ბელარუსის არმია ტაქტიკურ წვრთნებს იწყებს ლიეტუვასთან მოსაზღვრე ჰროდნოს ოლქში. ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, სამხედრო სწავლება 17-20 აგვისტოს ჩატარდება სარაკეტო ძალების, სატანკო ბატალიონების და არტილერიის მონაწილეობით.
ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საზენიტო-სარაკეტო პოლკის სამი ქვედანაყოფი საჰაერო სივრცეში სახელმწიფო საზღვრის დაცვის ფარგლებში შეუდგა ჰაწერსაწინააღმდეგო თავდაცვის საბრძოლო მორიგეობის ამოცანის შესრულებას. ტაქტიკური წვრთნებისას 103-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადა გოჟსკის პოლიგონზე მესაზღვრეებთან ერთად დაამუშავებს სახელმწიფო საზღვრის გაძლიერების საკითხებს.
16 აგვისტოს, ბელარუსის მოქმედმა პრეზიდენტმა ლუკაშენკამ მინსკში, მხარდამჭერთა მიტინგზე განაცხადა, რომ ნატოს ტანკები და თვითმფრინავები ბელარუსის საზღვრიდან 15 წუთის სავალზე განათავსეს და მეზობელი ქვეყნები მოითხოვენ ბელარუსში განმეორებით კენჭისყრას, რასაც ის ეწინააღმდეგება.
ნატომ ბელარუსის საზღვართან ალიანსის ძალების თავმოყრა უარყო. ნატოს წევრმა ლიეტუვამ განაცხადა, რომ მისგან მეზობელ ბელარუსს არანაირი სამხედრო საფრთხე არ ემუქრება.
იმავე დღეს, კრემლმა გაავრცელა ინფორმაცია პუტინის და ლუკაშენკას სატელეფონო საუბრის შესახებ, რომლის დროსაც განიხილეს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი სიტუაცია, მათ შორის "გარედან ზეწოლის გათვალისწინებით". პუტინმა ლუკაშენკას დაუდასტურა, რომ რუსეთი მზად არის ბელარუსს დაეხმაროს შექმნილი პრობლემების გადაწყვეტაში სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნის ხელშეკრულების საფუძველზე და ასევე, კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის ხელშეკრულების ხაზით.
ბელარუსში კვირაზე მეტია გრძელდება მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლები. დემონსტრანტები ლუკაშენკას ხელისუფლებას ადანაშაულებენ 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებაში და ხელახალ კენჭისყრას მოითხოვენ.