პროკურატურა განმარტავს, რატომ მოძრაობდა სუს-ის მანქანები ბაჩალიაშვილის მანქანის უკან

საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილს გარდაცვალების დღეს გზის გარკვეულ მონაკვეთზე მართლაც მიყვებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების მანქანები. უწყება განმარტავს, რომ ისინი სხვა მიმართულებით გადაადგილდებოდნენ და მხოლოდ გზის გარკვეულ ნაწილში აღმოჩნდნენ ბაჩალიაშვლის მანქანის უკან.

"გამოძიების მიერ მოპოვებული ვიდეოჩანაწერებით დასტურდება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბალანსზე რიცხული 3 ავტომანქანა გაჩიანიდან შავნაბადას სპეცდანიშნულების რაზმის საწვრთნელი ბაზის მიმართულებით გადაადგილდებიან. აღნიშნული ავტომანქანები რუსთავის გზატკეცილზე, მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთზე აღმოჩნდნენ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის უკან, რის შემდეგაც თბილისი-მარნეულის გზატკეცილიდან აღნიშნულმა ავტომანქანებმა გადაუხვიეს გზიდან და შევიდნენ შავნაბადას საწვრთნელ ბაზაზე, ხოლო თამარ ბაჩალიაშვილმა კუთვნილი ავტომანქანით შეუფერხებლად გააგრძელა გადაადგილება ჯერ ფონიჭალის მიმართულებით, ხოლო შემდეგ თბილისი-მარნეულის გზატკეცილზე", - აცხადებენ პროკურატუაში და ვიდეომასალას ავრცელებენ.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ გარდაცვალებამდე ბაჩალიაშვილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მანქანები მიყვებოდნენ.

23 წლის პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ოთხდღიანი ძებნის შემდეგ იგი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდგარ საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

გამოძიებამ მეორე დღესვე თქვა, რომ მის პირად ავტომობილში აღმოჩენილი იყო წნევისა და გულის მედიკამენტების კვალი, გაუჩინარებამდე კი ინტერნეტში საძილე მედიკამენტებს ეძებდა. ამ ინფორმაციის გავრცელებამ ოჯახის წევრების უკმაყოფილება გამოიწვია, ისინი ამბობდნენ, რომ გამოძიება ამგვარი ფაქტებზე აქცენტირებით მხოლოდ თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობის შთაბეჭდილებას ტოვებდა.

საქმის გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა, ცხედრის პოვნიდან მეორე დღეს, 24 ივლისს, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს დაემატა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც.

ამავე თემაზე: ბაჩალიაშვილის დედის თქმით, საქმეზე რამდენიმე პირი ხელახლა გამოიკითხება

ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორი: სამედიცინო ექსპერტიზისთვის საჭირო გარემოებები დადგინდება