სოფელ მაწევანში 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება დაიწყო.
ექსპერტები 24 საათის განმავლობაში შეისწავლიან ჰაერის ტემპერატურასა და ტენიანობას, რითაც დაადგენენ შესაძლებელი იყო, თუ არა ბაჩალიაშვილის ცხედრის იმ მდგომარეობაში აღმოჩენა, როგორშიც ის პოლიციამ ნახა.
"აქედან გამომდინარე კონკრეტული ტემპერატურით დადგინდება ის სურათი, რაც საჭიროა სრულყოფილი სამედიცინო ექსპერტიზისთვის", - თქვა პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ. მანვე აღნიშნა, რომ გვამის აღმოჩენიდან 1 თვის შემდეგ, როცა შეცვლილია ტემპერატურა, ამ ექსპერიმენტის ჩატარება დაგვიანებული არ არის.
23 წლის პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ოთხდღიანი ძებნის შემდეგ იგი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდგარ საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
საქმის გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა, ცხედრის პოვნიდან მეორე დღეს, 24 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს დაემატა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც.
ბაჩალიაშვილის ოჯახი შინაგან საქმეთა სამინისტროს არ ენდობა, არ სჯერა შვილის თვითმკვლელობის ვერსიისა და საქმის სრულად პროკურატურისთვის გადაბარებას ითხოვდა.