ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ყურადღებით აკვირდება ბელარუსში შექმნილ ვითარებას.
„როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, ბელარუსის ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის გამოხატვისა და მშვიდობიანი პროტესტის უფლებას“, - დაწერა ტვიტერში ნატოს გენერალური მდივნის პრესმდივანმა ოანა ლუნჯესკუმ.
ამ განცხადების ფონია 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმებისა და ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით ბელარუსში მიმდინარე მასობრივი საპროტესტო აქციები და გაფიცვები.
ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკამ, რომელიც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამარჯვებულად გამოაცხადა, დაძაბული უწოდა ქვეყნის დასავლეთ საზღვრებთან შექმნილ სიტუაციას და განაცხადა, რომ ნატოს ქვეყნებიდან მომდინარე შესაძლო საფრთხის გამო, ვიტებსკიდან გროდნოში გადაისროლა საჰაერო-სადესანტო ბრიგადა.
ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 17-20 აგვისტოს სამხედრო წვრთნები გაიმართება ერთბაშად სამ - ბარანოვიჩის, ოსტოროვცისა და გროდნოს პოლიგონებზე.
ნატოში აცხადებენ, რომ რეგიონში არ მომხდარა ალიანსის სამხედრო ძალის გაზრდა.
„ნატოს მრავალეროვნული ძალის ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში არც ერთი ქვეყნისათვის არ წარმოადგენს საფრთხეს. ეს არის მკაცრად თავდაცვითი და პროპორციული ძალა, რომელიც მიზნად ისახავს კონფლიქტების თავიდან აცილებას და მშვიდობის შენარჩუნებას“, - წერს ოანა ლუნჯესკუ.