15 სექტემბერს სწავლა იწყება. დღეს არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, განათლების სამინისტრომ, ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციებზე დაყრდნობით, სკოლებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა. სწორედ ამ რეკომენდაციების გათვალისწინებით, 2084 საჯარო სკოლაში, 15 სექტემბერს, სასწავლო წელი საკლასო ოთახებში უნდა განახლდეს.
ასევე ნახეთ დაიცავს თუ არა სკოლა და ათასობით მოსწავლე ახალ წესებს?მიუხედავად იმისა, რომ მშობელთა მნიშვნელოვანი ნაწილისათვის ახალი სასწავლი წლის ე.წ. ჩვეულ რეჟიმში, ანუ სასკოლო სივრცეში განახლება პრიორიტეტულია, ისინი ფიქრობენ, რომ განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული რეგულაციები ფურცელზე დაწერილ რეგულაციებად დარჩება, საჯარო სკოლები რეკომენდაციების სათანადოდ შესრულებას ვერ უზრუნველყოფენ და მათი ვარაუდით, უახლოეს პერიოდში, სასწავლო პროცესი კვლავ ონლაინ რეჟიმში გადაინაცვლებს.
მაგალითად, მშობლები ფიქრობენ, რომ ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციის, მოსწავლეებს შორის 1-მეტრიანი დისტანციის დაცვა, ფაქტობრივად, დაუძლეველი შესასრულებელი იქნება ბევრი სკოლისთვის.
მშობლებს აინტერესებთ ისიც, როგორ დაიცავს სკოლა მოსწავლეებს შორის დისტანციას მაგალითად, გაკვეთილებს შორის შესვენებებზე.
მშობლები იმასაც შიშობენ, რომ სკოლის დამლაგებლები ფიზიკურად ვერ შეძლებენ იმ პირობების შესრულებას, რაც რეკომენდაციებითაა გათვალისწინებული - მაგალითად, ყოველი დასვენების შემდეგ სველი წერტილებისა და სკოლის საერთო სარგებლობის ფართების, ხშირად შესახები ზედაპირების სანიტარული წესით დამუშავება და ა.შ.
ერთ-ერთ მთავარ კითხვად რჩება იმ სკოლის მოსწავლეების უსაფრთხოება, სადაც საკანალიზაციო სისტემა და წყალი არ არის.
კითხვა გააჩინა განათლების სამინისტროს რეკომენდაციამ იმის თაობაზე, რომ მოსწავლეებისთვის, საგაკვეთილო პროცესში, პირბადის ტარება სავალდებულო არ იქნება.
მეგი კავთუაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობლები განათლებისათვის“ აღმასრულებელი დირექტორი, ჯერ კიდევ თებერვლის მიწურულს, კორონავირუსის პანდემიის დასაწყისში ლაპარაკობდა რადიო თავისუფლებასთან სკოლებში არსებულ რთულ ჰიგიენურ-სანიტარულ ვითარებაზე და ეჭვქვეშ აყენებდა სკოლების შესაძლებლობას, დაეცვათ სისუფთავე კორონავირუსის გავრცელების პარალელურად.
ეს კითხვა მისთვის ექვსი თვის თავზეც აქტუალურია. მეგი კავთუაშვილი ამბობს, რომ ამ ექვსი თვის განმავლობაში, სახელმწიფომ თითქმის არაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ახალი სასწავლო წლის დასაწყისისთვის, შემოდგომისთვის, მაშინ, როდესაც მსოფლიო ეპიდემიის მეორე ტალღის მოლოდინშია, სკოლების მნიშვნელოვან ნაწილში არსებული რთული ჰიგიენურ-სანიტარული ვითარება, მეტ-ნაკლებად დაერეგულირებინა:
„როგორ მოემზადა სახელმწიფო იმისათვის, რომ სექტემბერში, სკოლებში, სასწავლო პროცესი მაქსიმალურად უსაფრთხოდ განახლდეს? კორონა აღარ არის გაუთვლელი რისკი. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ის ჩვენს გვერდით არსებობს და არსად წასულა. რა ისწავლა ამ პერიოდში განათლების სამინისტრომ? ამ კითხვაზე დიდი სიამოვნებით მოვისმენდი პასუხს. სამწუხაროდ, საქართველოს მასშტაბით, კვლავაც არის სკოლები, რომლებსაც წყალი არ მიეწოდებათ. რა შეიცვალა ამ მიმართულებით? ჩვენ ყველა სცენარისთვის უნდა ვყოფილიყავით მზად და ახლა არ უნდა ხდებოდეს სკოლებში ის, რაც ხდება. ჩვენ, როგორც მშობლებს, საქართველოს მასშტაბით, არაერთ სკოლასთან გვაქვს მჭიდრო ურთიერთობა და დღეს სკოლის თანამშრომლებს უწევთ 24-საათიან რეჟიმში მუშაობა, რომ როგორმე გაანაწილონ სკოლის ფართები, სააქტო თუ სასპორტო დარბაზები, სასადილოები, დერეფნები იმისათვის, რომ მოახერხონ და ბავშვები ერთმეტრიანი დისტანციით დასვან“.
ამ მხრივ, განსაკუთრებულ პრობლემას წააწყდებიან ე.წ. დიდ კონტინგენტიანი სკოლები. მეგი კავთუაშვილი ამბობს, რომ დიდ სკოლებში, თითქმის შეუძლებელია იმ პირობების დაცვა, რასაც განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტრო სკოლის ადმინისტრაციას უყენებს:
„სკოლაში, სადაც 3000 ბავშვი სწავლობს, როგორ წარმოგიდგენიათ ბავშვებს შორის ერთმეტრიანი დისტანციის დაცვა? ვინ იქნება პასუხისმგებელი პირი? მანდატური? პედაგოგი? დირექცია? თავს ვიტყუებთ თუ უბრალოდ ვქმნით იმის ილუზიას, რომ ვმუშაობთ? საქართველოში 10 გიგანტური სკოლაა, სადაც 2500-დან 3000-მდე ბავშვი სწავლობს. ამ სკოლებისათვის ცალკე რეგულაციები და რეკომენდაციები უნდა არსებობდეს“.
ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომლის შესახებაც მშობლები ყურადღებას ამახვილებენ, ეს არის სკოლის დამლაგებლებისა და შესაბამისად, სკოლებში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის საკითხი. დღეის მდგომარეობით, სკოლებში სისუფთავეზე პასუხისმგებელი პირების რიცხვი მცირეა, მათი ანაზღაურება კი 150 ლარიდან 350 ლარამდე მერყეობს. მეგი კავთუაშვილის თქმით, დღეს, სკოლას არ აქვს უფლება, თავად გადაწყვიტოს, თუ რა რაოდენობის დამლაგებელი სჭირდება იმისათვის, რომ უზრუნველყოს სანიტარული ნორმები:
„კარგი იქნებოდა, ამ პერიოდის განმავლობაში, სახელმწიფოს ეზრუნა არა ცალკეული ადამიანებისთვის თანხის დარიგებაზე, არამედ, უფრო გონივრული იქნებოდა, ეს თანხები მიემართა სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისკენ, სკოლების ბიუჯეტის გაზრდისკენ, რომ თუნდაც დამლაგებლის ხელფასი ყოფილიყო ცოტათი უფრო ღირსეული. თუკი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა საკლასო ოთახებში უსაფრთხოდ გააგრძელონ სწავლა, თუნდაც მონაცვლეობით, ამაზე სახელმწიფოს სათანადოდ უნდა ეზრუნა“.
განათლების სამინისტროს რეკომენდაციების თანახმად, სკოლებს ეძლევათ უფლება, თავად განსაზღვრონ გაკვეთილის ხანგრძლივობა. ასევე ორგანიზება გაუკეთონ სკოლებში საგაკვეთილო პროცესის რამდენიმე ცვლას. გარდა ამისა, სკოლას მოსწავლეების უსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, შეუძლია დანერგოს შერეული (ე.წ. ჰიბრიდული მოდელი, რაც გულისხმობს სწავლას როგორც საკლასო ოთახებში, ასევე დისტანციურად) სწავლების საკუთარი მოდელი.
"მაქვს მოლოდინი, რომ ის ექსპერიმენტი, რასაც განათლების სამინისტრო გეგმავს, არ გაამართლებს"
რადიო თავისუფლების მიერ გამოკითხული მშობლების უმეტესობა ამბობს, რომ ჯერჯერობით, მათ არ აქვთ არანაირი ინფორმაცია სკოლების ადმინისტრაციებისგან, თუ რა მეთოდით აპირებენ ისინი სასწავლო წლის განახლებას - სწავლების შერეული მეთოდი დაინერგება, თუ სასწავლო პროცესი სრულად გადაინაცვლებს კლასებში? იგეგმება თუ არა დამატებითი ცვლების დამატება და ა.შ.
ამ მხრივ, შედარებით აქტიურობენ კერძო სკოლები. ნინო თავაძე, ერთ-ერთი კერძო სკოლის მესამეკლასელი მოსწავლის დედა, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ცოტა ხნის წინ, სკოლის ადმინისტრაციისგან მიიღეს სასწავლო წლის განახლების რამდენიმე სავარაუდო სცენარი:
„ერთ-ერთი ვარიანტია კლასის ორ ნაწილად გაყოფა - ერთი ნაწილი კვირაში 3 დღეს ივლის, მეორე ნაწილი 2 დღეს, მომდევნო კვირას შეიცვლებიან და ვინც სახლში რჩება, ონლაინ აგრძელებს. დასვენებაზეც და კაფეტერიაში ისე გადაანაწილეს ბავშვები, რომ ბევრი ერთ ადგილზე არ ხვდება. ასევე, პირბადეს არ თხოვენ მხოლოდ საბავშვო ბაღის და პირველი კლასის მოსწავლეებს. ტუალეტებსაც უფრო ხშირად დაასუფთავებენ. მიუხედავად ამისა, მაინც მეშინია, რადგან ბავშვებმა დისტანციის დაცვა არ იციან, განსაკუთრებით ამხელა მონატრების შემდეგ. სანამ გავრცელება დაბალია, ალბათ ამ პირობებით გავუშვებ სკოლაში, თუმცა თუ მოლოდინი გამართლდა და ვირუსი აციებასთან ერთად გამძაფრდა, ალბათ აღარ გავუშვებ, თუნდაც სწავლა არ შეწყდეს“.
ეკა ლალიაშვილის შვილი წელს მეორე კლასში მიდის. ეკა ამბობს, რომ მის შვილს ერთი სული აქვს, როდის დაიწყება სწავლა და როდის შეხვდება მონატრებულ კლასელებს. ეკა იმასაც კარგად აცნობიერებს, რომ ბავშვებისთვის სასკოლო გარემო, ურთიერთობები, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია განვითარებისთვის და ის სწორედ იმ მშობლების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებსაც სურთ, რომ სექტემბრიდან სასწავლო წელი სწორედ კლასებში განახლდეს და ბავშვებს აღარ მოუწიოთ კომპიუტერებთან დიდი დროის გატარება, თუმცა, ეკა შიშობს, რომ სასწავლო პროცესის განახლებამ, შესაძლოა, ვირუსის გავრცელება გამოიწვიოს და ძალიან მალე, ბავშვებს კვლავ სახლებში მოუწიოთ დაბრუნება:
„ერთ-ერთ თვალსაჩინო მაგალითად მოვიყვანდი ისრაელს. მათ ვირუსის გავრცელების საკმაოდ დაბალი მაჩვენებელი ჰქონდათ, თუმცა, სკოლების გახსნისა და ნიღბების მოხსნის შემდეგ, იქ ძალიან გართულდა ვითარება. ეს არ არის ჩვენი მოგონილი საფრთხე. ეს არის საფრთხე, რომელიც საერთაშორისო გამოცდილებიდან ვიცით, ამიტომ გამონაკლისი ვერც ჩვენ ვიქნებით. ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა გვქონოდა არჩევანი, გაგვეგრძელებინა სწავლა ონლაინ თუ სკოლის კედლებში. მე მაქვს მოლოდინი, რომ ის ექსპერიმენტი, რასაც ახლა ჯანდაცვის სამინისტრო და განათლების სამინისტრო გეგმავს, არ გაამართლებს და ძალიან მალე, სკოლები კვლავ დაიხურება. როდესაც ვამბობთ, რომ ბავშვებისთვის ვირუსი არ წარმოადგენს დიდ საფრთხეს, რომ მათ ვირუსი უსიმპტომოდ გადააქვთ, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისინი შესაძლოა იქცნენ ვირუსის მატარებლად. ასეთ დროს რა უნდა ქნან ბავშვების ოჯახის წევრებმა? ხანდაზმულებმა? ორსულებმა? არ მინდა ისე გამომივიდეს, რომ ბავშვების გამოკეტვა მსურს სახლში, არავითარ შემთხვევაში, მაგრამ აუცილებლად უნდა ამოქმედდეს სწავლების ჰიბრიდული მეთოდი, რათა ინფიცირების ნაკლები რისკი იყოს“.
აღსანიშნავია, რომ განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, I-IV კლასის მოსწავლეებისათვის გაკვეთილების სასკოლო სივრცეში ჩატარება სავალდებულოა, ანუ, ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის, გაკვეთილების ონლაინ ჩატარება, ამ ეტაპზე, გამოირიცხა. სკოლის ადმინისტრაციის მიერ, საჭიროების შემთხვევაში, შერეული მოდელის დანერგვისას, V-VI კლასებში დისტანციური სწავლება შესაძლებელი იქნება კვირაში მაქსიმუმ 1 დღე, VII – XI კლასებში მაქსიმუმ 2 დღე, ხოლო XII კლასში - მაქსიმუმ 3 დღე.
ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, ნანა დიხამინჯია ფიქრობს, რომ რეკომენდაციები, რომლებიც განათლების სამინისტრომ გამოსცა, ნაკლებად დაიცავს მოსწავლეებს ვირუსისგან, რაკიღა ნაკლებად არის გათვალისწინებული ის ფუნდამენტური რეკომენდაციები, რომლებიც ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის მნიშვნელოვანია:
„თუკი შევხედავთ რეკომენდაციებს განვითარებული ქვეყნების სკოლებში, ვნახავთ, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ვენტილაციას, დისტანციის დაცვას და პირბადეს, სადაც ეს შესაძლებელია. 1-მეტრიანი დისტანცია არ არის საკმარისი. ბავშვებმა ერთ სივრცეში ნაკლები დრო უნდა გაატარონ. ამას კი სჭირდება გაკვეთილების შემოკლება და შესვენებების გაზრდა, რომ საკლასო ოთახები სათანადოდ განიავდეს. შესვენებებზე მაქსიმალურად გარეთ უნდა იყვნენ ბავშვები. გარდა ამისა, უნდა შემუშავდეს შესვენებების ინდივიდუალური გრაფიკი, რომ ბევრი ბავშვი ერთდროულად არ აღმოჩნდეს დერეფანში, საპირფარეშოში ან სასადილოში. ასევე საჭიროა სკოლების ვენტილაციის სისტემების შეფასება და გაუმჯობესება“.
განათლების სამინისტროს განცხადებით, ახალი სასწავლო წლის დაგეგმვის პროცესში ჩართულნი იყვნენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მათ შორის, განათლების სამინისტრომ რეკომენდაციები მიიღო გაეროს ბავშვთა ფონდისგანაც.
იუნისეფის წარმომადგენელი საქართველოში, ღასან ხალილი ამბობს, რომ რაც უფრო დიდხანს რჩებიან ბავშვები სკოლის გარეთ, მით უფრო რეალურია ფიზიკურ, ემოციურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკები. მისი თქმით, უარესდება ბავშვების აკადემიური მოსწრება, რაც ნეგატიურად აისახება მათ მომავალზე:
„არ არსებობს მტკიცებულება, რომ დაავადების გადადების სიხშირე კავშირშია სკოლების გახსნასთან ან მათ დახურვასთან. სამაგიეროდ, არის აურაცხელი მტკიცებულება იმ უარყოფით გავლენაზე, რაც სკოლების დახურვას აქვს ბავშვებზე. ფიზიკური დისტანცია, წყლისა და სანიტარული პირობების, ჰიგიენის აუცილებელი ზომების უზრუნველყოფა უმნიშვნელოვანესია. მოდით, ვისარგებლოთ ამ კრიზისით და გავხადოთ სკოლები უკეთესი და უფრო უსაფრთხო“.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სასკოლო სივრცეში მეცადინეობა გასული სასწავლო წლის მარტის დასაწყისში შეწყდა. რამდენიმე ხანში, საგაკვეთილო პროცესი ონლაინ რეჟიმში განახლდა. თუმცა, ამ პროცესს უმტკივნეულოდ არ ჩაუვლია, განსაკუთრებით რეგიონში მცხოვრები მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის, რომლებსაც ინტერნეტთან წვდომა შეზღუდული ჰქონდათ. სწავლების ერთ-ერთ ალტერნატიულ მეთოდად განისაზღვრა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გასული სატელევიზიო პროგრამა „ტელესკოლა“.
გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემებით, 3-დან 17 წლამდე ასაკის იმ ბავშვების რაოდენობა, რომელთაც სახლში არ აქვთ ინტერნეტი და კომპიუტერი, ქვეყნის მასშტაბით 50 400-ია.