ბელარუსის პრეზიდენტი, ალიაქსანდრ ლუკაშენკა ძლიერი ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა, როცა ქვეყანა შაბათ-კვირას მოელის მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს, რომელთა მონაწილეები მისი 26-წლიანი მმართველობის დასრულებას მოითხოვენ გაყალბებული არჩევნების და დემონსტრაციების სასტიკი ჩახშობის შემდეგ.
ოპოზიციის ლიდერმა სვიატლანა ციხანოუსკაიამ მომხრეებს მშვიდობიანი გამოსვლებისკენ მოუწოდა 15 და 16 აგვისტოს მას მერე, რაც ის აიძულეს ქვეყანა დაეტოვებინა და ლიეტუვაში წასულიყო.
„ბელარუსები არასოდეს ისურვებენ წინა მთავრობასთან ერთად ცხოვრებას. უმრავლესობას მისი გამარჯვებისა არ სჯერა“, - განაცხადა მან ვიდეომიმართვაში 14 აგვისტოს.
„დაიცავით ჩვენი არჩევანი“, - თქვა მან, როცა ხალხს შაბათ-კვირას გამოსვლების გაგრძელებისკენ მოუწოდა.
9 აგვისტოს საპროტესტო გამოსვლების შემდეგ მინსკის ქუჩებში არნახული სცენები გათამაშდა. 6700-მდე ადამიანი დააკავეს არჩევნების შემდეგ დღეებში. თვითმხილველები ჰყვებიან საშინელი პირობების შესახებ დაკავების ადგილებში, ცემის და სხვა სასტიკი მოპყრობის ფაქტების შესახებ.
ძალადობრივი დაკავების და ცემის სცენები არჩევნების შემდეგ 14 აგვისტოს გადაიზარდა ეიფორიაში, რომ ცვლილებები შესაძლებელია, როცა ათეულათასობით ადამიანი გავიდა ქუჩაში, სამართალდამცველების მხრიდან დიდი ძალადობა არ ყოფილა, და შეიქმნა ვითარება, რასაც ბელარუსმა პუბლიცისტმა, დმიტრი ბოლკუნეცმა, „ეროვნული სიხარულის დასაწყისი“ უწოდა.
„დემონსტრანტებს შიშის გრძნობა გაუქრათ, აღარ ეშინიათ რეპრესიების“, უთხრა მან რადიო თავისუფლების ტელეპროექტს, „ნასტოიაშჩეე ვრემიას“. თეთრ ტანსაცმელში გამოწყობილი ქალები ყვავილებით, მუშები, რომლებიც სახელმწიფო საწარმოებში გაიფიცნენ, ექიმები, სტუდენტები და ყველა კატეგორიის ბელარუსები მონაწილეობდნენ საპროტესტო გამოსვლებში. სამართალდამცველი ორგანოების ზოგიერთი თანამშრომელიც კი გაიფიცა და უარი თქვა სამუშაოს შესრულებაზე.