პროკურატურა: ბაჩალიაშვილის საქმეზე სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნება

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე სპეციალური ჯგუფი შეიქმნება. ინფორმაცია უწყებამ ოჯახთან შეხვედრის შემდეგ გაავრცელა.

"საქართველოს პროკურატურაში სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც გენერალური და თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამსახურების გამოცდილი კადრებით დაკომპლექტდება", - აცხადებენ უწყებაში და დასძენენ, რომ ამ საქმეზე ინტენსიურად მიაწვდიან ინფორმაციას ოჯახს და საზოგადოებას.

პროკურატურაში ოჯახის შეხვედრა რამდენიმე სათის წინ დასრულდა. გადაწყდა, რომ უწყება გამოძიებას სრულად გადაიბარებს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან.

23 წლის პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. 4-დღიანი ძებნის შემდეგ იგი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდგარ საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. საქმის გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა, ცხედრის პოვნიდან მეორე დღეს, 24 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს დაემატა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც.

ბაჩალიაშვილის ოჯახი შინაგან საქმეთა სამინისტროს არ ენდობა, არ სჯერა შვილის თვითმკვლელობის ვერსიისა და საქმის სრულად პროკურატურისთვის გადაბარებას ითხოვდა.