მტკიცებულებების გაცნობის მოტივით 20 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმის გადადებას პროკურატურა ადვოკატის მხრიდან საქმის გაჭიანურების სურვილით ხსნის. ამის შესახებ პროკურორმა, ნანა გუგუტიშვილმა სხდომის გადადების შემდეგ განაცხადა.
"ჩვენ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება თითოეული ბრალდებულისა და კანონთან წინააღმდეგობაში მყოფი არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება", - განაცხადა პროკურატურამ.
მცხეთის რაიონულ სასამართლოში შაქარაშვილის საქმე დღესაც განიხილებოდა. იმის გამო, რომ ერთ-ერთი ბრალდებული - ზ.ხ. და მისი უფლებადამცველი არ ესწრებიან სხდომებს, საქმეში სახაზინო ადვოკატი ჩაერთო. საქმის გადადება სწორედ ამ სახაზინო ადვოკატმა საქმის გაცნობის მოტივით მოითხოვა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან, ექვსი არასრულწლოვნის საქმე გამოძიებამ ცალკე გამოყო. ამ ექვსი ბრალდებულიდან ოთხს, ნ.ც.-ს, ლ.შ.-ს, ნ.ქ.-ს, გ.მ.-ს, გამოძიება ედავება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ძალადობაში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას. ხოლო ორ ბრალდებულს, ზ.ხ.-სა და ა.ქ.-ს, გარდა ამ მუხლებისა, გამოძიება ედავება 109-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს, განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას.