მინსკში დაჭრილი ნიდერლანდელი ჟურნალისტი აცხადებს, რომ მსგავსი სისასტიკე არსად უნახავს

ნიდერლანდელი ჟურნალისტი, ემილი ვან ოუტერენი, რომელიც საპროტესტო აქციების გაშუქების დროს დაიჭრა მინსკში 9 აგვისტოს ღამით, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ აცხადებს, რომ სამოქალაქო პროტესტები ბევრგან გაუშუქებია, მაგრამ არასოდეს უნახავს ისეთი სისასტიკე დემონსტრანტების მიმართ, რისი მომსწრეც ბელარუსში გახდა.

„საავადმყოფოდან პარასკევს გამოვეწერე. ახლა რიგზე ვარ. მაგრამ აღდგენა არ იქნება იოლი. მარცხენა ფეხი დამწვარი მაქვს. მაქვს ხუთი ნახვრეტი მარჯვება თეძოზე. ყველაზე ღრმა 10 სანტიმეტრია. ეს არ არის სიცოცხლისათვის საშიში ტრავმები, მაგრამ საშინელი ნაიარევი მაქვს“, - ამბობს ვან ოუტერენი.

9 აგვისტოს ღამით ემილი ინტერვიუს წერდა დემონსტრანტებთან, როდესაც ფეხში დაიჭრა ხმოვან-მანათობელი ყუმბარის აფეთქების შედეგად.

17-წლიანი სტაჟის მქონე ემილი ვან ოუტერენი ნიდერლანდის ერთ-ერთ წამყვან გაზეთ NRC-ში მუშაობს. იგი ნამყოფია ავღანეთსა და უკრაინაში. აშუქებდა გამოსვლებს უნგრეთსა და პოლონეთში, მაგრამ არსად უნახავს ის, რაც ბელარუსში ნახა, არსად ყოფილა ისე ახლოს საფრთხესთან, როგორც 9 აგვისტოს ღამით.

„იმ მომენტში სამართალდამცველები ალბათ არ ფიქრობდნენ, რომ მე ევროკავშირის წარმომადგენელი ჟურნალისტი ვიყავი. რომ სცოდნოდათ, პირიქით, შესაძლოა, უფრო წინდახედულები ყოფილიყვნენ. ეს ძალადობა ჩემ მიმართ კი არ იყო მომართული, არამედ თქვენ მიმართ, ბელარუსების მიმართ, რომლებიც ცდილობდით, მიგეღწიათ თქვენი უფლებების განხორციელებისთვის სამართლიანი არჩევნების გზით. ჩემთვის მნიშვნელოვანი ისაა, რომ ნიდერლანდში ბელარუსის თაობაზე ცოტა რამ იციან. ისტორია, რომელიც მე გადამხდა, ჩემს ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს დაეხმარება უკეთ გაიგონ, თუ რა ხდება თქვენს თავს“, - განაცხადა ემილი ვან ოუტერენმა საინტერნეტო გამოცემა Tut.by-სთან ინტერვიუში.

ნიდერლანდელი ჟურნალისტი იმედოვნებს, რომ მალე დაბრუნდება დემოკრატიულ ბელარუსში, სადაც საპროტესტო აქციების გასაშუქებლად არ დასჭირდება ხელისუფლების აკრედიტაცია და აღარ აღმოჩნდება მილიციის სპეცრაზმის მიერ დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების სასტიკი დარბევის მონაწილე.