მდინარე ენგურმა 70 წლამდე ასაკის მამაკაცის ცხედარი გამორიყა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიასთან. ზუგდიდის მერის წარმომადგენელმა ელგუჯა ბოკუჩავამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მისი ინფორმაციით, გარდაცვლილი ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ოქუმის მკვიდრია.
ორსანტიის მცხოვრებლებმა მამაკაცის ცხედარი 25 აგვისტოს, საღამოს შენიშნეს აფხაზეთის საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, მდინარის პირას. ვარაუდობენ, რომ ის ოკუპირებული აფხაზეთიდან დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე გადასვლას ენგურის გადაცურვით ცდილობდა.
საქართველოს შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.