ახალქალაქში საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, ენზელ მკოიანის ძმა, მარტუნ მკოიანი, რომლის მანქანაც 21 აგვისტოს ააფეთქეს, რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ მას ამ დრომდე სამართალდამცველები არ დაკავშირებიან.
მისთვის არც დაზარალებულის სტატუსი მიუნიჭებიათ და არც ფაქტის თვითმხილველები არიან დაკითხულები.
Your browser doesn’t support HTML5
მომხდარს მარტუნ მკოიანი თავისი პოლიტიკოსი ძმის, ენზელ მკოიანის საქმიანობას უკავშირებს და აცხადებს, რომ მას, როგორც ბიზნესმენს, პრობლემები არავისთან აქვს. ყოველწლიურად ბიუჯეტში 2 მილიონ ლარს გადასახადს იხდის და არც მტრები ჰყავს.
,,ჩემი ძმა 20 წელია პარლამენტის წევრია, მოახლოვდა არჩევნები და დაუწყეს ბრძოლა. რა დღეშია ქვეყანა თქვენც ხედავთ - სროლა, აფეთქება და სხვა დანაშაულები ხდება და პოლიცია ამ დროს რას აკეთებს? ჰესზე მივდიოდი, კიდევ კარგი რომ ჩემ მანქანას ორმაგი მინები აქვს და აწეული მქონდა, თორემ დღეს შეიძლება ცოცხალი არც ვყოფილიყავი" - იხსენებს მარტუნ მკოიანი და ამბობს, რომ იმ გზაზე, სადაც აფეთქება მოხდა, ხშირად დადის ბავშვებთან ერთად.
მმართველი პარტიის დეპუტატი, ენზელ მკოიანი კი ამბობს, რომ ნაღმი მიწაზე, ხესთან ახლოს იდო და მანქანის გავლას ელოდებოდა.
,,როგორც კი მანქანა გამოჩნდა, ასაფეთქებელი დისტანციურად აამოქმედეს, რის გამოც ჩემ ძმას სმენის პრობლემები შეექმნა. ორი დღეა, მე დავდივარ მასთან ერთად და ეგონათ, დღესაც ვიქნებოდი" - აცხადებს ენზელ მკოიანი.
მომხდარ ინციდენტზე პარლამენტის წევრმა განაცხადა, რომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ეს არ არის მასზე თავდასხმის პირველი შემთხვევა.
ასევე ნახეთ კობახიძე: ენზელ მკოიანს ესროლეს, რაზეც მან უპასუხა, მისი დაკავების საფუძველი არ არსებობსმკოიანი იხსენებს პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელთან დაპირისპირებას, რასაც ახალქალაქის ცენტრში სროლა მოყვა და მიიჩნევს, რომ მის წინააღმდეგ ბრძოლა სამველ პეტროსიანთან დაპირისპირებით დაიწყო და დღემდე გრძელდება:
,,ვის აწყობს ეს - ამ ყველაფერს ანდერძში დავწერ. მე ბევრი რამ ვიცი", - ამბობს ენზელ მკოიანი.
მომხდარს „დადგმულს“ უწოდებს 24 მარტს მომხდარი ინციდენტის მონაწილე სამველ პეტროსიანიც. ყოფილი პოლიციელი ფიქრობს, რომ გავლენა და ძალადაკარგული ჯერ კიდევ მოქმედი დეპუტატი ყურადღების მიქცევას და პოლიტიკური თავშესაფრის მოძიებას ცდილობს.
,,საეჭვოა, სულ ცოტა, ორი გარემოება - ენზელ მკოიანი ამბობს, რომ ძლიერი აფეთქების ტალღამ მომუშავე ,,მალიარები" შეაზანზარა, მაშინ როცა ერთი მინაც კი არ არის ჩამსხვრეული არსად. მეორე, ამბობს რომ აფეთქება დისტანციური პულტით მოხდა - ჯერ ეს ვინ დაადგინა და მეორეც, არ არსებობს, მექანიზმის ნამსხვრევი არ დარჩენილიყო სადმე. დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ ბევრ სიურპრიზს უნდა ველოდოთ, რადგან მან რაღაც ჩაიფიქრა და იმ გეგმას მიყვება" - აცხადებს სამველ პეტროსიანი.
დეპუტატის ძმის ავტომობილის აფეთქების ფაქტს "სისტემურ პრობლემად" აფასებენ პარტია „ევროპულ საქართველოში“. პარტიის ჯავახეთის ოფისში მიიჩნევენ, რომ ჯავახეთში მიმდინარე მოვლენები არის შედეგი ბიძინა ივანიშვილის იმ განცხადებისა, სადაც მან მოქალაქეებს მოუწოდა, რომ კრიმინალის გაზრდას გაგებით მოეკიდონ.
რაც შეეხება ენზელ მკოიანს, „თავად მოსთხოვოს ახლა პასუხი იმ ხალხს, ვინც მის საქმიანობებზე ადრე არ რეაგირებდა. პოლიცია არის გადართული საარჩევნო პროცესებზე და არა დანაშაულის აღკვეთაზე" -აცხადებს არსენ კარაპეტიანი.
მანქანის აფეთქება ახალქალაქში 21 აგვისტოს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯავახეთის ფილიალის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, რა დროსაც დაშავდა პარლამენტის წევრის ენზელ მკოიანის ძმა.
მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 229-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს აფეთქებას მძიმე დაზიანების, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის ან სხვა მძიმე შედეგის გამოწვევის მიზნით. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.