გვაქვს თუ არა ლუკაშენკას ვალი

ბელარუსში გამართული საპრეზიდენტო არჩევნებიდან ერთ კვირაზე მეტი გავიდა. აშშ, დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირის ქვეყნები მწვავედ აკრიტიკებენ ალექსანდრ ლუკაშენკას როგორც არჩევნების შედეგების შესაძლო გაყალბების, ასევე საპროტესტო გამოსვლების სასტიკი ჩახშობის გამო, ქვეყნების ნაწილმა კი - მათ შორის რუსეთმა, ჩინეთმა, აზერბაიჯანმა და სომხეთმა - კენჭისყრის დასრულებისთანავე მიულოცეს გამარჯვება ბელარუსის პირველ და ჯერჯერობით ერთადერთ პრეზიდენს. ამ ფონზე საქართველოს ხელისუფლებამ უჩველოდ დიდხანს შეინარჩუნა დუმილი. 9 აგვისტოს გამართული არჩევნების შესახებ პირველი განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა მხოლოდ 17 აგვისტოს გაავრცელა.

დარღვეული დუმილი

სალომე ზურაბიშვილი მოკლე განცხადებაში ამბობს, რომ საქართველო პატივს სცემს ევროპულ ღირებულებებს და ერთგულია დემოკრატიული პრინციპებისა, რომლებსაც ეფუძნება ორი მეგობარი სახელმწიფოს განვითარება და ევროპულ ოჯახში დაბრუნება.

„ვიმედოვნებთ, რომ მიმდინარე პროცესი დასრულდება ისე, რომ ბელარუსის დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს არ დააზიანებს და არც შეაფერხებს. ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას. გვჯერა, რომ ბელარუსი და მისი ხალხი შეძლებს საკუთარი მომავლის დემოკრატიულად გადაწყვეტას“, - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.

რამდენიმე საათით ადრე ბელარუსში მიმდინარე პროცესებისადმი დამოკიდებულების გამოხატვა მოუწია საქართველოს საგარეო უწყებასაც. განცხადება გაკეთდა 16 აგვისტოს ღამით საქართველოდან ბელარუსის რესპუბლიკაში გაფრენილი თვითმფრინავის გამო. საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ვალერი კვარაცხელია, რომელიც 6 აგვისტოდან იმყოფებოდა საქართველოში, ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების გამო სამთავრობო თვითმფრინავით „მყისიერად“ დაბრუნდა მინსკში.

დავით ზალკალიანი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

„ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას. აღნიშნულ საკითხზე მჭიდრო კოორდინაციაში ვართ ჩვენს პარტნიორებთან. აუცილებელია ბელარუსში პრობლემები გადაწყდეს მშვიდობიანად. იმედი გვაქვს, ბელარუსი ხალხი მისი მომავლისათვის მნიშვნელოვან საკითხებს თავად მშვიდობიანად გადაწყვეტს“, - ვკითხულობთ საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორ „გააცდინა“ ელჩმა არჩევნები...

საქართველოს ელჩი ბელარუსის რესპუბლიკაში, ვალერი კვარაცხელია, თბილისში არჩევნებამდე სამი დღით ადრე, 6 აგვისტოს, დაბრუნდა და სამშობლოში 17 აგვისტომდე დარჩა. საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე და „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, ამბობს, ელჩმა კვარაცხელიამ გამოტოვა ბელარუსის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი დღეები.

სერგი კაპანაძე

„ასეთი მნიშვნელოვანი დღეები ბოლო 20-25 წლის განმავლობაში არ ყოფილა. როგორ მოახერხეთ, რომ საქართველოს ელჩი ისვენებდა და თურმე ადგილზე არ იმყოფებოდა?!“ - სერგი კაპანაძემ ამ კითხვით საქართველოს მთავრობას მიმართა.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ფიქრობს, რომ არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, რადგან, მისი თქმით, ელჩი, მინისტრი და სხვა სახელმწიფო მოხელეები ასევე ადამიანები არიან და პერიოდულად მათაც უწევთ სამშობლოში ჩამოსვლა.

თეა წულუკიანი

„ვერც ერთი ელჩი და ვერავინ ვერ ივარაუდებდა წინასწარ, რომ მინსკში განვითარდებოდა მოვლენები, რომლებიც ახლა მიმდინარეობს. სახელმწიფომ დროული გადაწყვეტილება მიიღო და სამთავრობო რესურსით ელჩი გაუშვა მინსკში, სადაც შეიძლება სახელმწიფოს სწორედ ახლა დასჭირდეს წარმომადგენელი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

თუმცა იუსტიციის მინისტრის აზრს, რომ წინასწარ ვერავინ ივარაუდებდა, თუ როგორ განვითარდებოდა მინსკში მოვლენები, ბევრი არ იზიარებს.

რადიო თავისუფლებას ერთ-ერმა მაღალი რანგის ყოფილმა დიპლომატმა ინკოგნიტოდ უთხრა, რომ დიდი პოლიტიკური წმენდის მიუხედავად, პროფესიონალი დიპლომატების ნაწილი საგარეო უწყებაში მაინც დატოვეს, შესაბამისად, მაღალი სიზუსტის პროგნოზის გაკეთებაც არ იყო რთული, მაგრამ, მისივე სიტყვებით, „როცა არ არსებობს მთავრობის პოლიტიკური ნება, დიპლომატიაც უკიდურესად პასიურია“.

დუმილიც პოზიციაა

„არმილოცვა, უკვე პოზიციის გამოხატვაა, იმიტომ რომ არმილოცვა ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა თავს იკავებს არჩევნების ლეგიტიმურობის აღიარებისგან“, - უთხრა რადიო თავისუფლებას კახა გოგოლაშვილმა, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა, თუმცა, მისივე თქმით, არმილოცვასთან ერთად ასევე აუცილებელია „სულ მცირე, მინიმალისტური განცხადების“ გაკეთება:

„სადაც გამოითქმება წუხილი ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით, წუხილი დესტაბილიზაციასთან დაკავშირებით და რომლითაც საქართველო მოუწოდებს ოპოზიციას და ხელისუფლებას დიალოგისკენ... ეს არ იქნება საერთაშორისო ნორმებიდან გადახვევა, რადგანაც ოპოზიციაც ითხოვს დიალოგს ხელისუფლებისგან, ის არ ითხოვს ლუკაშენკას დაუყოვნებლივ გადადგომას...“

კახა გოგოლაშვილი

კახა გოგოლაშვილს არ უკვირს, რომ საქართველოს ხელისუფლება ვერ იკავებს რადიკალურ პოზიციას ბელარუსში მიმდინარე მოვლენებისადმი და ვერ მოუწოდებს ლუკაშენკას გადადგომისკენ.

„საჭიროა კონსულტაციების გამართვა ევროკავშირის ელჩებთან, რომლებიც საქართველოში არიან აკრედიტებული. მათი პოზიციის გაგება, რას მოელიან საქართველოდან, ასევე აშშ-ის მხრიდან. ევროკავშირის და აშშ-ის პოეზიციები ჯერ არ არის საბოლოოდ გამოკვეთილი, რას აპირებენ. საქართველო, ცხადია, ვერ იქნება ყველაზე წინა პლანზე გამოსული მკაფიო გზავნილებით. ასეთი გზავნილები არ აქვს საქართველოზე ძლიერ, დიდ და საქმეში ჩახედულ აქტორებსაც კი“, - ამბობს კახა გოგოლაშვილი.

თუმცა გიორგი ბადრიძე - საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (GFSIS) უფროსი სამეცნიერო თანამშრომელი და გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ყოფილი ელჩი - მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება როგორც რუსეთის ინტერესებისადმი, ასევე დემოკრატიისათვის მებრძოლი ხალხებისადმი სიმპტომურია.

გიორგი ბადრიძე

„საქართველოს ხელისუფლებას არც უკრაინული მაიდანის დროს დაუფიქსირებია პოლიტიკური თუ მორალური პოზიცია, რამაც ამ ქვეყანასთან მომავალ ურთიერთობებზე ცუდად იმოქმედა (მათ, ვინც ურთიერთობების გაფუჭებას სააკაშვილის ფაქტორს უკავშირებს, მოკლე მეხსიერება აქვთ). შემდეგ, როცა ყირიმის გამო დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების საკითხშიც საქართველოს ხელისუფლება უკრაინას შეგნებულად გაემიჯნა, ისევ მოსკოვის არგაღიზიანების მოტივით, შედეგად მხოლოდ დავზარალდით: ეს სანქციები რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას არ ფარავს. უკრაინასთან, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, ურთიერთობა გაფუჭებულია, ხოლო რუსეთს არც ერთი შემხვედრი ნაბიჯი არ გადმოუდგამს. მთავრობამ ეს გამოცდილება უნდა გაითვალისწინოს ბელარუსთან მიმართებაში“, - უთხრა გიორგი ბადრიძემ რადიო თავისუფლებას.

არაღიარების საკითხი: გვაქვს თუ არა ლუკაშენკას ვალი?

საქართველოს ხელისუფლების ხანგრძლივი დუმილი და ბოლოს გამჟღავნებული ფრთხილი პოზიცია, დიდწილად, საგარეოპოლიტიკურ საკითხად მიაჩნია ლევან ცუცქირიძეს, დირექტორს ორგანიზაციისა „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ (EECMD).

ლევან ცუცქირიძე

„სიფრთხილე გამოწვეულია ოკუპირებული ტორიტორიების არაღიარებასთან დაკავშირებული საკითხით. მორალური პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ თავისუფლებისკენ მიმავალი ქვეყანა ვართ და გასაგებია, ჩვენი სიმპათიები საითაც იხრება, თუმცა გარკვეულწილად მთავრობასაც შეგვიძლია გავუგოთ, რომ ფრთხილობს, არ დადგეს ქვეყნისთვის ნეგატიური მოვლენები, მაგრამ, როგორც ვთქვი, მორალური პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანია და, ადრე თუ გვიან, მაინც მოგვიწევს არჩევანის გაკეთება“, - უთხრა ლევან ცუცქირიძემ რადიო თავისუფლებას.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, გიორგი ვოლსკი, ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება სწორედაც რომ პრაგმატული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და ამ კონტექსტში იხსენებს 12 წლის წინანდელ ამბავს, როცა, მისი სიტყვებით, ბელარუსზე რუსეთისგან იყო ინტენსიური ზეწოლა ოკუპირებული ტერიტორიების ცნობის საკითხთან დაკავშირებით.

გიორგი ვოლსკი

„ჩვენს ინტერესებში შედის, რომ ბელარუსმა თავისი პოზიცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით არ შეცვალოს. ჩვენი ელჩი უახლოეს პერიოდში ისევ მოგვაწვდის დამატებით ინფორმაციას და გვექნება უფრო მკაფიო სურათი. ასევე, გვექნება გაცილებით ინტენსიური და ჩაღრმავებული კონსულტაციები ჩვენს პარტნიორებთან“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ბელარუსში მიმდინარე პროცესებზე სერიოზული დაკვირვების, შესწავლისა და მონიტორინგის აუცილებლობაში ეჭვი არ ეპარება საქართველოს პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს და საგარეო ურთიერთობათა მდივანს, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორს, თენგიზ ფხალაძეს, რომლის თქმითაც, საქართველო ძალიან აქტიურად უნდა მუშაობდეს იქ არსებულ პოლიტიკურ ძალებთან.

თენგიზ ფხალაძე

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა ეს სამუშაო ხილული ვერ იქნება, მაგრამ ასეთი სამუშაოები აუცილებლად უნდა მიმდინარეობდეს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას თენგიზ ფხალაძემ.

რაც შეეხება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის არაღიარების საკითხის ალექსანდრ ლუკაშენკასთან მიბმას, თენგიზ ფხალაძის თქმით, არ უნდა გვქონდეს მცდარი წარმოდგენა, თითქოს საქართველო ვინმესთან ვალშია:

„ძალიან დასაფასებელია ის პოზიცია, რომელიც ჰქონდა პრეზიდენტ ლუკაშენკას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების არაღიარებასთან დაკავშირებით. თუმცა ნუ აღვიქვამთ ამას იმ ტიპის კეთილი ნების ჟესტად, რომლის ვალიდანაც საქართველო ვერ ამოვა. არანაირი ვალი არ გვაქვს. გეტყვით იმას, რომ ლუკაშენკა არის საკმაოდ პრაგმატული ადამიანი და მან აბსოლუტურად სწორი და პრაგმატული გადაწყვეტილება მიიღო, იმიტომ რომ კარგად ხედავდა იმ ბენეფიტს, რომელსაც მიითვლიდა არაღიარების შემთხვევაში. იმავდროულად, ხედავდა იმ საფრთხესაც, რაც შეიძლება მოჰყოლოდა ჩვენი პარტნიორებისაგან ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებას. ასე რომ, მან მიიღო აბსოლუტურად სწორი და პრაგმატული გადაწყვეტილება, რომელიც შედიოდა როგორც საქართველოს, ასევე ბელარუსის ინტერესებში. და ის ვიზიტები, რომლებიც საქართველოსა და ბელარუსის პრეზიდენტებს ჰქონდათ თბილისსა და მინსკში, სწორედ ამ ინტერესების გამოკვეთას ემსახურებოდა. ასე რომ, ეს იყო ძალიან პრაგმატული გადაწყვეტილება, რომელიც, დიდწილად, ბელარუსის ინტერესებით იყო ნაკარნახევი და დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ეს არ არის ვალი, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს ადევს“.

ალექსანდრ ლუკაშენკა

კახა გოგოლაშვილის თქმითაც, თავის დროზე ლუკაშენკამ მართლაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, როცა არ დაჰყვა რუსეთის ლიდერის ნებას და არ აღიარა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა, რითაც დსთ-ს ქვეყნებსაც ააცილა ამგვარი არჩევანის გაკეთების საფრთხე.

„ახლა ბელარუსში არის გაურკვეველი ვითარება. შეიძლება ნებისმიერ მხარეს გადაიხაროს სასწორის პინა და ამის გამო, ალბათ, საქართველოს მთავრობაც შიშობს, თუ ლუკაშენკა დარჩება ხელისუფლებაში, გაბრაზებულმა არ ცნოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, რასაც შეიძლება მოჰყვეს აღიარება შუა აზიიის სახელმწიფოების და, ზოგადად, დსთ-ს ქვეყნების მხრიდან, რისი დიდი შანსიც იყო 12 წლის წინ, მაგრამ სწორედ ლუკაშენკას დაუმორჩილებლობამ ითამაშა გადამწყვეტი როლი. საქართველოს ხელისუფლების დუმილსა და სიფრთხილეში შესაძლოა ჩანდეს როგორც ამის დაფასება, ასევე, მეორე მხრივ, სიფრთხილეც“, - ამბობს კახა გოგოლაშვილი.