„საქართველოში ომი იწყება“ - აგვისტოს ომის დიპლომატიური კულისები. ნაწილი მეორე

კონდოლიზა რაისი

ძნელია გაიხსენო ორი უფრო განსხვავებული პიროვნება, ვიდრე კონდოლიზა რაისი და ნიკოლა სარკოზი არიან. პირველი - ამერიკის ინტელექტუალური არისტოკრატიის წარმომადგენელი, რაფინირებული და ამასთან ერთად მშრალი ტექნოკრატი, რომლის ეს სიმშრალეც მხოლოდ მოცარტისა და ბრამსის შესრულებისას ქრება. მეორე – ძლიერი ინსტინქტის მქონე პოპულისტი, ჟესტისა თუ პოზის მოყვარული, ზედაპირული და ქარიზმატული პოლიტიკოსი. პირველი თუ პრობლემების სიღრმისეულ ჩაწვდომასაა მიჩვეული, მეორე ფოტო-ტელეკამერების წინ „ჩაღრმავებას“ ამჯობინებს (ალბათ ამ ზედაპირულობამ დააშვებინა სარკოზის და მის გუნდს ის შეცდომა, რაზეც კონდოლიზა რაისი საუბრობს). ის, თუ როგორ განსხვავებულად რეაგირებენ 2008 წელს სარკოზი და რაისი სააკაშვილის დამხობის მოთხოვნაზე, მრავლისმეტყველია და კარგად აჩვენებს მათ აბსოლუტურად განსხვავებულ დამოკიდებულებას დემოკრატიული პრინციპების მიმართ.

სარკოზისაგან განსხვავებით, რაისი კარგად იცნობს სამხრეთ კავკასიის რეგიონის პრობლემებს. კონდი-კონდოლიზა ბუშის ადმინისტრაციაში მისვლისას არა მარტო ვეტერან სოვეტოლოგად ითვლებოდა, არამედ ადამიანად, რომელმაც ზედმიწევნით იცოდა, თუ როგორ მუშაობდა პუტინის ე.წ. „სისტემის“ ყველა ჭანჭიკი. სხვათა შორის, პუტინს ის პირველად 1992 წელს გადაეყარა პეტერბურგში, ანატოლი სობჩაკის მიერ მოწყობილ საღამოზე.

ასევე ნახეთ ნიკოლა სარკოზის პირველი ქარიშხალი – აგვისტოს ომის დიპლომატიური კულისები. ნაწილი პირველი

ვაშინგტონში გატარებული წლების შესახებ 2012 წელს გამოქვეყნებულ 58-თავიან მემუარებში, ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივანი საქართველოზე თავს ასე ასათაურებს: „საქართველოში ომი იწყება“. საქართველოზე საუბარს კონდოლიზა რაისი „შორიდან“ იწყებს, რაც ქართულ-რუსული პრობლემების ლაბირინთებში დაკარგული მკითხველისათვის არიადნეს ძაფის ფუნქციას ასრულებს. ძალიან საინტერესოა მოგონებების ის გვერდები, რომლებიც 2008 წლის აპრილში ბუქარესტის ნატოს სამიტს ეხება. თუმცა დღეს ჩვენ მხოლოდ 2008 წლის ცხელი ზაფხულით შემოვიფარგლებით.

ღია კონფლიქტი მხოლოდ დროის საკითხი იყო

„ჯერ კიდევ გასული წლის განმავლობაში (საუბარია 2007 წელზე - ლ.ო.) ძლიერი იყო დაძაბულობა არასტაბილურ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონებში, რაც ძირითადად მოსკოვის მიერ იყო გამოწვეული. 2008 წლის გაზაფხულზე კვირა არ გავიდოდა, რომ არ მოეტანა ახალი პროვოკაცია სამხრეთ ოსეთში, იქნებოდა ეს რუსი სამხედროების რაოდენობის ზრდა (...) თუ რუსული პასპორტების დარიგება საქართველოს ამ ტერიტორიის მოქალაქეებისათვის. ზუსტად მაშინ გამომიგზავნა ლავროვმა გრძელი სია საჩივრებისა - ზოგიერთი ლეგიტიმური, ზოგიერთიც შეთხზული - სააკაშვილისა და ქართველების წინაააღმდეგ. ეს იყო გამაფრთხილებელი სიგნალი. და ნაპერწკლის აალება, ღია კონფლიქტი, მხოლოდ დროის საკითხი იყო“, წერს კონდოლიზა რაისი და იხსენებს, რომ ამ გაუარესებული სიტუაციის პასუხად 23 ივნისს, გერმანიაში ვიზიტის დროს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა და მან შეიმუშავეს სამფაზიანი დიპლომატიური გეგმა:

„პირველი ეტაპი გეგმისა ითვალისწინებდა ძალის გამოუყენებლობაზე ვალდებულების აღებას ყველა მხარის მიერ (რაც იყო მოსკოვის მოთხოვნა ქართველების მიმართ); მეორე ეტაპი უნდა დათმობოდა აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის საბოლოო გადაწყვეტას. ძალიან მალე ამის შემდეგ შტაინმაიერი გაემგზავრა ვიზიტით თბილისში, აფხაზეთსა და მოსკოვში. რამდენიმე დღის შემდეგ მან ჩვენს დიპლომატებს შეატყობინა, რომ პროგრესი სახეზე იყო.“

ისე შემომხედა, თითქოს უკანასკნელი მეგობარი დაკარგა

შტაინმაიერის ვიზიტიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, 10 ივლისს, რაისი თავად ჩადის თბილისში:

„სააკაშვილი შემომეგება რესტორან ‘კოპალას’ ტერასაზე, საიდანაც ქალაქის წარმტაცი ხედი იშლება. (...) ის ძალიან ამაყი იყო (და სრულიად ლეგიტიმურად) მისი პრეზიდენტობის დროს ქვეყნის მიერ მიღწეული დიდი პროგრესის გამო. (...) ჩემთვის ძალიან ძნელი აღმოჩნდა ამეხსნა სააკაშვილისთვის, რომ ყველა მისი მიღწევა საფრთხის წინაშე იყო. (...) ამაყი, იმპულსური... ჩვენ ძალიან გვეშინოდა, რომ მოსკოვი მისი ამ თვისებების მანიპულირებით შეძლებდა მის პროვოცირებას. (...) «ბატონო პრეზიდენტო», მივმართე მას, შევეცადე რა მისი ყურადღება ქალაქის ხედებიდან გადამეტანა, «თქვენ ხელი უნდა მოაწეროთ ვალდებულებას ძალის არგამოყენების შესახებ». «როგორ შემიძლია მე ეს გავაკეთო, როდესაც პუტინი ამგვარად მოქმედებს?». მისი ეს პასუხი გულისხმობდა, რომ ის მოაწერდა ხელს, თუ რუსებისგან სამაგიეროდ რაიმეს მიიღებდა. «მე დაველაპარაკები რუსებს, მაგრამ თქვენ სხვა არჩევანი არ გაქვთ», ვუპასუხე. «თქვენ არ შეგიძლიათ გამოიყენოთ ძალა. (...) მოაწერეთ ხელი, სანამ საერთაშორისო მხარდაჭერა გაქვთ»“.

კონდოლიზა რაისი წერს, რომ კარგა ხანს ცდილობდა სააკაშვილის დარწმუნებას, ხელი მოეწერა ძალის არგამოყენების ვალდებულებაზე:

„ჩვენ საათზე მეტხანს დავდიოდით წინ და უკან და სააკაშვილი ჯიუტად უარობდა დათმობაზე წასვლას. ბოლოს და ბოლოს ვიფიქრე, რომ უფრო მკაცრი მიდგომა უნდა ამერჩია: «ბატონო პრეზიდენტო, რაც უნდა მოიმოქმედოთ, არ დაუშვათ, რომ რუსებმა შეძლონ თქვენი პროვოცირება. გახსოვთ პრეზიდენტ ბუშის სიტყვები, რომელმაც გაგაფრთხილათ, რომ მოსკოვი შეეცდება თქვენს პროვოცირებას და წინდაუხედავ ნაბიჯს გადაგადგმევინებთ. არავინ მოვა თქვენს დასახმარებლად და თქვენ დამარცხდებით», ვუთხარი მკაცრად.

„ისე შემომხედა, თითქოს უკანასკნელი მეგობარი დაკარგა – ნათელი იყო, რომ მან ყველაფერი სწორად გაიგო. დავამატე რა, რომ ამერიკა, განცხადებების დონეზე, ყოველთვის დაიცავს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მე ამგვარად შევეცადე შემერბილებინა უკვე ნათქვამი სიტყვები. მან მკითხა, თუ ვაპირებდი იმავეს საჯაროდ გამეორებას. მე გავიმეორე და ჩემი სიტყვები ცალსახად არაორაზროვანი იყო – ეს აუცილებელი იყო, რათა თავი ამერიდებინა არასწორი ინტერპრეტაციისათვის, რომ ამერიკა საქართველოს იარაღით ხელში დაიცავდა...“

ჯორჯ ბუში შეეცადა უხერხული საუბარი დაეწყო რუსეთის პრეზიდენტთან

რაისი იგონებს უკიდურესად გამწვავებულ სიტუაციას, რომელიც უშუალოდ უძღოდა აგვისტოს ომის ძირითად მოვლენებს:

„და 7 აგვისტოს ღამით ვულკანმა ამოხეთქა. საქართველოს მიერ ცალმხრივი ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად, სამხრეთ ოსეთის მეამბოხე ძალები აგრძელებდნენ ეთნიკური ქართველებით დასახლებული სოფლების დაბომბვას ცხინვალის გარშემო. მას შემდეგ, რაც საქართველოს შეიარაღებული ძალების ერთ-ერთმა მაღალი თანამდებობის სამხედრო პირმა განაცხადა, რომ თბილისმა გადაწყვიტა «კონსტიტუციური წესრიგის» აღდგენა სამხრეთ ოსეთში, ქართველმა სამხედროებმა იერიში მიიტანეს მეამბოხეებზე. (...) პრეზიდენტი ბუში ესწრებოდა ოლიმპიურ თამაშებს პეკინში, ბობ გეიტსი მიუნხენში იყო. ჩინეთთან დროში სხვაობა ართულებდა ჩვენ სატელეფონო კომუნიკაციას და, მიუხედავად ამისა, დღეში ორჯერ ვახერხებდი პრეზიდენტთან საუბარს. იჯდა რა პუტინის გვერდით ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე, ჯორჯ ბუში შეეცადა უხერხული საუბარი დაეწყო რუსეთის პრეზიდენტთან. საპასუხოდ რუსეთის პრეზიდენტმა აქეთ დაადანაშაულა ქართველები ოსების გენოციდში და თავი მოიკატუნა, თითქოს არაფერი იცოდა რუსეთის ჯარის საომარ მოქმედებებში ჩართვის შესახებ.“

„ჩვენ თავი უნდა აგვერიდებინა იმისთვის, რომ ეს სამხედრო შეტაკება გადაქცეულიყო ამერიკასა და რუსეთს შორის კონფლიქტად“ - იხსენებს რაისი. ასე გადაწყდა ევროკავშირისა და ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის აქტიურად ჩართვა კონფლიქტის მოგვარების პროცესში.

„მე რამდენჯერმე ვესაუბრე ტელეფონით ბერნარ კუშნერს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, და ალექსანდერ სტუბს, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრსა და ეუთოს თავჯდომარეს, რათა საერთო სტრატეგია შეგვემუშავებინა. (...)

11 აგვისტოს ქართველები აცხადებდნენ, რომ სამხედრო ძალები გამოყვანილი ჰყავდათ სამხრეთ ოსეთიდან. გულწრფელად რომ ვთქვა, ძნელი დასადგენი იყო ჭეშმარიტება - ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვიღებდით, ნათელ სურათს არ გვიქმნიდა. ჩვენ ვაგრძელებდით ქართველებზე ზეწოლას, რათა მათ სრულად შეეწყვიტათ სამხედრო მოქმედებები და ამით მოსკოვისთვის წაერთმიათ საბაბი, რათა იერიში გაეგრძელებინა“.

ლავროვი რაისს: «მიშა სააკაშვილი უნდა წავიდეს»

კონდოლიზა რაისი იხსენებს, რომ ყურებს არ დაუჯერა, როდესაც ლავროვმა მას ომის შეწყვეტის პირობად სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლა დაუყენა. ისიც უთხრა, რომ ეს მოთხოვნა მათ შორის უნდა დარჩენილიყო.

„11-ში, ნაშუადღევს, ლავროვმა დამირეკა. ომის დაწყების შემდეგ ეს მისი მეორე ზარი იყო. პირველი სატელეფონო საუბრის დროს მისი მონოლოგი სხვა არაფერი იყო, თუ არა ნაკადი ლანძღვა-გინებისა საქართველოს ხელმძღვანელების წინააღმდეგ. თუმცა ამჯერად ის ძალიან წყნარი იყო. «ჩვენ სამი პირობა გვაქვს», მითხრა მან. «პირველი ორი: საქართველომ ხელი უნდა მოაწეროს ძალის არგამოყენების ვალდებულებას და სამხედროები ყაზარმებში დააბრუნოს». «ჩათვალე, რომ გაკეთებულია», ვუპასუხე მე. (...) «რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, ის ჩვენ შორის უნდა დარჩეს. მიშა სააკაშვილი უნდა წავიდეს». მე ჩემს ყურებს არ ვუჯერებდი და ამიტომაც ძალიან ემოციურად ვუპასუხე: «სერგეი, იცოდე, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრი არ ატარებს მოლაპარაკებებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის დამხობის შესახებ. და იცოდე, რომ მესამე პირობა უკვე საჯარო გახდა, რადგან მე ყველას დავურეკავ და გადავცემ, რომ რუსეთი ითხოვს საქართველოს დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის დამხობას». «მე შენ გითხარი, რომ ეს ჩვენ შორის უნდა დარჩეს», გაიმეორა მან. «არა, ეს არ დარჩება ჩვენ შორის, ამას ყველა გაიგებს». დავურეკე სტივ ჰედლის და შევატყობინე რუსების მოთხოვნის შესახებ. შემდეგ დავუკავშირდი ბრიტანელებს, ფრანგებს და ა.შ. იმ დღეს გაეროს უსაფრთხოების საბჭო იკრიბებოდა. (...) ლავროვი ცოფებს ყრიდა“.

მზად ვართ ჩვენ, რომ რუსებთან ომი დავიწყოთ საქართველოს გამო?

„(...) მე სხვა გამოსავალი არ მქონდა. თუ ქართველებს უნდოდათ სააკაშვილის დასჯა ომის გამო, მათ ეს შანსი მიეცემოდათ მათი კონსტიტუციური პროცესის ფარგლებში. მაგრამ რუსეთს არანაირი უფლება არ ჰქონდათ, მისი შეცვლა მოეთხოვათ. ამ ყველაფერს საბჭოთა სუნი უდიოდა. იმ დროისა, როდესაც მოსკოვი აკონტროლებდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს. ნამდვილად არ ვაპირებდი იმ ეპოქის დაბრუნების თანამონაწილე გავმხდარიყავი. მეორე დღეს ვაშინგტონში დავბრუნდი. პრეზიდენტიც დაბრუნებული იყო ჩინეთიდან და სტივ ჰედლიმ შესლო უსაფრთხოების საბჭოს სხდომის მოწვევა. სხდომა ცოტა ქაოტურად დაიწყო, თან ბევრი მუქარა გამოითქვა რუსების წინააღმდეგ. ერთ მომენტში, სტივიც ჩაერთო დისკუსიაში, რასაც ის იშვიათად აკეთებდა: «მე მინდა რომ ერთი კითხვა დავსვა – მზად ვართ ჩვენ, რომ რუსებთან ომი დავიწყოთ საქართველოს გამო?». ამ კითხვამ დააწყნარა დარბაზი და ჩვენც ნაყოფიერ საუბარში ჩავერთეთ.“

რაისი აღიარებს, რომ მათ სრული სურათის აღქმა უჭირდათ. „ჩვენ დავინახეთ, რომ ჩვენს მეგობრებს ხილული დახმარება სჭირდებოდათ.“ - წერს იგი.

„ჩვენი ინფორმაციის წყაროები არ იყო იდეალური... ხშირად ეს ინფორმაცია შეფერილი იყო პანიკის ფერებით, რომლითაც ქართველი პოლიტიკური თუ სამხედრო ოფიციალური პირები იყვნენ შეპყრობილი. ადმირალ მაიკ მალენს, ჩვენი შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელს, ცხელი ხაზი ჰქონდა დამყარებული თავის რუს კოლეგასთან, რაც საშუალებას გვაძლევდა, თავიდან აგვეცილებინა ნებისმიერი ინციდენტი. ეს ცხელი ხაზი რუსების მაჯისცემის ცოდნის კარგ საშუალებას წარმოადგენდა. საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის დახმარებით მიღწეული იყო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ პირობა, მაგრამ ყველაფერი იმას მეტყველებდა, რომ რუსები მას არ ასრულებდნენ. (...) უფრო და უფრო პესიმისტური ცნობები მოდიოდა ქართველებისგან: რომ რუსეთის არმია თბილისს უახლოვდებოდა, რომ რუსებმა აიძულეს ქართული ჯარი, დაეტოვებინა გორი, რომელიც თბილისიდან 63 კმ-ში მდებარეობდა. სააკაშვილი განუწყვეტლივ რეკავდა თეთრ სახლში და გვაფრთხილებდა, რომ მისი მთავრობის წუთები დათვლილი იყო... სააკაშვილის მეორე სასოწარკვეთილი ზარის შემდეგ დავინახეთ, რომ ჩვენს მეგობრებს ხილული დახმარება სჭირდებოდათ. ჩვენ გავაგზავნეთ ჰუმანიტარული დახმარება სამხედრო ტრანსპორტის საშუალებით, რასაც რუსები უნდა ეიძულებინა, რომ უკან დაეხიათ“.

ვინმემ თუ დახედა რუას? როგორ არ შევლახოთ ფრანგული დიპლომატიის ღირსება

ვინაიდან დიპლომატიურ მოლაპარაკებებს სარკოზი ხელმძღვანელობდა, პრეზიდენტმა ბუშმა მას დაურეკა და კონდოლიზა რაისის პარიზში გაგზავნა შესთავაზა.

„სარკოზი სამხრეთ საფრანგეთში იმყოფებოდა და არ სურდა უკან პარიზში დაბრუნება. მოკლედ 14 აგვისტოს მე უკვე მისი არაჩვეულებრივი რეზიდენციის ვერანდაზე ვიჯექი. (...) მე ვკითხე სარკოზის, როგორ შემეძლო მას დავხმარებოდი. მან მითხრა, რომ სააკაშვილი ყოყმანობდა და არ აწერდა ხელს შეთანხმებას. ამან გამაოცა, რადგან საქართველოს პრეზიდენტს ნათქვამი ჰქონდა ბუშისთვის, რომ მას ომის გაჩერება სურდა. შემდეგ მე შევხედე დოკუმენტს და იმ წუთას მივხვდი, რაშიც იყო საქმე. ფრანგები რუსებს დათანხმდნენ ე. წ. 15-კილომეტრიანი განსაკუთრებული ზონის შექმნაზე, რომელშიც რუსებს შეეძლოთ სამხედრო ძალები განუსაზღვრელი დროით განელაგებინათ. საქართველო პატარა ქვეყანაა და ეს ზონა რუსებს სავარაუდოდ საშუალებას მისცემდა, გადაეკეტათ ქვეყნის მთავარი არტერიები და მოეხდინათ თბილისიდან 63 კმ-ში მდებარე გორის ოკუპაცია.

დამსწრეებს ვკითხე, ვინმემ თუ დახედა რუკას... ჩვენდა გასაოცრად არავის არ ჰქონდა ეს გაკეთებული. ჟან-დავიდ ლევიტმა, სარკოზის მთავარმა მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში, რომელიც გამოცდილი დიპლომატია, განაცხადა, რომ ჩვენი შეშფოთება უადგილო იყო. «მე დავურეკავ ჩვენს ელჩს თბილისში და ვკითხავ, რა ტერიტორიაზეა საუბარი», მიპასუხა მან. ცოტა ხანში დამწუხრებული ლევიტი დაბრუნდა, რათა ეთქვა, რომ ეს ზონა ზუსტად იმ რისკებს მოიცავდა, რასაც ჩვენ ვშიშობდით“.

რაისი იხსენებს, რომ ომის დამთავრებას კიდევ ახალი პრობლემა დაემატა – როგორ გამოესწორებინათ ფრანგული დიპლომატიის ეს შეცდომა ისე, რომ არ შეელახათ მისი ღირსება.

„ჩვენ შევთანხმდით, რომ სარკოზი წერილს გაუგზავნიდა სააკაშვილსა და მედვედევს, თუ რას გულისხმობდა ე.წ. განსაკუთრებული ზონა და რამდენ ხანს შეეძლო რუსულ ძალებს იქ დარჩენა. მე ამ წერილით თბილისში გამგზავრებას და მასზე ქართველების დაყოლიებას ვაპირებდი. ჩვენ ასევე ვისარგებლეთ შემთხვევით და ქალბატონ მერკელის შეხვედრით მედვედევთან, რათა მერკელი დაგვხმარებოდა საბოლოო შეთანხმების მიღწევაში.“

კიდევ ერთი ვიზიტი თბილისში: «ოჰ ღმერთო ჩემო, რას აკეთებს»

როგორც კონდოლიზა რაისი წერს, თბილისში ჩასვლისას პირველი, რაც თვალში მოხვდა, იყო ქართველი ლიდერების სახეებზე აღბეჭდილი ნერვული სტრესი.

„სააკაშვილს მის ოფისში შევხვდი. წერილის გადაცემისას მან მითხრა, რომ მცირეოდენი დრო დასჭირდებოდა საბუთის შესასწავლად. «რამდენიც გენებოთ» - ვუთხარი მე, რაზეც მან შვებით ამოისუნთქა. (...) მე ყველანაირად ვცდილობდი, მათზე ზეწოლა შემემცირებინა. (…) საბოლოოდ შეთანხმებას მივაღწიეთ. მე ვთხოვე დენიელ ფრიდს, რომ დაერეკა ჟან-დავიდ ლევიტისათვის, რათა გაგვეგო, თუ როგორ მიდიოდა საქმეები მოსკოვში. (...) ორივე მხარეს ინტენსიური სამუშაოს შემდეგ შეთანხმება ხელმოწერილ იქნა. მიუხედავად ამ ხელმოწერილი დოკუმენტისა, რუსებმა გააჭიანურეს საქართველოს ტერიტორიიდან საკუთარი ძალების გაყვანა და დღემდე არ დაბრუნებულან იმ პოზიციაზე, რომელიც კონფლიქტამდე ჰქონდათ დაკავებული. და შეთანხმების მიღწევის გამოცხადებიდან ორი კვირის შემდეგ რუსეთმა აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, რამაც საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობას კიდევ უფრო დაამძიმებდა.

სააკაშვილი და მე გარეთ გამოვედით პრესკონფერენციის ჩასატარებლად. თბილისში აუტანლად ცხელოდა და მეც მოკლე პრესკონფერენციის ჩატარების მომხრე ვიყავი. ამასთან, იყო რისკი, რომ ემოციური, გადაღლილი და თან ჟინიანი საქართველოს პრეზიდენტი უადგილო სიტყვებს იტყოდა... «ბატონო პრეზიდენტო, მადლობა გადაუხადეთ ევროპელებსა და ამერიკელებს მხარში თანადგომისთვის, ანუგეშეთ თქვენი ხალხი ომის დამთავრებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება რუსებს – მათ შესახებ კომენტარს თქვენი ნებართვით მე გავაკეთებ»“, ვუთხარი მე.

„პრესკონფერენცია წყნარად დაიწყო, მაგრამ მონოლოგის დროს ის უფრო და უფრო ხურდებოდა. (...) სააკაშვილის ინგლისური უნაკლოა და ვიცოდი, რომ მას სიტყვების შერჩევის პრობლემა არ ჰქონდა. უცბად ის ძალიან აგრესიულ გახდა. მან რუსები ბარბაროსებად მოიხსენია და განაცხადა, რომ რუსულ ტანკებს გეზი ჰქონდათ აღებული და არ გაჩერდებოდნენ. (...) შემდეგ ის გადავიდა ევროპელებზე, შეადარა რა ისინი 1938 წლის მიუნხენსა და დაშოშმინების პოლიტიკას (საუბარია პარიზისა და ლონდონის მიერ ნაცისტური გერმანიის დაშოშმინების პოლიტიკას, რასაც ჩეხოსლოვაკიის დამოუკიდებლობა შეეწირა - ლ.ო.). «ოჰ, ღმერთო ჩემო, რას აკეთებს» - გავიფიქრე. დავიწყე რა ფრანგების შეტანილ წვლილზე საუბარი, მე შევეცადე გამომესწორებინა ზიანი. შემდეგ კიდევ ერთხელ მოვუწოდე რუსებს, წერტილი დაესვათ კონფლიქტისათვის.“

„როდესაც პრესკონფერენცია დამთავრდა, ისეთი განრისხებული ვიყავი სააკაშვილზე, რომ მას ხმაც აღარ გავეცი. გამომშვიდობებისას მხოლოდ ხელი ჩამოვართვი და მანქანაში ეკა ტყეშელაშვილთან ერთად ჩავჯექი.“

შეთანხმების ხელმოწერიდან რამდენიმე დღეში ბრიუსელში ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა. კონდოლიზა რაისი იხსენებს, რომ ბრიუსელში მისი კოლეგების სააკაშვილისადმი კეთილგანწყობილმა პოზიციამ სასიამოვნოდ გააკვირვა:

„მხოლოდ რამდენიმემ აღნიშნა, რომ მან ყველას დაანახვა თუ რატომ არ შეიძლებოდა საქართველოსათვის MAP-ის მიცემა. მე აქცენტი გადავიტანე რუსეთის მიერ ჩადენილ უხეშ დარღვევებზე და მივაღწიე ნატო-რუსეთის საბჭოს განუსაზღვრელი დროით შეჩერებას. (...) თუ საბოლოოდ რუსეთმა გადაიხადა ფასი საქართველოში შეჭრის გამო, მეტწილად ამის მიზეზი კრემლის ყოველმხრივი ზღვარგადასულობა იყო. სააკაშვილზე ბევრი იყო განრისხებული, რადგან ბევრი ევროპელი თვლიდა, რომ მან გამოიწვია ეს კრიზისი. მაგრამ ლავროვის დაჟინებული მოთხოვნა სააკაშვილის დამხობაზე - წითელი ხაზის გადალახვის ტოლფასი იყო. როგორც წარსულში, მოსკოვს ახლაც შეეძლო პატარა მეზობელ ქვეყანას თავს დასხმოდა და მისი არმია დაემარცხებინა, მაგრამ მას უკვე აღარ შესწევდა დედაქალაქზე იერიშის მიტანისა და მთავრობის დამხობის ძალა,“ წერს აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი თავის მემუარებში.