13 აგვისტოს, თბილისში, ბელარუსის საელჩოსთან, ოცამდე ადამიანმა ყვავილები მიიტანა და სანთლები დაანთო მინსკში, აქციების დროს დაღუპულისადმი სოლიდარობის ნიშნად.
დემონსტრაციებმა მას შემდეგ იფეთქა, რაც ქვეყნის გრძელვადიანი ლიდერი ალექსანდრ ლუკაშენკა გამარჯვებულად გამოაცხადეს საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელსაც ევროკავშირი და აშშ უსამართლოდ და არათავისუფლად აფასებენ.
აქციის ათასობით მონაწილე დააკავეს და სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა. სულ მცირე 200 დემონსტრანტი დაჭრილია, ზოგი სერიოზულად. უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, დაკავებულია 6 500-ზე მეტი ადამიანი.
თბილისში მეხუთე დღეა იმართება მცირე ზომის აქციები ბელარუსში მიმდინარე პროტესტის სოლიდარობის ნიშნად. „ლუკაშენკო, წადი!” „გვჯერა, შევძლებთ, გავიმარჯვებთ!” - სკანდირებდნენ თბილისში, პრეზიდენტის რეზიდენციასთან შეკრებილი დემონსტრანტები.
Your browser doesn’t support HTML5
„ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ყურადღება მივაპყროთ ბელარუსში მიმდინარე პროცესებს”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას აქციის მონაწილე ვიტალი დობრიანეცი. მან ბელარუსი 2011 წელს დატოვა, რადგან უსაფრთხოდ არ გრძნობდა თავს.
„ბევრი ჩემი მეგობარი დაშავდა აქციების დროს. ზოგიც დააკავეს. მინდა იცოდნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომ ხალხისთვის სულ ერთი არაა, რაც ახლა ბელარუსში ხდება”, - ამბობს დობრიანეცი, რომელიც რამდენიმე თვეა, თბილისში ცხოვრობს.
„შეწყდეს ძალადობა!” - ეუბნება რადიო თავისუფლებას 29 წლის ტიმოფეი სკრიტი, რომელმაც ბელარუსი 2010 წელს დატოვა, თბილისში კი 10 თვეა ცხოვრობს. მისივე თქმით, „შეუიარაღებელ მოსახლეობას შეიარაღებული ბანდიტები უპირისპირდებიან. გვინდა სამართლიანი ხელახალი არჩევნები”.
რა მოხდა ბელარუსში?
ბელარუსის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 10 აგვისტოს გამოაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 80,23% მიიღო ალექსანდრ ლუკაშენკამ. მისმა მთავარმა ოპონენტმა, სვიატლანა ციხანოუსკაიამ კი 10% მიიღო.
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკა ევროპაში ყველაზე გრძელვადიანი მმართველია. 65 წლის ლუკაშენკას, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა 2005 წელს ევროპის უკანასკნელი დიქტატორი უწოდა, ახლა მეექვსე ვადით სურს, დაიკავოს პრეზიდენტის პოსტი.
ოპოზიცია არჩევნების ოფიციალური შედეგებს არ აღიარებს. ციხანოუსკაიას შტაბში ხმების ალტერნატიული დათვლის საფუძველზე განაცხადეს, რომ რეალურად სვიატლანა ციხანოუსკაიამ გაიმარჯვა სულ მცირე 70%-ით.
ვიტალი დობრიანეცი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მისთვის ყველაზე დიდი იმედგაცრუება იყო ცინიზმი, რომლითაც არჩევნები გააყალბეს.
„პროცესებს მართავენ ადამიანები, რომლებიც ჩამორჩნენ დროს და განვითარებას. იმედგაცრუებული ვარ, რადგან დავუშვით, რომ ასეთი სულელი ადამიანები არიან ხელისუფლებაში”, - ამბობს ის.
თბილისში გახსნილ საარჩევნო უბანზე, ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში მკაფიო გამარჯვება მოიპოვა ოპოზიციონერმა სვიატლანა ციხანოუსკაიამ. მან 153 ხმა (83%) მიიღო. ალექსანდრ ლუკაშენკამ კი - 24 ხმა (13%).
ოპოზიციის კანდიდატმა ბელარუსი დატოვა და ახლა ლიეტუვაში იმყოფება. ვიდეომიმართვაში ის ამბობს, რომ რთული გადაწყვეტილება მიიღო და ქვეყნიდან წავიდა შვილების გამო. მოგვიანებით, ინტერნეტში გაჩნდა კიდევ ერთი ვიდეო, რომელშიც ოპოზიციის ლიდერი დაბეჭდილ ტექსტს კითხულობს და მოქალაქეებს მოუწოდებს, ქუჩის აქციებისგან თავი შეიკავონ.
მსოფლიოს რეაქცია
ალექსანდრ ლუკაშენკას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა. მან იმედი გამოთქვა, რომ ლუკაშენკას მოღვაწეობა ხელს შეუწყობს „ურთიერთობების გაღრმავებას სამოკავშირეო სახელმწიფოს ფარგლებში, დააჩქარებს ინტეგრაციულ პროცესებს ევრაზიის ეკონომიკური კავშირისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ხაზით“.
მეექვსე ვადით არჩევა მიულოცეს ლუკაშენკას საქართველოს მეზობელი ქვეყნების, აზერბაიჯანის და სომხეთის ლიდერებმა.
მკვეთრად განსხვავებული პოზიცია აქვთ დასავლეთის ქვეყნებში. ევროკავშირი ზომების მიღებით დაემუქრა ბელარუსის ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ადამიანის უფლებების დარღვევასა და არჩევნების გაყალბებაზე.
პარასკევს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საგანგებო შეხვედრაზე განიხილავენ ბელარუსში შექმნილ ვითარებას. „როიტერსის” ინფორმაციით, ბელარუსის ხელისუფლების მიმართ შესაძლოა განიხილონ სანქციების შემოღება არჩევნების ჩატარებისას დემოკრატიული სტანდარტების დარღვევისა და დემონსტრანტთა წინააღმდეგ ძალის გამოყენებისთვის. როიტერსი იტყობინება, რომ სანქციებს მხარს უჭერენ გერმანია, ლატვია, ლიეტუვა, შვედეთი და ავსტრია.
ბელარუსში ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა ყვავილები მიიტანეს მინსკში იმ ადგილზე, სადაც დაიღუპა საპროტესტო გამოსვლების მონაწილე.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, „ჩვენ [ბელარუსის] არჩევნებმა წარმოუდგენლად შეგვაშფოთა და ღრმად იმედგაცრუებული ვართ, რომ ის არ იყო უფრო თავისუფალი და უფრო სამართლიანი“.
პომპეოს თქმით, აშშ-ს უნდა კარგი შედეგი ბელარუსიელი ხალხისთვის და ამის შესაბამისად მიიღებენ ზომებს, თუმცა შესაფერისი პასუხის თაობაზე აშშ-ს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
„დიქტატორო სისხლიანი ხელებით #ლუკაშენკოწადიახლავე. შენ საკუთარი ბედი განსაზღვრე – ბელარუსის მიწაზე მომავალი არ გაქვს“, – წერს ლიეტუვის ყოფილი პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე ტვიტერზე.
ევროკავშირი აღნიშნავს, რომ საარჩევნო კამპანიის დროს ბელარუსიელმა ხალხმა აჩვენა სწრაფვა დემოკრატიული ცვლილებებისკენ, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნები არ ყოფილა არც სამართლიანი და არც თავისუფალი.
ოფიციალურ თბილისს ბელარუსში მიდინარე პროცესებზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
„საქართველოს ხელისუფლებისგან ველი იმავეს, რასაც ევროკავშირისგან. მთელმა გაერთიანებამ სოლიდარობა გამოუცხადა ბელარუსიელ ხალხს”, - ამბობს ტიმოფეი სკრიტი.