11 წლის ავთომ თავი მოიკლა თუ მამას ცემაში შემოაკვდა, ეს ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს. ამ ეტაპზე, 49 წლის კაცს, შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანა ედება ბრალად. აი, რას წერს შსს ოფიციალურ განცხადებაში: „ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით გაირკვა, რომ ბრალდებული მის არასრულწლოვან შვილზე სისტემატურად ძალადობდა, რამაც სავარაუდოდ, არასრულწლოვანის თვითმკვლელობა გამოიწვია“.
თუმცა, ოჯახის ახლობლები და მეზობლები, მედიასთან საუბრისას, არ გამორიცხავენ, რომ კაცს შვილი ცემისას შემოაკვდა, შემდეგ კი მისი თვითმკვლელობის ინსცენირება გაითამაშა.
ბავშვის გარდაცვალების მიზეზის დასადგენად სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა სამხარაულის ექსპერტიზის დასავლეთ საქართველოს რეგიონულ დეპარტამენტში მიმდინარეობს. როგორც რადიო თავისუფლებას განუმარტეს ბიუროში, ექსპერტიზის პასუხები, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი.
ბებია: ჩემ გოგოს დაემუქრა, ფულს თუ არ გამომიგზავნი, შვილს ცოცხალს ვეღარ ნახავო
ავთო სოფელ ძევრში, თერჯოლის რაიონში, მამასთან და ბებიასთან ერთად ცხოვრობდა. დედა ცხრა წელია ემიგრაციაშია, დები კი დაქორწინებულები არიან. ავთო წელს მეექვსე კლასში უნდა შესულიყო, ჭიდაობაზე დადიოდა და როგორც მეგობრებს ეუბნებოდა, დედას სექტემბერში მისთვის „კვადროციკლი“ უნდა ეყიდა.
ავთოს ბებია (დედის დედა) ამბობს, რომ გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე, მისი სიძე დაემუქრა მის ქალიშვილს, რომ თუკი ფულს დროულად არ გამოუგზავნიდა, ბავშვს ცოცხალს ვეღარ ნახავდა. როგორც ქალი ამბობს, მისმა შვილმა დას და სიძეს დაურეკა, რომლებიც მეზობლად ცხოვრობენ და სთხოვა, ბავშვი სახლიდან გაერიდებინათ. ის ღამე 11 წლის მოზარდმა დეიდის სახლში გაატარა, თუმცა, ბებიის თქმით, მეორე დილით, მამამ შვილი სახლში ძალით წაიყვანა: „ჩემმა სიძემ მითხრა, მოვარდა, კარს წიხლებს ურტყამდა და იძულებულები გავხდით გაგვეტანებინაო“.
11 წლის ბავშვის ბებიის თქმით, სანამ მისი ქალიშვილი 9 წლის წინ ემიგრაციაში წავიდოდა, ის სისტემატური ძალადობის მსხვერპლი იყო, ამის შესახებ პოლიციაშიც არაერთხელ განაცხადა, თუმცა, მისი თქმით, ფაქტებს რეაგირება არ მოჰყოლია: „მხოლოდ ერთხელ ჩამოართვეს თოფი. პოლიციამ ყველაფერი იცოდა. მეზობლებიც მეუბნებოდნენ, დავიღალეთ მაგათი გაშველებითო“.
11 წლის ავთო 23 აგვისტოს, სავარაუდოდ, დღის საათებში გარდაიცვალა. ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობენ მეზობლები, რომლებიც თუკი გუშინ ღიად ლაპარაკობდნენ მედიასთან, რომ მამა ხშირად სვამდა და ოჯახზე ძალადობდა, დღეს ლაპარაკისგან თავს იკავებენ. მათი ნაწილი კი პირად საუბრებში ამბობს, რომ როდესაც 23 აგვისტოს, ბავშვის სიკვდილი შეიტყვეს და ეზოში შევიდნენ, ის უკვე სახლში ჰყავდათ დასვენებული და მისი ერთ-ერთი და ტყიბულიდანაც იყო ჩასული:
„ჩვენ არც მამის ყვირილი გაგვიგია, არც ბებიის კივილი. მისი სიკვდილის ამბავი მაშინ გავიგეთ, რაც დეიდა, რომელიც აქვე, მეზობლად ცხოვრობს, მათთან შევიდა და იკივლა, ათუკა მოკლაო. დეიდის ქმარი ამბობდა, რომ შევედით, მამა ტიროდა, მოვკალიო, მერე დაიწყო ტირილი, თავი მოიკლაო. ჩვენ რომ ეს ამბავი გავიგეთ, როგორც ჩანს, ბავშვი რამდენიმე საათის გარდაცვლილი იყო, რადგან, მისი და უკვე ტყიბულიდან იყო ჩამოსული. ბავშვი საოცრად მხიარული და კარგი ბუნების იყო. გამარჯობას რომ გეუბნებოდა, მთელი სახე უცინოდა. ბებია ამბობს, რომ ბავშვი თავად ნახა ეზოში, გარდაცვლილი. თუმცა, ძალიან საეჭვოა, რომ ამ სიცოცხლით სავსე ბავშვს თავი მოეკლა. დედას ელოდებოდა, ამბობდა, ახალი „კვადროციკლი“ უნდა მიყიდოს სექტემბერში და მერე თვითონაც მალე უნდა ჩამოვიდესო“.
მეზობლები ამბობენ, რომ კაცი ხშირად სვამდა და სისტემატურად ძალადობდა ცოლსა და სამ ქალიშვილზე. თუმცა, ბიჭზე ძალადობის ფაქტებს დღეს ვეღარ იხსენებენ:
„შვილს თან ყვებოდა. სამი ქალიშვილი ჰყავდა და ბიჭი ძალიან უნდოდა. ჩვენ არ გვინახავს, რომ ან ეცემა, ან რაიმე მსგავსი. თუმცა, ადრე, როცა სვამდა, ცოლსა და ქალიშვილებზე ძალადობდა ხოლმე. ამის შესახებ ყველამ ვიცოდით და როცა ნასვამი იყო, ჩვენც ვერიდებოდით. ოჯახში ჰქონდა დიდი გული, გარეთ არ იყო კონფლიქტური. ერთი პერიოდი ე.წ. "ამპულაც" ჰქონდა ჩადგმული და აღარ სვამდა. მერე როგორც ჩანს, ვადა გაუვიდა და ისევ დაიწყო დალევა“.
რა იცოდა სკოლამ, პოლიციამ, სოციალური მომსახურების სააგენტომ?
11 წლის ავთოსთვის ძალადობის კვალი ან მძიმე ემოციური მდგომარეობა, არასდროს შეუმჩნევია არც სკოლის დირექტორს, კობა ბარდაველიძეს და არც მის პედაგოგებს. პანაშვიდზე მისული დირექტორი ამბობს, რომ გარდაცვლილის მამა მშობელთა კრებებს სისტემატურად ესწრებოდა, ბავშვი კი სკოლაში ყოველთვის მოწესრიგებული დადიოდა და არც ხასიათის ცვლილება თუ რაიმე სახის დაზიანება ეტყობოდა:
„ჩვენ ვართ მცირე კონტიგენტიანი სკოლა, ყველა მოსწავლის სიტუაცია ვიცით და არ შეიძლებოდა, რომ ამგვარი სიტუაცია გამოგვრჩენოდა. ბავშვი იყო მშვიდი და წყნარი. არასდროს გაგვიგია, რომ მასზე მამა ძალადობდა“.
ის, რომ მამა შვილზე სისტემატურად ძალადობდა და სცემდა, ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს ავთოს დეიდამ 24 აგვისტოს დაუდასტურა. დეიდა და ის მეზობლები, რომლებიც მედიასთან საუბრისას ამბობდნენ, რომ 49 წლის კაცი შვილზე ძალადობდა, გამოკითხვაზე იმყოფებიან.
11 წლის ავთოს მეზობლები მედიასთან საუბრისას იმასაც ამბობდნენ, რომ ძალადობის ფაქტების გამო მათ ხშირად უწევდათ პოლიციის გამოძახება. თუმცა, იმას აღარ აკონკრეტებენ, პოლიციას ისინი ამ ბოლო პერიოდში იძახებდნენ თუ წლების წინ, როდესაც კაცი ცოლზე ძალადობდა.
რადიო თავისუფლება დაინტერესდა, იყო თუ არა საქმის კურსში პოლიცია და სოციალური მომსახურების სააგენტო ბავშვზე ძალადობის ფაქტების შესახებ. ამ ინფორმაციის მოწოდებას რადიო თავისუფლება შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ელოდება.
რაც შეეხება სოციალური მომსახურების სააგენტოს, იმერეთის რეგიონული სააგენტოს უფროსი სოციალური მუშაკი, ნათია წივწივაძე, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ამ ფაქტის შესახებ მათ ტელევიზიით შეიტყვეს. მისი თქმით, მთელი ამ წლების განმავლობაში, არც პოლიციიდან, არც სკოლიდან, არც სამედიცინო დაწესებულებიდან და არც კერძო პირებისგან, მათთან არანაირი შეტყობინება არ შესულა ბავშვზე ძალადობის ფაქტისა და ბავშვზე ძალადობის ეჭვის შესახებ:
„არც მეზობელს, არც ნათესავს, არც დეიდას, არცერთ უწყებას, ჩვენთვის არაფერი უცნობებია. ელემენტარული შეტყობინებაც კი, თუნდაც, ის, რომ ჰქონდათ ეჭვი ძალადობაზე, ამის შესახებ ჩვენთვის არავის არაფერი უცნობებია. დღეს რომ ლაპარაკობენ მეზობლები და ოჯახის წევრები, რომ მამა ბავშვზე ძალადობდა, ეს ინფორმაცია თუნდაც ეჭვის დონეზე რომ მოეწოდებინათ ჩვენთვის, ეს ტრაგედია არ დატრიალდებოდა“.
ნათია წივწივაძის თქმით, 24 აგვისტოს ის ესაუბრა შსს-ს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის წარმომადგენელს, რათა გადაემოწმებინა ინფორმაცია, ხომ არ შესულა მათთან შეტყობინება ბავშვზე ძალადობის ფაქტის შესახებ და ხომ არ გადამისამართებულა ეს შემთხვევა სოციალური მომსახურების სააგენტოში. თუმცა, როგორც ნათია წივწივაძე ამბობს, უწყებაში მას განუმარტეს, რომ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ბავშვზე რაიმე ტიპის ძალადობა ხორციელდებოდა, სამართალდამცავ ორგანოებს არ ჰქონდათ და შესაბამისად, ვერ მოხდებოდა ფაქტის გადამისამართება სოციალური მომსახურების სააგენტოში:
„ველაპარაკე სკოლის დირექტორსაც. მან თქვა, რომ სანამ პანდემია დაიწყებოდა, მამა ხშირად დადიოდა სკოლაში, ჩართული იყო საგანმანათლებლო პროცესში, ბავშვისთვის არ შეუმჩნევიათ პრობლემები, მას რაიმე ტიპის განსაკუთრებული საჭიროება არ ჰქონდა და შესაბამისად, სკოლის დირექციას და პედაგოგებს ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ გასჩენიათ“.
11 წლის ბიჭის გარდაცვალების ფაქტს სოციალური ქსელით გამოეხმაურა სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია. როგორც ის „ფეისბუკში“ წერს, საქართველოში ბავშვები ოჯახში თუ საჯარო სივრცეში, მარტონი არიან ძალადობის პირისპირ, რადგან:
„მათ არა აქვთ ინფორმაცია, ვის მიმართონ და რა მოითხოვონ, რადგან სკოლაში ამას არავინ ასწავლით; არ აქვთ გარშემომყოფთა იმედი, რადგან ბავშვს არავინ უსმენს და კიდევ უფრო იშვიათად უჯერებს; სოციალურ სამსახურს არა აქვს საკმარისი რესურსი, ხოლო სამართალდამცავ უწყებას ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის კვალიფიკაცია და მგრძნობელობა; ბავშვზე ზრუნვისა და დაცვის სისტემა არსებითი გამოწვევების წინაშე დგას; არ არსებობს ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ბავშვების მხარდაჭერის ეფექტური სერვისი, მინიმალურია მათთან ფსიქოლოგის ჩართულობა; არაერთი ინიციატივა ბავშვის უფლებების სწავლების თუ ოჯახში ძალადობისაგან დაცვის მექანიზმების მხარდასაჭერად რელიგიური თუ ფსევდო პატრიოტული წინააღმდეგობების გამო ფერხდება“.
ნინო ლომჯარიას თქმით, ხაზი უნდა გაესვას ყველა იმ პირის პასუხისმგებლობას, ვინც იცოდა ბავშვის მიმართ ძალადობის თაობაზე, არ დაიცვა, ან დატოვა ის მოძალადის ხელში.
გამოძიებამ 49 წლის კაცს ბრალი 25 აგვისტოს უნდა წარუდგინოს. თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11 წლის ავთოს დედა, რომელმაც შვილი უკანასკნელად 9 წლის წინ ნახა, საბერძნეთიდან 27 აგვისტოს ჩამოვა. მეზობლების თქმით, სწორედ ის გადაწყვეტს, როდის დაკრძალავენ ბავშვს. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით, ბავშვის დედას, სავარაუდოდ, ორკვირიანი კარანტინის გავლა მოუწევს.