შეუძლია თუ არა გამოძიებას შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების სიცრუის დეტექტორით დაკითხვა?

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის მამა, თამაზ ხომასურიძე მოითხოვს, რომ მისი შვილი, საქმეზე ბრალდებული სხვა პირები და საქმის მთავარი მოწმეები ე.წ. სიცრუის დეტექტორის, პოლიგრაფიული დეტექტორის საშუალებით დაიკითხონ.

ამ მოთხოვნით, თამაზ ხომასურიძემ და მისმა შვილმა შიმშილობა 18 და 19 აგვისტოს დაიწყეს. ამავე მოთხოვნით, შიმშილობა დაიწყო საქმის კიდევ ორმა არასრულწლოვანმა ბრალდებულმა, ლ.შ.-მ და ა.ქ.-მ.

თამაზ ხომასურიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ამ გზით, მას სურს საკუთარი შვილის სიმართლეში დარწმუნება:

„მე არ გამოვრიცხავ, რომ ჩემი შვილი მატყუებს, რადგან მე ემოციებით აღარ ვლაპარაკობ. მე უკვე განვსჯი ლოგიკურად. გამორიცხული არაფერია, იქნებ ჩემი შვილი მატყუებს. ამიტომ ვითხოვ სწორედ სიცრუის დეტექტორის მეშვეობით დაკითხვას, რომ მეც დავრწმუნდე. როდესაც ჩემმა შვილმა ჩემი კომენტარი ნახა ტელევიზიით, მაშინვე აიტაცა და მოითხოვა, დამკითხონ დეტექტორის საშუალებითო. მე ის გავაფრთხილე, ხომ იცი, ერთი ტყუილიც რომ თქვა, მაშინვე დააფიქსირებს დანადგარი-მეთქი და სიმართლეს ვიტყვი ყველაფერსო“.

აღნიშნულ მოთხოვნაზე, 20 აგვისტოს, მცხეთის რაიონულ სასამართლოსთან კომენტარი გააკეთა საქმის პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა. მისი თქმით, თუკი დაცვის მხარეს აქვს მსგავსი გამოცდილება და მიაჩნია, რომ ამგვარი პროცედურა საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებაა, მათ შეუძლიათ ეს ფორმა გამოიყენონ:

„სიცრუის დეტექტორი არ არსებობს. საქართველოში ეს დეტექტორი სამართლებრივად არ გამოყენებულა, როგორც პროცესუალურად, საგამოძიებო ან საპროცესო მოქმედება და ასეთს არ იცნობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი. შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ დაცვის მხარეს აქვს ამის გამოცდილება და ისინი თვლიან, რომ ეს არის საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რაც შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას, მათ შეუძლიათ თავად ჩაატარონ ნებისმიერი საგამოძიებო მოქმედება, რომელიც მოესურვებათ. ასევე, შუამდგომლობით მიმართონ სასამართლოს, იმ შემთხვევაში თუ თავად ვერ ატარებენ ღონისძიებას".

გიორგი გელხაური, ზ.ხ.-ს ადვოკატი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ მათი ინფორმაციით, ე.წ. სიცრუის დეტექტორი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აქვს და მონდომების შემთხვევაში, გამოძიებას ნამდვილად აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ეს დეტექტორი საგამოძიებო პროცესში გამოიყენონ.

გიორგი გელხაურის თქმით, ამ ტიპის დაკითხვა, როგორც ცალკე აღებული პროცედურა, ვერ წარმოქმნის საქმეზე უტყუარ მტკიცებულებას, თუმცა, მისი საშუალებით, შესაძლებელი იქნება გამოძიებას და მოსამართლეს გარკვეული რწმენა შეექმნას:

„ჩვენ გამოძიებასაც მივმართეთ და სასამართლოსაც. ახლა ნება მათზეა. რა დაშავდება, რომ ეს ადამიანი გაატარონ სიცრუის დეტექტორზე, რა პრობლემაა? თუკი ისინი ამას არ ჩათვლიან საჭიროდ, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ არ აინტერესებთ ამ საქმეში ვინ მართალს ამბობს და ვინ ცრუობს. ეს არის ჩვენი პოზიცია“.

ის, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ნამდვილად არ არსებობს არანაირი ჩანაწერი ე.წ. სიცრუის დეტექტორის გამოყენებით დაკითხვის ჩატარების შესახებ, ამას რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ადასტურებს სისხლის სამართლის იურისტი ანა თავხელიძე და მიუთითებს, რომ მსგავსი პრეცედენტი საქართველოში არ ყოფილა:

„ეს არ არის არანაირი საგამოძიებო ან საპროცესო მოქმედება. შესაბამისად, პრაქტიკაში მისი გამოყენება არ ხდება. სისხლის სამართლის საქმეებზე გადაწყვეტილების მიღება ხდება მტკიცებულებათა ერთობლიობით. სიცრუის დეტექტორის საშუალებით მიღებული შედეგი ვერ გადაწყვეტს საქმის არსს. რომც დავუშვათ, რომ სიცრუის დეტექტორზე შეამოწმონ პირი და ამ დეტექტორის გამოყენებით დადგინდება, რომ სიმართლეს ამბობს, ეს ვერ იქნება მოცემულობა და ამაზე დაყრდნობით, სასამართლო ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას. ამ შემთხვევაში, სიცრუის დეტექტორის გამოყენების მოთხოვნის მიზანი ის არის, რომ არსებობს კითხვები გამოძიების ხარისხთან დაკავშირებით. ამ კითხვებზე პასუხის მოძიების გზა არ არის სიცრუის დეტექტორი, რადგან ამის სხვა გამოსავალი არსებობს, მაგალითად, შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარება და ა.შ“.

პოლიგრაფი პაატა ხვედელიძე, „სიცრუის დეტექციის ცენტრის“ ხელმძღვანელია. ცენტრი საქართველოში 2014 წლიდან ფუნქციონირებს და პაატა ხვედელიძის თქმით, „სიცრუის დეტექტიის ცენტრი“ ამერიკის პოლიგრაფოლოგთა საერთაშორისო ასოციაციის წევრია და ამ ეტაპზე, ერთადერთია ამ სფეროში. კომპანია ემსახურება როგორც კერძო, ისე - კორპორატიულ კლიენტებს.

მიუხედავად იმისა, რომ ცენტრი, წელიადში, დაახლოებით 400 ადამიანის ამოწმებს, პაატა ხვედელიძე, რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ ცენტრს არასდროს ჩაუტარებია ტესტირება, რომლის შედეგსაც დამკვეთი სასამართლოში წარსადგენად გამოიყენებდა. მისივე თქმით, არასდროს მიუმართავთ ცენტრისთვის არც ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს.

„რაკი საქართველოს კანონმდებლობა არ ცნობს მტკიცებულების ისეთ სახეს, როგორიც არის სიცრუის დეტექტორზე, პოლიგრაფზე შემოწმების შედეგები, აქედან გამომდინარე ჩვენ მსგავსი ტესტირება არ ჩაგვიტარებია. მიუხედავად იმისა, რომ მომართვა ყოფილა, ჩვენ მათთვის უარი გვითქვამს სწორედ ამ მოტივით. ასეა შაქარაშვილის საქმეზეც. პროცესუალურად ამ ტესტირების შედეგს, ძალა არ ექნება. ამიტომ მგონია, რომ ეს მოთხოვნა, ფუჭია. სამწუხაროდ, საქართველოში პოლიგრაფზე შემოწმების მეთოდი, საკანონმდებლო დონეზე არ არის დარეგულირებული. თუმცა, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, ეს მეთოდი კანონმდებლობითაა დაშვებული და აქტიურად გამოიყენება საგამოძიებო პროცესშიც. აქვე ისიც გასათვალისწინებელია, რომ სიცრუის დეტექტორზე მუშაობას, სპეციფიკური ცოდნა სჭირდება, რადგან დიდი ალბათობაა იმისა, რომ პოლიგრაფის აპარატი ნეგატიური კონტექსტით იქნას გამოყენებული“.

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სულ 17 პირია ბრალდებული. მათგან სამი არასრულწლოვანი, სიცრუის დეტექტორის საშუალებით დაკითხვას მოითხოვს. მათ შორის, ორ არასრულწლოვანს, ზ.ხ.-ს და ა.ქ.-ს გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობა ედება ბრალად.

შეგახსენებთ, 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. გიორგიმ და მასთან ერთად, კიდევ ხუთმა ახალგაზრდამ, გურამ ამირხანაშვილმა, ვახტანგ ახვლედიანმა, გიორგი ქათამაძემ, იაკობ ბრეგვაძემ და კონსტანტინე ღიბრაძემ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. და იმ იმედით, რომ ტაქსის გააჩერებდნენ, მცხეთის მაგისტრალს ფეხით დაადგნენ. აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ, ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, „მერსედესითა“ და „ტოიოტა კამრით“ გაეშურნენ.

გამოძიების ვერსიით, 19 ივნისის ღამეს, სწორედ „ტოიოტა კამრის“ მგზავრებმა სდიეს გიორგი შაქარაშვილის მდინარე არაგვის ნაპირამდე, მას სასტიკად გაუსწორდნენ და შემდეგ წყალში გადააგდეს, სადაც ის ასფიქსიით, ანუ წყალში დახრჩობით გარდაიცვალა. „კამრის“ ხუთ მგზავრს, მათი შორის, ორ არასრულწლოვანს, გამოძიებამ ბრალი 11 აგვისტოს დაუმძიმა და მათ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლი წაუყენა.

არცერთი ბრალდებული ბრალს არ აღიარებს. ადვოკატების თქმით კი, საქმის მასალებში, არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომელიც მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების ბრალეულობას დაადასტურებს.