26 წლის წინ, 1994 წლის 10 ივლისს, არჩევნების მეორე ტურში მიღებული ხმების 56 %-ით, მოგილევის ოლქის შკლოვსკის რაიონის საბჭოთა მეურნეობის, „გოროდეცის“, დირექტორი, ალექსანდრ ლუკაშენკა არჩეული იქნა ბელარუსის პირველ პრეზიდენტად, რის გამოც მას მალევე მოუწია მინსკში გადასვლა, თუმცა ცნობილი ფაქტია, რომ პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ლუკაშენკამ დედაქალაქში თან არ იახლა ცოლი, გალინა. ქვეყანაში გავრცელებული ხმების მიხედვით, ახალი პრეზიდენტის ამგვარი გადაწყვეტილებით შეშფოთებულ თანასოფლელებს უკითხავთ გალინასთვის, თუ რატომ არ მიდიოდა ქმართან, რაზეც ცნობისმოყვარე თანასოფლელებს ასეთი პასუხი მიუღიათ: ჩემი საშა ორ წელზე მეტხანს ვერსად ჩერდებაო. გალინა შეცდა: საშა ამ ადგილზე 26 წელი დარჩა და იმისათვის, რომ კიდევ 5 წლით დარჩეს, ხელში ავტომატი აიღო.
რას გვეუბნება ლუკაშენკას ავტომატი?
ბელარუსის ქალაქებში გამოსულმა ადამიანებმა, რომლებიც არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ, ავტომატიანი პრეზიდენტი მასხრად აიგდეს.
„ტანზე - ჯავშანჟილეტი, ხელში - ავტომატი, შარვალში - პამპერსი“ - ასეთი იყო სოციალური ქსელების რეაქცია.
მაინც რას უნდა ნიშნავდეს ავტომატიანი ლუკაშენკას გამოჩენა? რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს ბელარუსის შეიარაღებულ ძალებში საბრძოლო მზადყოფნის გამოცხადება? ხომ არ იწვევს ალექსანდრ ლუკაშენკა რუსეთის ჯარს ბელარუსში?
ამ კითხვების პასუხად პრაღაში დაფუძნებული ბორის ნემცოვის კვლევითი ცენტრის მკვლევარი, პოლიტოლოგი ალექსანდრ მოროზოვი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ თვითონ ლუკაშენკა არ შეეწინააღმდეგება რუსეთის საინფორმაციო, პოლიტიკურ-ტექნოლოგიურ და საკადრო გავლენას, არანაირი სამხედრო შეჭრა საჭირო არ იქნება.
„ლუკაშენკა არჩევნების პირველივე დღიდან, როგორც კი წააწყდა პროტესტს, გადავიდა მილიტარისტულ რიტორიკაზე. არჩევნების წინა კვირაც ასე იყო: ჩნდებოდა ჯარის რიგებში, ათვალიერებდა სამხედრო ნაწილებს, გადაჰყავდა სპეცრაზმი ერთი ადგილიდან მეორეზე... როგორც ჩანს, ეს მისთვის იმას ნიშნავს, რომ ვითარებას აკონტროლებს, რომ ის ძლიერია. ლუკაშენკას ამ ქცევას საგარეოპოლიტიკური განზომილება არ გააჩნია. არ ღირს ამ მანევრებისათვის დიდი მნიშვნელობის მინიჭება. ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ის ვაჭრობა, რომელიც ახლა მოსკოვსა და მინსკს შორის მიმდინარეობს“, - უთხრა ალექსანდრ მოროზოვმა რადიო თავისუფლებას.
ბელარუსში მიაჩნიათ, რომ ავტომატიანი ლუკაშენკას გამოჩენამ წყალში ჩაყარა რუსული პროპაგანდის ძალისხმევა დაერწმუნებინა მსოფლიო, რომ საპროტესტო მუხტი ბელარუსში ნელ-ნელა ქრება, სიტუაცია ნორმალიზდება.
რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის პოლიტიკური მიმომხილველის, იური დრაკახრუსტის, თქმით, ყველამ ნახა სურათი, რომელიც ანრგევს მთელ „რუსულ პოლიტტექნოლოგიურ სილამაზეს“:
„უმაღლესი მთავარსარდალი იარაღს იღებს ხელში მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, ზღვარზე ყოფნისას, და ამას არაფერი აქვს კავშირი ლეგენდასთან პროტესტის რეცესიის შესახებ. ჯარი პოლიცია არაა. პოლიციის ფუნქცია ჩახშობა, ნეიტრალიზაცია და აღკვეთაა. ყველამ ნახა, როგორ აკეთებდნენ ამას სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები 9-11 აგვისტოს, მაგრამ არმიას სხვა ფუნქცია აქვს: მოკლას მტერი. ლუკაშენკას გამოჩენა ავტომატით ხელში შეიძლება ნიშნავდეს, უბრალოდ, მზადყოფნას გახვრიტოს მორიგი ფსკერი“.
როგორც ჩანს, ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტრო ვეღარ უმკლავდება პროტესტს, რის გამოც ალექსანდრ ლუკაშენკა ცდილობს ხელისუფლების შესანარჩუნებლად ჯარი გამოიყენოს, რაზეც მეტყველებს ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მუქარანარევი განცხადება:
„ჩვენ არ შეგვიძლია გულგრილად ვუყუროთ იმას, თუ როგორ ხდება საპროტესტო აქციების ორგანიზება იმ დროშების ქვეშ, რომლებითაც ფაშისტები ახდენდნენ ბელარუსების, რუსების, ებრაელების და სხვა ეროვნებათა წარმომადგენლების მასობრივი მკვლელობების ორგანიზებას ჩვენთვის წმინდა ადგილებში. ჩვენ ამის დაშვება არ შეგვიძლია! ამიტომაც დღევანდელი დღიდან ვიღებთ პასუხისმგებლობას ამ ადგილების დაცვაზე. კატეგორიულად გაფრთხილებთ: მართლწესრიგის დარღვევის შემთხვევაში საქმე გექნებათ არა მილიციასთან, არამედ ჯართან!“
სწორედ ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს (და არა შსს-ს) აქვს ბლოკირებული მოედანი „მინსკი - გმირი ქალაქი“ - ობელისკის წინ, სადაც მიტინგები იმართება ხოლმე. ასევე ჯარის მიერაა ბლოკირებული „სახელმწიფო დროშის მოედანი“, სადაც მდებარეობს დამოუკიდებლობის სასახლე - ალექსანდრ ლუკაშენკას რეზიდენცია.
კოლმეურნის რთული გზა
გალინა ლუკაშენკასთან დაკავშირებული ამბავი შეტანილია ვრცელ ნაშრომში „ლუკაშენკას გზა ძალაუფლებისაკენ“ (1998 წ), რომლის ავტორი ცნობილი ბელარუსი პოლიტოლოგი და რადიო თავისუფლების თანამშრომელი, ვალერი კარბალევიჩია.
ალექსანდრ ლუკაშენკა პრეზიდენტად 1994 წლის 10 ივლისს აირჩიეს. არჩევნების წინ გამოქვეყნებული ბიოგრაფიის მიხედვით, 1985-87 წლებში ის იყო შკლოვსკის რაიონის ლენინის სახელობის კოლმეურნეობის პარტიული კომიტეტის მდივანი, 1987 წლიდან 1994 წლამდე კი იმავე შკლოვსკის რაიონის საბჭოთა მეურნეობის, „გოროდეცის“, დირექტორი, 1990 წლიდან ასევე იყო ბელარუსის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატი.
ვალერი კარბალევიჩის თქმით, ლუკაშენკამ ბევრგან და წარუმატებლად სცადა ბედი: იმუშავა კომკავშირში, საბჭოთა ორგანოებში, ჯარში, მრეწველობაში, სოფლის მეურნეობაში, მაგრამ ყველგან მეორე პლანზე იყო, ვიდრე „პერესტროიკამ“ არ მოუსწრო და თავის კოლმეურნეობაში არ დანერგა „არენდა“ და „სამეურნეო ანგარიში“. შედეგად, 2,2-ჯერ გაზარდა მეურნეობის მიერ წარმოებული პროდუქციის ღირებულება, გააორმაგა მარცვლისა და ხორცის წარმოება, წველადობა გაზარდა 1,5-ჯერ, რენტაბელობა გაზარდა 2,3 %-დან 47,3%-მდე, მოგება - 14,3 ათასი მანეთიდან 1686 ათას მანეთამდე. ასევე განაახლა პარკი, ააშენა აგურის და ასფალტის ქარხნები, დააგო გზები. ამ შედეგებისა და სხვა სახის აქტიურობის წყალობით ლუკაშენკას სახელი ცნობილი გახდა ჯერ რესპუბლიკის, შემდეგ კი კავშირის მასშტაბით. ვალერი კარბალევიჩის თქმით, ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა 1989 წლის არჩევნებში ნაჩვენები შედეგი: ბელარუსის მოქმედ პრემიერ-მინისტრ კებიჩთან დაპირისპირებისას ალექსანდრ ლუკაშენკამ ხმების 45,7 % მიიღო და სულ რაღაც 6 პროცენტით წააგო.
„პირველად აქ გამოავლინა ლუკაშენკამ საჯარო პოლიტიკოსის ნიჭი, აზარტულობა და რისკის უნარი. საზოგადოება მის მხარეს იყო, რადგანაც დაუპირისპირდა ნომენკლატურას, რომელიც იყენებდა ყველა ბინძურ ხერხს მის წინააღმდეგ. ამ დროს დაავადდა პოლიტიკით და, როგორც ჩანს, დაავადდა სამუდამოდ. ერთი წლის შემდეგ იოლად მოიგო არჩევნები, სადაც მისი მთავარი მესიჯი იყო ბრძოლა „უფროსობასთან“, ხოლო მოთხოვნა - „ხალხის ნამდვილი მმართველობა“, - წერს ვალერი კარბალევიჩი.
დიქტატურამდე დიქტატურის წინააღმდეგ
პარლამენტში კიდევ უფრო მწვავედ დაუპირისპირდა ნომენკლატურას. ამ დროს ლუკაშენკა საბაზრო ეკონომიკის მომხრეა, თუმცა რამდენიმე წელიწადში 180 გრადუსით მობრუნდება და იქცევა „კოლხოზ-სოვხოზის“ დამცველად. წლების შემდეგ საბჭოთა კავშირის დაშლასაც საუკუნის უდიდეს კატასტროფად ჩათვლის. არადა, დეპუტატად არჩეული ამტკიცებს, რომ „სუვერენიტეტზე უარის თქმა იქნება ბელარუსის ტანჯვის გაგრძელება“.
1991 წლის 15 მარტს „ნაროდნაია გაზეტაში“ აქვეყნებს თავის საპროგრამო სტატიას -„დიქტატურა: ბელარუსის ვარიანტი?“, რომელშიც ალექსანდრ ლუკაშენკა ნომენკლატურას ავტორიტარულ მმართველობაში სდებს ბრალს.
კომუნისტური პარტიიდან არ გადის, თუმცა რამდენიმე ათეულ დეპუტატს დემოკრატიული იდეებით აერთიანებს ფრაქციაში, სახელწოდებით „ბელარუსი კომუნისტები დემოკრატიისათვის“.
„გაიკეთა იმიჯი წესიერი, გულწრფელი და სამართლიანი პოლიტიკოსისა, ხალხის დამცველისა. 1993 წელს ირჩევენ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარედ. ლუკაშენკა არტისტულად იყენებს განწყობას და მოლოდინს, რომელიც არსებობდა საზოგადოებაში კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით“, - ერთი მხრივ, ლუკაშენკას ასეთი იმიჯი, მეორე მხრივ კი, ის, რომ ხალხი ოთხოვდა ცვლილებებს, რომლებიც ბელარუსს, სხვა საკავშირო რესპუბლიკებისგან განსხვავებით, არ შეხებოდა (ქვეყანას კვლავ საბჭოთა ნომენკლატურა მართავდა), ცვლილების ნოყიერ ნიადაგს ქმნიდა. შედეგად, 1994 წლის 10 ივლისს, არჩევნების მეორე ტურში, ალექსანდრ ლუკაშენკა იღებს ხმების 56 %-ს და ბელარუსის პრეზიდენტი ხდება.
ვალერი კარბალევიჩის თქმით, ეს იყო „სახალხო რევოლუცია“, რომელიც მიმართული იყო ერთდროულად როგორც ნომენკლატურის, ასევე ჩასახვის პროცესში მყოფი კერძო მეწარმეობის წინააღმდეგ. ამ დროისთვის ლუკაშენკა ერთსაც ებრძოდა და მეორესაც.
„ლუკაშენკას აქვს ძალაუფლებით შეპყრობილი ფანატიკოსის ყველა თვისება. მას არ ჰყავს მეგობრები, არ აქვს ნორმალური ოჯახი, აქვს მხოლოდ მიზანი - ძალაუფლება, რომლის გულისთვისაც მზად არის ყველაფრისთვის. ლუკაშენკას წარმოდგენით, პოლიტიკა ეს არის ნებისყოფისა და ხასიათების ბრძოლა. მტრების განადგურება, საჯარო მხილება იქცა ლკაშენკას საყვარელ საქმედ. „მტერომანია“, კონფრონტაციის ხელოვნური პროვოცირება, ვითარების დაძაბვა, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ტერორი - ასევე ლუკაშენკას იმიჯის ნაწილია“, - ვკითხულობთ ვალერი კარბალევიჩის ნაშრომში, რომლის მიხედვითაც, ალექსანდრ ლუკაშენკას არჩევას დაემთხვა მისთვის უკიდურესად ხელსაყრელი განწყობა საზოგადოებაში:
1996 წელს ბელარუსში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკვლევის მიხედვით, საზოგადოების 68,2 % ითხოვდა პოლიტიკური ოპონენტების შეზღუდვას, 40,4 % - განადგურებას, 48,2 % კი მხარს უჭერდა საპროტესტო აქციების წინააღმდეგ რეპრესიული მეთოდების გატარებას, რაზეც ლუკაშენკას არასოდეს უთქვამს უარი თავისი 26-წლიანი მმართველობისა და 6-ჯერ გამართული საპრეზიდენტო არჩევნების დროს.
ის არ იცვლება...
პრაღაში დაფუძნებული ბორის ნემცოვის კვლევითი ცენტრის მკვლევარი, პოლიტოლოგი ალექსანდრ მოროზოვი ამბობს, რომ ალექსანდრ ლუკაშენკას პროპაგანდის სისტემა საკმაოდ არქაულია და მისი მოდელი ძალიან ჩამოჰგავს გვიანდელი საბჭოთა კავშირისას, თუმცა, მოროზოვის თქმით, მოსკოვი უკვე ცდილობს ვითარების „გამოსწორებას“, რაზეც მეტყველებს კრემლის პროპაგანდის მთავარი ინსტრუმენტების („სპუტნიკი“, „როსია სეგოდნია“, „RT”) დიდი დესანტი, რომლის მთავარი ამოცანაა ბელარუსში შექმნილი ვითარების აღწერის სინქრონიზაცია რუსულ და ბელარუსულ სამთავრობო მედიებში.
„პუტინის პოზიცია გამოიკვეთა - აირჩია სტრატეგია, რომელსაც, ალბათ, გაჰყვება კიდეც. ამ სტრატეგიის მიზანია დაეხმაროს ლუკაშენკას გახლიჩოს პროტესტის მატარებელი საზოგადოება. აჩვენოს, რომ არსებობს „საკოორდინაციო საბჭო“ და არსებობს ასევე „ეროვნული ხსნის ფრონტი“, რომელსაც კრემლის მედია აქტიურად აშუქებს. კიდევ ერთი ამოცანა ოპოზიციის ლიდერების დისკრედიტაციაა. საუბარია საკოორდინაციო საბჭოს წევრებზე, საგაფიცვო კომიტეტებზე და, უბრალოდ, საზოგადო მოღვაწეებზე. კიდევ ერთი მიმართულება: ორი მხარის წარმოჩენა, რომ არის საკოორდინაციო საბჭო, მომიტინგეები და არის ალექსანდრ ლუკაშენკას მხარდამჭერთა მრავალრიცხოვანი არმია. აქცენტი კეთდება არა იმაზე, რომ უმრავლესობა ლუკაშენკას წინააღმდეგაა, არამედ იმაზე, რომ ორი მხარეა, ორი ძალაა და რომ საჭიროა ამ ორ ძალას შორის დიალოგი. ამისთვის ხდება კრემლის მედიის გადასროლა ბელარუსში და ამისთვის ხდება ადგილობრივი და რუსული მედიის სინქრონიზაცია“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ალექსანდრ მოროზოვმა, რომლის თქმითაც, კრემლის პროპაგანდა ასევე შეეცდება მომიტინგეებს მიაწეროს ის, რაც მათ არ აქვთ - რუსოფობია და სრული დამოკიდებულება დასავლეთზე:
„კრემლის წინაშე საჯარო კაპიტულაცია მეტისმეტად ასუსტებს ლუკაშენკას. 10-13 აგვისტოს გამოვლენილმა სადიზმმა მას დააკარგვინა ის ელექტორალური მხარდაჭერაც კი, რაც არჩევნებზე ჰქონდა. შესაბამისად, ის დასუსტდა ბელარუსების თვალში, კრემლის წინაშე კი ის დასუსტდა სუვერენიტეტის დაკარგვამდე. მიმაჩნია, რომ ლუკაშენკა ბელარუსის სუვერენიტეტს სწირავს თავისი ძალაუფლების შენარჩუნებას“.