ალექსეი ნავალნი საავადმყოფოშია - ვარაუდობენ, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მოწამლეს

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ ხელმძღვანელი ალექსეი ნავალნი ქალაქ ომსკის საავადმყოფოში, უგონო მდგომარეობაში იმყოფება.

ფონდის პრესმდივნის, კირა იარმიშის ინფორმაციით, დღეს დილით, ნავალნი ტომსკიდან მოსკოვში ბრუნდებოდა და თვითმფრინავში ცუდად გახდა. ამის გამო, ავიალაინერი ომსკში დაეშვა და ალექსეი ნავალნი სასწრაფო დახმარების ავტომანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კირა იარმიში, რომელიც პოლიტიკოსთან ერთად იმყოფებოდა, ტვიტერზე წერს, რომ ალექსეი ნავალნი მოწამლულია. იარმიშის ინფორმაციით, დილით ნავალნიმ მხოლოდ ჩაი დალია, ამიტომ სავარაუდოა, რომ რაღაც შერეული იყო სწორედ ჩაიში.

ალექსეი ნავალნი ომსკის საავადმყოფოს ტოქსიკოლოგიური განყოფილების რეანიმაციაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა. კლინიკაში პოლიცია გამოიძახეს.