატ-მამები)?!

"იღბლიანი" კოლია ახლა მართლაც აგამემნონის შვილის მდგომარეობაში აღმოჩნდა - მას ცხოვრება წაართვეს, ის მამამისის სიხარბის და განუზომელი ამბიციის მსხევრპლია, თუმცა რამდენად პრაგმატულია ეს ამბიცია, სხვა საკითხია... საბოლოოდ ხომ ვერც აგამემნონი დარჩა მოგებული, რადგან ისტორიას თავისი კანონები ჰქონია: ყოველთვის ყველაფერს ვერ მართავ, საკუთარ თავსაც კი ვერ ფლობ, არათუ ქვეყანას ან ბედს მით უმეტეს, ამიტომ თუკი უულვაშო კოლიას მსგავსად, ბიოლოგიურ შვილს შეუჭამ ბიოგრაფიას, ადრე თუ გვიან ისტორია (ან, გნებავთ, ისტორიული მოძრაობის ინსტინქტი) სხვა, ახალ შვილებს შექმნის, რათა მათ ტარტაროზში გადაისროლონ ისტორიულად მკვდარი დიქტატორი...

თუმცა ბოროტი მამები დღეს მაინც მყარად დგანან თავიანთ მორყეულ ფეხებზე, ხოლო საბრალო კოლიამ ჯერ კიდევ არ იცის, რომ მისი მთავარი მტერი "მოსიყვარულე" მამაა...