კვების ობიექტების, კლუბების და სასტუმროს თანამშრომლებისთვის PCR დიაგნოსტიკა ფასიანი იქნება. ამის შესახებ დღეს განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ.
დაზუსტებით არ არის ცნობილი, ტესტირება სავალდებულო იქნება თუ არა.
„დღეს ჩვენ შევხდებით კერძო სექტორის წარმომადგენლებს და ვეტვით, რომ კვლევა უნდა იყოს მათ ინტერესში, იმისთვის რომ უსაფრთხო გარემო ჰქონდეთ. კომერციული სექტორის ტესტირებას სახელმწიფო არ დააფინანსებს. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, ეს შემოწმება უნდა იყოს ყოველკვირეული, თუ ორ კვირაში ერთხელ“, - თქვა ნინო ნიჟარაძემ.
საქართველოში PCR-ტესტირება 150-250 ლარი ღირს. შესაბამისად, თუ ტურისტული ობიექტების მფლობელები თანამშრომლების ტესტირებას გადაწყვეტენ, ეს კიდევ უფრო გაზრდის ხარჯს, რომელმაც ისედაც მოიმატა კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დადგენილი სანიტარულ-ჰიგიენური ზომების დაცვის გამო.
ამასთან, PCR დიაგნოსტიკა უფასო იქნება მოქალაქეებისთვის, რომლებსაც სურვილის შემთხვევაში, ამ თვის ბოლომდე ტესტირებას ჩაუტარებენ აჭარის სანაპიროზე, სამ ადგილას განთავსებულ სპეციალურ კარვებში. ერთი კარავი ბათუმის ძველი ბულვარის კოლონადებთან იქნება, ერთი ახალ ბულვარში, „აჭარულ სახლთან“ და ერთიც ქობულეთში, კაფე „ჰავანასთან“.
უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 19 აგვისტოს გამოაცხადა, რომ საქართველოს ტურისტულ რეგიონებში, განსაკუთრებით შავი ზღვისპირეთში, კორონავირუსზე ტესტირება გაფართოვდება და მიზნობრივ ჯგუფებს დაემატება კაფე-ბარების, კლუბების და სასტუმროების მომსახურე პერსონალი.
15 აგვისტოს კორონავირუსი დაუდასტურდა ქობულეთის კაფე „ჰავანის“ თანამშრომელს. მომდევნო ორ დღეში კორონავირუსი დაუდგინდა მასთან კონტაქტის მქონე კიდევ 4 პირს.