ლუკაშენკა: ძალაუფლების გადანაწილება უნდა მოხდეს კონსტიტუციური პროცესით და არა ქუჩის აქციებით

ბელარუსის პრეზიდენტი ალიაქსანდრ ლუკაშენკა აცხადებს, რომ სახელისუფლებო უფლებამოსილების გადანაწილება უნდა განხორციელდეს საკონსტიტუციო პროცესით და არა ქუჩის აქციებით.

ამის შესახებ ლუკაშენკამ განაცხადა 17 აგვისტოს, ქარხანა МЗКТ-ში ყოფნის დროს.

ამ ქარხანაში ასევე მიმდინარეობს გაფიცვა და ქარხნის ეზოში, როგორც რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახური იუწყება, შეკრებილი მუშები სკანდირებდნენ: „წადი! წადი!“ და „ვადამდელი არჩევნები!“.

„ვერ ეღირსებით, რომ მე ზეწოლით რაიმე გავაკეთო. ის (ვადამდელი არჩევნები) არ იქნება. რადგან აღარ იარსებებს МЗКТ, არც МАЗ-ი და არც БЕЛАЗ-ი, ნახევარ წელიწადში ყველაფერს გავანადგურებთ“, - განაცხადა ლუკაშენკამ მუშების მოთხოვნის პასუხად და დასძინა, რომ ვინც გაიფიცება, სამსახურს დაკარგავს.

ბელარუსის ოფიციალური სააგენტო „ბელტას“ცნობით, ლუკაშენკამ განაცხადა, რომ მიმდინარეობს მუშაობა საკონსტიტუციო ცვლილებების რამდენიმე ვარიატზე, რომლებიც ითვალისწინებს სახელისუფლებო უფლებამოსილებების გადანაწილებას.

„არ შეიძლება, ეს კონსტიტუცია გაუგებარ ადამიანებს ჩაუვარდეთ ხელში, რადგან უბედურება მოხდება“, - განაცხადა ლუკაშენკამ.

ბელარუსში კვირაზე მეტია გრძელდება მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლები საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ და ლუკაშენკას გადადგომის და ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით. ოფიციალური შედეგებით, საპრეზიდენტო არჩევნებში ლუკაშენკამ გაიმარჯვა ხმების 80%-ით, ციხანოუსკაიამ კი 10% მიიღო.

ოპოზიციის ლიდერები, სამოქალაქო აქტივისტები და ქუჩაში პროტესტის ნიშნად გასული ათიათასობით ადამიანი, მათ შორის, ყველაზე დიდი ქარხნების მუშები, მოითხოვენ ფალისფიცირებული არჩევნების შედეგების გაუქმებას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ახალი ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საერთაშორისო დამკვირვებლების ფართო მონაწილეობის პირობებში.