მინსკში გაფიცული მუშები დემონსტრანტებს უძღვებიან, საპროტესტო გამოსვლები ფართოვდება

მინსკში ათასობით მუშა სხვადასხვა საწარმოდან, მათ შორის, ტრაქტორმშენებელი ქარხნიდან, მსვლელობის შემდეგ მივიდნენ დამოუკიდებლობის მოედანზე, მთავრობის სახლთან.

ისინი მოუწოდებენ მთავრობას დიალოგისკენ და გაიძახიან ლოზუნგს „გამოდი“.

მათ შეუერთდა დემონსტრანტთა ჯგუფი, რომელიც მილიციის ძალადობის წინააღმდეგ გამოთქვამს პროტესტს.

რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის კორესპონდენტი იტყობინება, რომ სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლებმა დემონსტრანტების მიმართ სოლიდარობის ნიშნად დაუშვეს ფარები, ზოგიერთი დემონსტრანტი სპეცრაზმელებს გადაეხვია.
მოგვიანებით მთავრობის სახლთან მივიდა სპეცრაზმის დაახლოებით 20-მდე თანამშრომელი. მათ ხალხი შეავიწროვეს შენობიდან ას მეტრში და მოუწოდებენ მათ დაიშალონ. Tut.by-ს ცნობით, დემონსტრანტებმა მათ ”უპასუხეს ლოზუნგით: „ჩვენ ყველგან ვართ“.

დაუდასტურებელი ცნობებით, მინსკში საპროტესტო გამოსვლის მონაწილეთა რიცხვი 20 ათასამდე იყო. დემონსტრანტები მოითხოვდნენ 9 აგვისტოს არჩევნების შედეგების გაუქმებას, ახალი არჩევნების ჩატარებას ახალი ცენტრალური საარჩევნეო კომისიის მიერ, საპატიმროებში მყოფი პოლიტიკუროი პატიმრების განთავისუფლებას. უშიშროების ძალებმა დემონსტრანტებს მიმართეს, რომ თუ გამოსვლები იქნება მშვიდობიანი, ძალა არ იქნება გამოყენებული. მათ გააფრთხილეს დემონსტრანტები, არ დაუშვან პროვოკაციები.

ტრაქტორმშენებელი ქარხნის მუშათა დემონსტრაცია დაიწყო მას მერე, რაც მუშებმა გაფიცვა გამოაცხადეს. მათთან მივიდა პრემიერ-მინისტრი რომან ჰოლოვჩენკო, მაგრამ არ ისურვა გაფიცულებთან ჟურნალისტების თანდასწრებით საუბარი.
ბელარუსში 9 აგვისტოს შემდეგ მიმდინარეობს საპროტესტო გამოსვლები, რომლებიც მიმართულია საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების წინაამდეგ. დემონსტრაციები არ აღიარებენ პრეზიდენტ ლუკაშენკას გამარჯვებას. აქციების პირველ დღეებში პოლიციამ სასტიკად დაარბია დემონსტრაციები, რასაც მოჰყვა აქციების გაფართოება.

ბელარუსის მედიის და სოცქსელების თანახმად, პარასკევს მიტინგები გაიმართა ბელორუსის მეტალურგიული ქარხანაში, საავტომობილო, ელექტროტექნიკური, ტრაქტორმშენებელი ქარხნებში და სხვაგან, სულ 20-მდე საწარმოში.

სოცქსელების მიერ გავრცელებულ ვიდეო ჩანაწერებზე ისმის მიტინგებზე გამომსვლელების ხმა, რომლებიც პროტესტს გამოთქვამენ მილიციის ძალადობის გამო მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ და მოითხოვენ პრეზიდენტ ლუკაშენკას გადადგომას.
ზოგიერთ საწარმოში მუშებს მათი ხელმძღვანელები შეხვდნენ. გაფიცვების დროს ქარხნები არ გაჩერებულა.
საპრეზიდენტო კანდიდატი სვიატლანა ციხანოუსკაია თავის მომხრეებს მოუწოდებს „დაიცვან არჩევანი“ და აცხადებს, რომ ქმნის „ძალაუფლების გადაცემის უზრუნველყოფის საკოორდინაციო საბჭოს“. ბელარუსის პრეზიდენტის მთავარი მეტოქე 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებზე ციხანოუსკაია, რომელიც აიძულეს დაეტოვებინა ქვეყანა და ლიეტუვაში წასულიყო, მოუწოდებს მომხრეებს შაბათ-კვირას მოაწყონ გამოსვლები.