ვასილ მაღლაფერიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.
ტელევიზიის ინფორმაციით, მან უკვე მიმართა მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შესაბამისი განცხადებით.
"მიუხედავად იმისა, სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ პირველი არხი მიუკერძოებლად და პირუთვნელად გააშუქებს მომავალ არჩევნებსაც და ყველა სხვა პოლიტიკურ პროცესსაც, იქიდან გამომდინარე, რომ ვინმემ სხვადასხვა მიზნიდან გამომდინარე, არ იპოვოს ეჭვის საბაბი და კითხვის ნიშნები არ დასვას არხის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ", - ვკითხულობთ პირველი არხის მიერ გავრცელებულ კომენტარში.
მაღლაფერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად 2017 წლის 6 იანვარს აირჩიეს. ის მანამდე "ქართული ოცნების" თავმჯდომარისა და დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის კუთვნილი ტელევიზიის, GDS-ის წამყვან თანამდებობაზე მუშაობდა. მისი არჩევა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მათ შორის, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" არხზე პოლიტიკური ზეგავლენის გაზრდის ნიშნად აღიქვეს.