ბელარუსმა გაათავისუფლა 32 რუსი მოქალაქე, რომლებიც იქ დააკავეს დესტაბილიზაციის მოწყობის ბრალდებით

14 აგვისტოს განთავისუფლებული რუსეთის მოქალაქეების, დაქირავებული მებრძოლების დაკავება29 ივლისს

ბელარუსმა გაათავისუფლა რუსეთის 32 მოქალაქე, რომლებიც მინსკის მახლობლად დააკავეს გასულ თვეში და ბრალად დასდეს, რომ დაქირავებული მებრძოლები არიან და ბელორუსის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში დესტაბილიზაციის მოწყობა სურდათ.

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმად 14 აგვისტოს დაკავებულები გაუშვეს და რუსეთში დააბრუნეს. პროკურატურის თანახმად, მათ რუსეთში მათ წინააღმდეგ საქმეს არ აღძრავენ მიუხედავად იმისა, რომ დაქირავებული მებრძოლების საქმიანობა რუსეთში კანონით იკრძალება. 33-ე პირი, რომელიც ასევე იყო დაკავებული, არ გაუთავისუფლებიათ, რადგან ის ბელორუსის მოქალაქეა და აქვს რუსული პასპორტიც. დაკავებულებიდან 28-ის გადაცემას მოითხოვდა უკრაინა, რომელსაც მიაჩნია, რომ ისინი აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარეს იბრძოდნენ.

ისინი დააკავეს მინსკთან 29 ივლისს და ამოიცნეს, როგორც რუსეთში დაფუძნებული უშიშროების კერძო ფირმის, ვაგნერის თანამშრომლები. მინსკი აცხადებდა, რომ მათი მიზანი იყო ბელარუსში „ფერადი რევოლუციის“ მოწყობა მაშინ, როცა ლუკაშენკა მეექვსე ვადით ცდილობდა პრეზიდენტობის მოპოვებას.

რუსეთმა განაცხადა, რომ რაზმი ბელორუსის გავლით მიემგზავრებოდა თურქეთში, საიდანაც მესამე ქვეყანაში უნდა გადაეყვანათ. მათი დაკავების დროს მინსკი ამტკიცებდა, რომ 200 რუსი დაქირავებული მებრძოლი იმყოფებოდა ბელარუსში დესტაბილიზაციის მოსაწყობად.