ლუკაშენკა ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოზე: ესაა „ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა“

ბელარუსის მოქმედმა პრეზიდენტმა, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ, ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს შექმნა შეაფასა, როგორც „ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა აქედან გამომდინარე ყველა შედეგით“.

ამის შესახებ ლუკაშენკამ 18 აგვისტოს განაცხადა უშიშროების საბჭოს წევრებთან გამართული თათბირის დროს.

„ამიტომ მე მინდა გავაფრთხილო ისინი, ვინც ამ შტაბში შევიდა, რომ ჩვენ მივიღებთ ადეკვატურ ზომებს. არ არის გამორიცხული კონსტიტუციისა და კანონის თანახმად. ჩცენ საკმაოდ გვაქვს ასეთი ზომები, რათა გავაგრილოთ ზოგიერთი ცხელი თავი“, - განაცხადა უშიშროების საბჭოზე ლუკაშენკამ.

პრეზიდენტობის კანდიდატმა, სვიატლანა ციხანოუსკაიამ, ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ მიმართვა ლიეტუვიდან 14 აგვისტოს გააკეთა.

„ქვეყანაში შექმნილი ვითარებისა და ბელარუსში კანონიერების აღდგენის გადაუდებელი ზომების მიღების აუცილებლობის გათვალისწინებით, მე, სვიატლანა ციხანოუსკაია, ხელისუფლების გადასაბარებლად გამოვდივარ საკოორდინაციო საბჭოს შექმნის ინიციატივით. ამ საბჭოში შევლენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ცნობილი და პატივსაცემი ბელარუსები და თავისი საქმის პროფესიონალები.“, - ნათქვამია სვიატლანა ციხანოუსკაიას მიმართვაში, რომელიც „ტელეგრამის“ საშუალებით გამოქვეყნდა.

ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოში შევიდნენ ნობელის პრემიის ლაურეატი, მწერალი სვეტლანა ალექსიევიჩი, პაველ ბელოუსი, ალეს ბიალიაცკი, მარია კალესნიკოვა და სხვები.

50 კაციანი საკოორდინაციო საბჭოს სია 18 აგვისტოს პრესკონფერენციაზე წაიკითხა ციხანოუსკაიას შტაბის წევრმა, ოლგა კოვალკოვამ.