რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა, მისი "მთავრობის" ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრ იგორ ნანიევზე თავდასხმას უწოდა გამოწვევა კანონის, საზოგადოებისა და სტაბილურობისთვის.
დე ფაქტო უშიშროების საბჭოს წევრებთან 18 აგვისტოს საღამოს გამართულ თათბირზე ბიბილოვმა განაცხადა, რომ მილიციის თითოეული თანამშრომლის ღირსების საქმეა ამ დანაშაულის გახსნა და დამნაშავის დაპატიმრება. ინფორმაცია საბჭოს სხდომის შესახებ ცხინვალის ტელევიზიამ გაავრცელა.
ბიბილოვმა თქვა, რომ არსებობს სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობა. მან ნანიევზე თავდასხმა დაუკავშირა „კრიმინალური ელემენტების მხრიდან ცალკეული პოლიტიკოსების მხარდაჭერას“. დე ფაქტო პრეზიდენტის განცხადებით, თუ დამნაშავეები პოლიტიკური მოღვაწეების მხარდაჭერას გრძნობენ, მათ ხელი გახსნილი აქვთ.
ბიბილოვის თქმით, საქმე იქამდე მივიდა, რომ ზოგიერთი პარტიის ხელმძღვანელები სამი ადამიანის მკვლელობის გამომძიებლებთან მიდიან, ერევიან მათ საქმეში და ზეწოლას ახდენენ. კონკრეტული პოლიტიკოსები ბიბილოვს არ დაუსახელებია. მისი განცხადებით, პარალელურად მიმდინარეობს „სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობის დისკრედიტაციის კამპანია, რომელიც დაფუძნებულია ფეიკებსა და ჭორებზე“.
„მილიციის თითოეული თანამშრომლის ღირსების საქმეა, რომ ეს დანაშაული გაიხსნას და დამნაშავეები დააკავონ. ზოგიერთი პარტიის ხელმძღვანელები სამი ადამიანის მკვლელობის საქმის გამომძიებლებთან მიდიან, ერევიან, ზეწოლას ახდენენ და მიანიშნებენ, რომ მალე ხელისუფლება შეიცვლება და რამე ისეთი არ გააკეთონ. თქვენ რა გინდათ, რომ ხელისუფლება კრიმინალებით შეიცვალოს?“ - განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა.
ბიბილოვმა დე ფაქტო გენერალურ პროკურატურას, შსს-სა და უშიშროების კომიტეტს დაავალა იგორ ნანიევზე თავდასხმის გამოძიება, დამნაშავეთა მოძებნა და თქვა, რომ პროცესს თავად გააკონტროლებს.
ოკუპირებული ცხინვალიდან 18 აგვისტოს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ წინა საღამოს ქალაქის ცენტრში დაცხრილეს დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრ იგორ ნანიევის ავტომანქანა. დე ფაქტო პროკურატურის ინფორმაციით, თავდასხმისას არავინ დაშავებულა.
უშიშროების საბჭოზე ბიბილოვის განცხადების პარალელურად, დე ფაქტო გენერალური პროკურატურიდან შეტყობინება მიიღო ოპოზიციური პარტია „ნიხასის“ ხელმძღვანელმა, დე ფაქტო პარლამენტის წევრმა დავით სანაკოევმა. მას ატყობინებენ, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე ოლესია კოჩიევა მას ცილისწამებისა და ღირსების შელახვისთვის უჩივის და პროკურატურას სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით მიმართავს.
დავით სანაკოევმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა და ბიბილოვის ხელისუფლება პოლიტიკური ნიშნით ოპონენტების დევნაში დაადანაშაულა.
„ხელისუფლების ეს ქმედებები მეტყველებს იმაზე, რომ ის ხუნტად გადაიქცა, რომელიც მოკლებულია სახალხო მხარდაჭერას. მაღაზიების დახლები ცარიელია, ხალხი შიმშილობს და უბედურებაშია, იმიტომ რომ ამჟამინდელ ხელისუფლებას პრობლემების მოგვარება არ შეუძლია. ისტორიიდან ცნობილია, რომ როცა ხელისუფლება ლეგიტიმურობას კარგავს, ის საკუთარი ხალხის წინააღმდეგ რეპრესიებს იწყებს. სწორედ ახლა ამას ვადევნებთ თვალს და ჩემს წინააღმდეგ დაწყებული დევნა პოლიტიკური მოტივით არის“, - წერს დავით სანაკოევი და არაერთ კითხვას სვამს ბიბილოვის ხელისუფლების მიმართ. მის მიმართ დევნის დაწყების მეორე მიზეზად სანაკოევი საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებას ასახელებს.
„მეორე მიზეზი საპრეზიდენტო არჩევნებია, რომელიც წელიწად-ნახევარში გაიმართება. როგორც საპარლამენტო არჩევნების დროს, იცის რა ხელისუფლებამ საკუთარი არაპოპულარობა, ცდილობს ოპონენტები გზიდან ჩამოიშოროს. სისხლის სამართლის საქმე ამის ერთ-ერთი ინსტრუმენტია. მე პარლამენტის დეპუტატი ვარ და იმუნიტეტით ვსარგებლობ. ახლა დაიწყებენ დეპუტატებზე ზეწოლას, რომ უფლებამოსილება მომიხსნან“,- განმარტავს ოპოზიციური პარტიის ლიდერ,ი დავით სანაკოევი.
ასევე ნახეთ პირადი შურისძიებისა და ქაოსის ნიშნები ცხინვალშირას ედავება დე ფაქტო უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე ოლესია კოჩიევა დავით სანაკოევს?
დე ფაქტო საპარლამენტო არჩევნების წინ, გასული წლის ივნისში, სანაკოევმა ერთ-ერთი სატელევიზიო დისკუსიისას ახსენა უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარის მამა, ახსარ კოჩიევი, და განაცხადა, რომ მას საარბიტრაჟო სასამართლოდან წასვლის შემდეგ ბიბილოვის ხელისუფლებამ შემწეობა დაუნიშნა, რასაც არ იმსახურებდა. ოლესია კოჩიევამ ეს განცხადება მისი ოჯახის მიმართ ცილისწამებად მიიჩნია და მას პატივი და ღირსება შეელახა.
კოჩიევამ ივნისში გაკეთებული განცხადების გამო პროკურატურას დეკემბერში მიმართა. დე ფაქტო გენერალურმა პროკურორმა კი კიდევ რვა თვე იფიქრა აღეძრა თუ არა სისხლის სამართლის საქმე სანაკოევის წინააღმდეგ და გადაწყვეტილება მხოლოდ ახლა მიიღო. დე ფაქტო გენპროკურორმა, ურუზმაგ ჯაგაევმა, შეტყობინება ამ საქმის აღძვრის შესახებ უკვე პარლამენტსაც გადაუგზავნა. დეპუტატი სანაკოევი გაკვირვებულია, რატომ დასჭირდა ამდენი ფიქრი ჯერ უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარეს, შემდეგ კი გენერალურ პროკურორს.
ცილისწამების მუხლს ბიბილოვის ხელისუფლებისთვა, უკვე დიდი ხანია, ოპონენტების წინააღმდეგ იყენებს. ამ მუხლით ედავებოდნენ სამოქალაქო აქტივისტს ახალგორიდან, თამარ მეარაყიშვილს, როცა მისი ადგილობრივი ხელისუფლებისადმი კრიტიკა არ მოსწონდათ. მას მმართველი პარტია „ედინაია ოსეტიას“ წარმომადგენელი, სპარტაკ დრიაევი, უჩიოდა.
ამავე მუხლით დე ფაქტო იუსტიციის მინისტრი ზალინა ლალიევა რადიო თავისუფლების რუსულენოვან პროგრამა „ეხო კავკაზას“ ჟურნალისტს, ირინა ქელეხსაევას, უჩივის. საქმე ისევ სასამართლოშია. ახლა კი დავით სანაკოევის დევნაც დაიწყო.
დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი სახალხო დამცველი - ამჟამად დეპუტატი - სანაკოევი აქტიურად იცავს პატიმართა უფლებებს. გასული და მიმდინარე წლების ციხის ბუნტის გამო ის სხვა თანამოაზრეებთან ერთად აქტიურად ითხოვდა ამჟამინდელი დე ფაქტო შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების, იგორ ნანიევისა და ზალინა ლალიევას, იმპიჩმენტს, თუმცა მათ დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი გადაეფარა და ისინი თანამდებობიდან მოხსნას გადაურჩნენ.
ახლა კი დავით სანაკოევზე სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება დროში დაემთხვა ნანიევზე შეიარაღებულ თავდასხმას და ბიბილოვის განცხადებას ოპონენტების წინააღმდეგ. სანაკოევი მიიჩნევს, რომ ეს შემთხვევით არ ხდება. დე ფაქტო რესპუბლიკაში კრიმინოგენური და შიდა პოლიტიკური ვითარება სულ უფრო მწვავდება.