„თქვენ შეიძლება ბევრი მკითხეთ, მაგრამ მე ცოტა გითხარით იქიდან გამომდინარე, რომ თავსაც ვიზღვევ. რაც ვთქვი, ეგ დახმარებაც თუ გაუწიეს მოსახლეობას, მადლობელი ვიქნები”, - უთხრა რადიო თავისუფლებას აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის ახლოს მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქე ქალმა, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა არჩია და ის კი, რაც თქვა, ეხებოდა გალის მოსახლეობისთვის პენსიების მიწოდებას ვითარებაში, როცა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორია დღეს სრულ იზოლაციაშია და გალის მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის პენსიის აღება შეუძლებელია.
რადიო თავისუფლების რესპონდენტმა, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს, „დილის საუბრების“ ეთერში აგრეთვე თქვა, რომ თავს დაუცველად გრძნობს.
გადაცემაში მან ოკუპაციის ხაზის ახლოს და ოკუპირებულ გალში მცხოვრები ადამიანების მძიმე ყოფაზე ილაპარაკა. მან ტელევიზიით შეიტყო ორი დღის წინ გალის რაიონის მცხოვრები კაცის მდინარე ენგურში დახრჩობის შესახებ:
„რაც ჩვენს მხარეს ხდება და ოკუპირებულ ზონაში, არის გაუსაძლისი. ის ადამიანი, რომელზეც მე წუხელ ტელევიზიით გავიგე, ალბათ ძალიან შეწუხებული იყო პროდუქტების გამო და გადმოდიოდა საწყალი ენგურზე. როგორც ჩანს, ენგური იყო ძალიან დიდი და ამის გამო მოხდა ეს ტრაგედია.
თუმცა, რა ვიცი, ეს მაინცდამაინც მნიშვნელოვანი არ არის ჩვენი, საქართველოს მხარისთვის. ისედაც შეზღუდული გვქონდა გადასვლა და გადმოსვლა, ამ ეპიდემიამ მთლად იზოლირებული გახადა იქაური მოსახლეობა.
მე, მაგალითად, მყავს: ძმა, ძმისშვილები, და, დისშვილი მყავს, მული, ქმრის ყველა ნათესავი მანდ [გალში] ცხოვრობს და ყოველდღე გვიკავშირდებიან. გაუსაძლისი პირობები აქვთ. სიძვირეა ძალიან. აქეთ გადმოსვლა, აი, ასეთი ტრაგედიით მთავრდება ხოლმე, თუ ვინმე რისკზე წავა. აქედან გამომდინარე, ვეღარ უძლებენ ცხოვრებას.
ჯერ ზაფხულია და კიდევ ასე ამბობენ: არა გვიშავს, პამიდორი მაინც გვაქვს და იმას მაინც შევჭამთო, მაგრამ ზამთარში გაუსაძლისი პირობები იქნება, შიმშილი გვემუქრებაო, - ასე გვეუბნებიან ხოლმე.
ეს - სოფლებში, მაგრამ, წარმოიდგინე, შიგ გალის რაიონში, სადაც ნათესაობა მყავს, ვისაც ბოსტნისთვის ტერიტორია არ აქვს, მხოლოდ ჩაიზე არიან. გვირეკავენ ხოლმე... ხორცი საერთოდ სანატრელია მაგათთვის და სხვა რაღაცა.
პამიდორი იმიტომ ვახსენე, რომ სოფლის მოსახლეობას ის მაინც აქვს დარგული და ცოტა თხილის შემოსავალიც ექნება, მაგრამ თხილიც გაუფასურდა. ახლა თუ შეჭამენ, ზამთარში რაღა რჩებათ მერე. ძროხა რომ იყოლიონ, ამას ხომ უნდა საჭმელი?..
რაც ზამთარში ემუქრებათ, იმაზე უფრო მეტად ფიქრობენ, ვიდრე დღევანდელ დღეზე.
შაქარზე და რაღაც ელემენტარულზე რომ ადამიანი გადმოდის და ენგურს გადმოლახავს, რომ ჩაი მაინც დალიოს და აქ რომ ადამიანი იღუპება, ეს ხო ქვეყანა არ არის!“.
„დილის საუბრების“ რესპონდენტის თქმით, გალის მოსახლეობას გადაადგილება ორივე მხრიდან შეზღუდული აქვს. არა მხოლოდ საქართველოს მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, სოხუმის მხარეს წასვლაც უჭირთ - ფინანსურადაც და ბევრს საბუთების გამოც პრობლემა ექმნებათ:
„იქითა მხარე გადმოდიოდა და პროდუქტი გადაჰქონდა აქედან. ამით იკვებებოდა ეს მოსახლეობა. ზუგდიდში ყველაფერი ძვირია, მაგრამ ამაზე უფრო ძვირი რომ არის გალში, წარმოიდგინეთ, რა ღირებულება ექნება მაგათთვის. არ აქვთ შემოსავალი, არ აქვთ სამსახური“.
რაც შეეხება ე.წ. კონტრაბანდულ სავაჭრო ურთიერთობებს, რადიო თავისუფლების ეთერის სტუმარი ამბობს:
„ჩემს მხარეზე არ შემიძლია, რომ ეს დავადასტურო, მაგრამ ვიცი მხარე, სადაც გადის და გადმოდის ეგეთი.
„პატრიოტთა ალიანსი“ ხომ შეიყვანეს ძალიან მშვენივრად! ხალხი რატომ აღარ უნდა გადავიდეს და გადმოვიდეს?!
კვირაში ერთ თუ ორ დღეს ნიშნავენ. ინფორმირებული არ არის მოსახლეობა.
მაგალითად, ვისაც პასპორტი აქვს და გადმოსვლა სჭირდება ძალიან, ძალიან საჩქაროდ, ათი ადამიანის საბუთი უნდა წამოიღოს, პენსია რომ აიღოს. თუ აქვს მინდობილობა, ესეც საკითხავია...
ვიცი, რომ ინფექციაა, ვიცი - კარანტინი და რაღაც, მაგრამ შემსუბუქდეს ეს კარანტინი დროში, იყოს ცოტა ნაკლები, რომ ამ ენგურზე არ გადავიდეს ადამიანი და აღარ დაიხრჩოს ერთი კილო შაქრის გულისთვის!“.
„დილის საუბრების“ რესპონდენტის თქმით, ხელისუფლებას მინდობილობის გასაფორმებლად ნოტარიუსის მომსახურების ხარჯის დაფარვა მაინც შეუძლია გალელებისთვის:
„თუ ხელისუფლების სურვილი იქნება, ყველაფერი მოგვარდება. პირველ რიგში: ელემენტარულად, პენსია ვერ აუღია მოსახლეობას. გუშინწინ დამირეკა ჩემმა მულმა, როგორმე ქენი, „სკაიპით“ დამაკავშირე შენთან, რომ პენსია ამიღოო.
ეს მაინც შეუმსუბუქონ მოსახლეობას, რომ ეს „სკაიპის“ ფული - 70 ლარი რაღაცნაირად მიაწოდონ მოსახლეობას. 220 ლარიდან 70 რომ ჩამოიქვითება, რაღა რჩება აქედან?
პენსია მაინც მიაწოდონ, თუ სურსათის მიწოდება აღარ შეიძლება. შავი გზით და შავი ხვრელით რომ გადადის, ძალიან ძვირია პროდუქტი.
ვიცი, რომ კვდება ჩემები. მე კი მაქვს ყველაფერი აქ, ვმუშაობ, ჩემი ბოსტანი მაქვს. ვერ ვაწვდი... თვითონ თუ აქვთ მონდომება, ყველაფერი გაკეთდება, ჩემო კარგო. მოსახლეობის ელემენტარული დაკმაყოფილება პენსიით. იმით მერე რაღაცას შეიძენენ. ამის მიწოდების გზა როგორმე უნდა გამონახონ პოლიტიკოსებმა, მთავრობამ, რა ვიცი, აბა...“.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობა გალის მოსახლეობაზე, ვისაც არც აფხაზური და არც რუსული პასპორტი არ აქვს, დროდადრო გასცემს ე.წ. ფორმა N9-ს, რომლითაც ადამიანს შეუძლია გადალახოს საკონტროლო-გამშვები პუნქტი:
„“დევიატი ნომერ ფორმას“ აძლევენ, მხოლოდ, სამ თვეში გამოსაცვლელად. ჩვენი ფულით 3000 ლარი ჯდება მაგის აღება. გადმოსვლის საშუალება რომ იყოს, იმ სამ თვეს მაინც ისარგებლებდნენ: რაღაცას გამოიტანენ, რაღაცას შეიტანენ, საარსებო პირობებს ცოტას გაიუმჯობესებენ.
მე ვიცი, იმდენი რამე გადადიოდა აქედან, მთელი დასავლეთი საქართველოსი, თურქეთის პროდუქტი. ალბათ, სოხუმშიც მიდიოდა, მაგრამ გალშიც ხომ ჩადიოდა ეს და ჩვენს მოსახლეობასაც, რიგით მოქალაქეებს მიჰქონდა სავაჭროდ. ამით გაჰქონდათ თავი. ეს ყველაფერი ჩაიკეტა. სამუშაო არ არსებობს. არაფერი არ არის“.
გალში მცხოვრებისთვის პრობლემაა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების სტრუქტურებთან დაკავშირებაც, რადგან შეიძლება პრობლემის მოგვარების ნაცვლად უფრო გაირთულოს მდგომარეობა:
„მე რომ ნათესავი მიკავშირდება, ის მე მიკავშირდება. სხვისთვის მიმართვა არ შეუძლია. რომ დაუკავშირდა, ვერ მიიღო შედეგი და გაუთვალისწინებელი რაღაცები ხდება ხოლმე. წარმოიდგინე ასე ცხოვრება, დახურულ სივრცეში, ერთი გასასვლელი ადგილი - მარტო გალამდე. გალის იქით ამათაც აღარ შეუძლიათ წასვლა, რადგან იქ საბუთები ისინჯება და არავინ გაგატარებს სოხუმში, ანდა რით წავლენ, ფული არ არი...
იქაური პენსია 500 რუბლია [20,5 ლარი] გალის რაიონში. ტყვარჩელში და იქით უფრო მეტია. ყველას ეგეც არ აქვს. იქითა [ქართული] პენსია ვისაც აქვს, ჩვენ არ მოგცემთო და ერთი ამბავი იყო გალის რაიონში მაგის გამო.
ვინც მანამდე მოასწრო მაგის გაკეთება, იმას აქვს ორივე.
ახალ პენსიონერს აღარ ექნება იქაური პენსია. ჩვენ აღარ მოგცემთო, თუ იქ გაქვთო, იქით გადადით და იქ იცხოვრეთო. გადასვლა კი არ უნდა იმ ხალხს, იქ უნდა თავიანთი მიწა-წყალი“.
გალელებისთვის იზოლაციამ თხილის შემოსავლებიც შეამცირა:
„იქვე იყიდება, მაგრამ ზუგდიდში თუ ღირს თხილი 5-5,5 ლარი, იქ 3-3,5 ლარი გამოდის. მიწის გადასახადიც იმდენი აქვს მოსახლეობას, რომელიც ყოველ წელს ორმაგდება. მიწა არ აქვთ გაფორმებული და მოსახლეობა იხდის მიწის გადასახადს. ეს თხილის შემოსავალი ზამთრამდე გაყვება ადამიანს?“.
„დილის საუბრების“ რესპონდენტი თვლის, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა გამონახოს გზები გალელების დასახმარებლად:
„პროდუქტს ესენი ვერ შეიტანენ და მოსახლეობას ვერ დაურიგებენ, პოლიტიკური გადასახედიდან. მე არ ვარ პოლიტიკოსი, მაგრამ გზები ხომ უნდა გამონახოს მთავრობამ, ცოტათი მაინც რომ შეუმსუბუქდეს ქართველ მოსახლეობას იქაური ცხოვრება?
ისინი დარაჯად გვიდგანან იქ ჩვენ! ისინი დარაჯობენ ჩვენს მიწას და რაღაც ხომ უნდა გაკეთდეს პოლიტიკურად?!
ელემენტარული პენსია რომ გახდა სანატრელი მოსახლეობისთვის, მაგის მერე რაღა უნდა გითხრათ? რა გეგმებზე უნდა გელაპარაკოთ? თვითონ უნდა იფიქრონ და გააკეთონ ეს!
ამბობენ, წამლები შეგვაქვსო და მოსახლეობას აღარ რგებია ეს. რომ გავიკითხე, თავის ტკივილის წამალი რომ გქონდეს, ოტობაიიდან გალში უნდა წავიდეს ადამიანი, 15 კილომეტრია მანძილი. წასვლა-მოსვლა ფული ჯდება, წამლის ღირებულებას აღარ იკითხავთ? საკვები მაინც მიეწოდოს იქაურ მაცხოვრებელს, პენსიის ხელშეწყობა მაინც ჰქონდეს“.
Your browser doesn’t support HTML5