ბოლო ხანს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ ჯანდაცვის სისტემაში კოვიდიანი პაციენტების მკურნალობისთვის საჭირო რესურსის დეიფიციტზე. 19 აგვისტოსაც თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საგანგებო თათბირი გაიმართა. მანამდე დე ფაქტო ხელისუფლების ჯანდაცვის მინისტრი სამედიცინო დაწესებულებებში მოხალისეების საჭიროების შესახებ აცხადებდა.
Your browser doesn’t support HTML5
კოვიდვითარებას აფხაზეთში ართულებს ტურისტული სეზონიც, რომლის სრულად „გამოტოვების“ ფუფუნების უფლება დე ფაქტო ხელისუფლებამ ვერ მისცა თავს და რუსეთის ფედერაციასთან საზღვარი გახსნა. ტურისტული სეზონი ადგილობრივი მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. დე ფაქტო პრეზიდენტთან გამართულ თათბირზე დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრს ჰკითხეს მოსაზრება რუსულ ვაქცინაზე. მისი პასუხი საკმაოდ ფრთხილი იყო: „უნდა ვიცოდეთ, რამდენად ეფექტიანია ვაქცინა, შეიძლება თუ არა მისი გამოყენება, ხომ არ აქვს გვერდითი მოვლენები. ვიცით, რომ ვაქცინის კლინიკურიი გამოცდის სტადიაში მონაწილე მოხალისეებს გამოუვლინდათ გვერდითი ეფექტები. ეს ახალი ვაქცინაა და ძალიან ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ მისი გამოყენების საკთხს. ცალსახაა, ვაქცინაცია არ იქნება სავალდებულო“.
საქართველოს საზოგადოებრივი ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას აფხაზეთის რეგიონის ჰუმანიტარული მხარდაჭერის გაძლიერებისკენ. განცხადების ერთ-ერთი ხელმომწერი ორგანიზაციის, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“(EMC) თანასწორობის პროგრამის დირექტორი, თამთა მიქელაძე რადიო თავისუფლების ეთერში მიმართვის სულისკვეთებაზე ამბობს:
„ბუნებრივია, ვაღიარებთ, რომ ეს რეგიონი არის ოკუპირებული რუსეთის მიერ და სწორედ იმის გამო, რომ მას აქვს ფაქტობრივი კონტროლი ამ რეგიონში, რუსეთია ის სახელმწიფო, რომელსაც საერთაშორისო სამართლის პერსპექტივიდან ეკისრება ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულება. თუმცა, იმის გამო, რომ ეს რეგიონები დე იურე საქართველოს იურისდიქციაში შედის, საქართველოს მთავრობას აქვს პოზიტიური ვალდებულება მიიღოს ყველა ზომა: დიპლომატიური, პოლიტიკური, სამართლებრივი, ადმინისტრაციული, ჰუმანიტარული და ა.შ. იმისთვის, რომ ამ რეგიონში ადამიანის უფლებების დაცვა უზრუნველყოს.
საერთაშორისო სამართლის პერსპექტივიდან ამ ვალდებულებების საქართველოსთვის დაკისრება არ არის შემთხვევითი და სამართლებრივის მიღმა აქვს პოლიტიკური შინაარსიც, რომ ამ რეგიონების მიმართ არ დაიკარგოს ადმინისტრაციული და პოლიტიკური ბმა. სწორედ ამის გამო, ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში ოკუპირებულ თუ კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებით დე იურე სახელმწიფოების პასუხისმგებლობასაც ხედავს სწორედ ამ კავშირის შესანარჩუნებლად.
ამის მიღმა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია შერიგების, ნდობის აღდგენის პროცესი. ჩვენთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივ მოსახლეობას - აფხაზებს, ქართველებს თუ სხვა ჯგუფებს ჰქონდეთ განცდა, რომ ჩვენი საზოგადოება და საქართველოს სახელმწიფო ფიქრობს მათზე, ზრუნავს მათზე და ის გამოწვევები, რომლებიც ამ რეგიონშია, არ არის სულერთი ჩვენთვის, რომ ეს რეგიონი არის არა მხოლოდ დაკარგული ტერიტორია, არამედ დაკარგული კავშირები იმ სოციალურ ჯგუფებთან, ხალხთან, რომლებთან ერთადაც ჩვენ ისტორიულად ვცხოვრობდით და ძალიან მჭიდრო კულტურული, პოლიტიკური თუ სხვა კავშირები გვქონდა.
ამიტომაც, ასეთი კრიზისების დროს სწორი გზავნილების და რიტორიკის შემოტანა ძალიან მნიშვნელოვანია და მას სწორედ კონფლიქტის ტრანსფორმაციის შინაარსი და პოტენციალი გააჩნია.
ცხადია, ჩვენი განცხადების უპირველესი შინაარსი ჰუმანისტური და სოლიდარობისაა“.
თამთა მიქელაძე აღნიშნავს, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები უფრო მეტად დანახულია როგორც ტერიტორიები:
„აქ ნაკლებად შემოდის შერიგების ან ადამიანური პერსპექტივა და ვფიქრობთ, სწორედ ეს დისკურსიც არის გასაძლიერებელი, რადგან სხვაგვარად ამგვარი კონფლიქტების ტრანსფორმაცია არის შეუძლებელი. ცხადია, კონფლქიტებს აქვს გეოპოლიტიკური ფაქტორი და რუსეთის ფაქტორი არის მკვეთრი, რომელიც ისტორიულად ახალისებდა პოსტ საბჭოთა სივრცეში სწორედ მსგავსი ტიპის ეთნოკონფლიქტებს და შემდგომში ხდებოდა მათი პოლიტიკური ინსტრუმენტალიზება დამოუკიდებელ სახელმწიფოებზე გავლენის მოსახდენად. თუმცა, ამ ისტორიაში ეთნოპოლიტიკური დაძაბულობის, გაუცხოების და კონფლიქტის განზომილების დაკარგვა არ იქნება სწორი და ამიტომაც მგონია, რომ უნდა დავინახოთ აქტორებად ადგილობრივი მოსახლეობა, ადგილობრივი ელიტები და ჩვენი მზადყოფნა მხარდაჭერისთვის ყველა სიტუაციაში ვაჩვენოთ.
შერიგებას და ნდობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ დიდი მომავლისთვის, როცა ჩვენი პოლიტიკური თანაცხოვრება შეიძლება დადგეს, ჩვენ ერთმანეთის მიმართ უცხოები არ ვიყოთ“.
თამთა მიქელაძე თვლის, რომ მთავრობის წარმომადგენელთა მიერ გაკეთებული განცხადებები შერიგებასა და მშვიდობაზე განცხადებები არასაკმარისად არის გაზიარებული პოლიტიკური ჯგუფების მიერ:
„ძალიან მნიშვნელოვანია და ნამდვილად პოზიტიურად ვაფასებთ იმას, რომ ბოლო წლებში ჩანს შერიგების და ნდობის აღდგენის, მშვიდობაზე ორიენტირებული რიტორიკის და პერსპექტივის გაძლიერება მთავრობის მხრიდან, თუმცა მაინც გვაქვს განცდა, რომ ეს პოლიტიკა სათანადოდ მძლავრი არ არის და რიტორიკაც გაცილებით ძლიერი უნდა იყოს.
თითქოს ის დიპლომატიური, საერთაშორისო ორგანიზაციების და ცალკეული ფორმალური განცხადებების დონეზე არსებობს და არ არის კარგად გაზიარებული პოლიტიკური ჯგუფების, მთავრობის წევრების მიერ. თითქოს, ეს არის განცხადებები, რომლებსაც შერიგების სამინისტრო და რამდენიმე დიპლომატი აკეთებს ხოლმე.
ამიტომ, ჩვენი განცხადების კიდევ ერთი მოტივი იყო მოწოდება მთავრობისადმი, რომ ასეთ სიტუაციებში მშვიდობის, შერიგების, ნდობის აღდგენის რიტორიკა კიდევ უფრო ძლიერი, მკვეთრი გახადოს და უფრო საჯარო“.
„დილის საუბრების“ სტუმარი ამბობს, რომ ერთი მხრივ ესმის შერიგებისკენ მიმართული განცხადებებისა და მოქმედებების დეტალიზებასა და გასაჯაროებაში სიფრთხილე, რაც ერთი მხრივ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ კონიუნქტურას უკავშირდება, მეორე მხრივ კი საქართველოს საზოგადოების ნაწილში მის არაპოპულარულობას, თუმცა, თვლის, რომ თუ ეს რიტორიკა არ განვითარდა და ყოველდღიურობის ნაწილი არ გახდა, საზოგადოებებს შორის გაუცხოება სულ უფრო გაღრმავდება და რამის აღდგენა დროთა განმავლობაში შეუძლებელი გახდება.
Your browser doesn’t support HTML5