ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი ექსპერტიზის შუალედური დასკვნის შედეგებს ასაჯაროებს

გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის წინასწარ შედეგებს ასაჯაროებს. ამ ექსპერტიზას უნდა გაეცა პასუხი კითხვაზე, იყო თუ არა გარდაცვლილის სისხლში ალკოჰოლური, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული, მომწამლავი, ტოქსიკური ან სხვა ნივთიერებების კვალი. ექსპერტების შენიშვნის თანახმად, საკვლევად აღებული ბიოლოგიური ობიექტები განიცდიდა ლპობას და, სავარაუდოდ, ამის შედეგია ის, რომ მეთილის და იზოპროპილიც სპირტები არ აღმოჩნდა აღებულ ნიმუშებში.

დოკუმენტი, რომელსაც მიხეილ რამიშვილი ასაჯაროებს, არ არის ექსპერტიზის ბიუროს მიერ გამოძიებისთვის გადაცემული ოფიციალური დასკვნა, ესაა ამ დოკუმენტიდან ამოწერილი მნიშვნელოვანი ინფორმაცია თავად მიხეილ რამიშვილის მიერ. ადვოკატი ამბობს, რომ მას, როგორც დაზარალებულის დაცვის მხარეს, საქმის მასალების გაცნობის საშუალება მხოლოდ საგამოძიებო უწყებაში აქვს და ვინაიდან საქმის მასალების თან წამოღების უფლება არ აქვს, ამ გზით წამოიღო მისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ამ დოკუმენტში წერია, რომ თამარ ბაჩალიაშვილის სისხლში აღმოჩნდა საძილე, მაღალი წნევის და ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტების კვალი - დასახელებულია სულ 4 სხვადასხვა მედიკამენტი. ბიოლოგიურ ობიექტებში რაოდენობრივი ანალიზის შედეგები ექსპერტიზის საბოლოო დასკვნაში იქნება მოცემული.

დოკუმენტი ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ შსს-ს 18 აგვისტოს გაუგზავნა.

23 წლის პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ოთხდღიანი ძებნის შემდეგ იგი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდგარ საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

გამოძიებამ მეორე დღესვე თქვა, რომ მის პირად ავტომობილში აღმოჩენილი იყო წნევისა და გულის მედიკამენტების კვალი, გაუჩინარებამდე კი ინტერნეტში საძილე მედიკამენტებს ეძებდა. ამ ინფორმაციის გავრცელებამ ოჯახის წევრების უკმაყოფილება გამოიწვია, ისინი ამბობდნენ, რომ გამოძიება ამგვარი ფაქტებზე აქცენტირებით მხოლოდ თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობის შთაბეჭდილებას ტოვებდა.

საქმის გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა, ცხედრის პოვნიდან მეორე დღეს, 24 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს დაემატა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც.