ლიდერთან ერთად თუ ლიდერის გარეშე

პლატონი ასეთ პარადოქსს გვთავაზობს თავის "პოლიტიკოსში": დემოკრატია უვარგისია იმ შემთხვევაში, თუკი სახელმწიფოს (ან, გნებავთ, პოლიტიკურ პროცესს) კარგი მმართველი არ უდგას სათავეში.

Your browser doesn’t support HTML5

ლიდერთან ერთად თუ ლიდერის გარეშე?

ათენის დემოკრატია სწორედ ნიჭიერი პერიკლეს დროს იყო ძლიერი, ხოლო ქაოსის, ანუ "უთავობის" პირობებში მხოლოდ იმითღა იყო კარგი, რომ უგვან ტირანიას სჯობდა, თორემ ლიდერის გარეშე არც დემოკრატია ყოფილა ეფექტური.

გინდა პლატონის ეპოქა იყოს და გინდა ჩვენი, დემოკრატიას მით უფრო მეტად უჭირს, თუკი დემოკრატიულ კონცეფციას (ანუ სამყაროს) ძლიერი ლიდერი არ უდგას დამცველად და ამის საპირისპიროდ კი, ძლიერი ლიდერი ტირანიას ან ავტოკრატიას ჰყავს.

ისევ და ისევ პლატონის არცთუ შორეული რეფლექსიით, ულიდერო დემოკრატია შესაძლოა აბსტრაქციად იქცეს, მაშინ, როცა ტირანი შემაწუხებლად კონკრეტულია - ის არსებობს და არა მხოლოდ იდეებით (იდეოლიგიით), არამედ უხეში ძალით მოქმედებს.

დღევანდელ დემოკრატიულ მსოფლიოს ძლიერი ლიდერი არ ჰყავს, ყოველ შემთხვევაში, ისეთი ლიდერი მაინც, რომელიც მტკიცედ დაიცავდა თავისუფალ სამყაროს, და აი, ტირანულ, ავტორიტარულ თუ "მომიჯნავედ" ავტოკრატულ რეჟიმებს კი უდავოდ გამოკვეთილი და საკმაოდ ძლიერი ინდივიდები უდგანან სათავეში, რომელთა შეფასებისას თითქმის აღარავინ ახსენებს სიტყვებს - "სამართლიანი, კეთილი და კანონმორჩილი".

ბელარუსში მიმდინარე პროცესმა ნათლად გამოავლინა, თუ რამდენად აუცილებელია, რომ ხალხის დემოკრატიული რისხვა ლიდერზე, ანუ პროცესის თუნდაც სიმბოლურ ფენომენზე პერსონიფიცირდეს.

მას შემდეგ, რაც ქვეყნიდან შანტაჟითა და დაშინებით გააძევეს ხალხის რჩეული, მოქალაქეები სტრუქტურული დასაყრდენის გარეშე დარჩნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ 26-წლიანი დიქტატორი აქამდე არსებულზე აგრესიული და შეუბრალებელი გახდება, რადგან დემოკრატიულ პროცესს ახლა მეთაური აღარ ჰყავს. თუნდაც სიმბოლური. სიმბოლოები კი რევოლუციის დროს ძალიან მნიშვნელოვანია.

დიქტატორი ტყვიებს ისვრის და არბევს, დემოკრატიის დამცველებს კი ხელში აიფონები უჭირავთ, რომელთაც მხოლოდ იმის ჩვენება შეუძლიათ, თუ როგორ გაბრტყელდა ისტორია - სადაც ახალი და ძველი, პროგრესული და არქაული, კეთილი და ბოროტი ასე გამაოგნებლად კონტრასტულად თანაარსებობს ერთმანეთის გვერდი-გვერდ. ოღონდ ესეც საკმაოდ ძნელად გამოდის, რადგან აიფონი ვერაფერი დიდი "იარაღია", როცა ტირანია ინტერნეტს ახშობს.

ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ნიცშეს პერიფრაზირებით, ურჩხულის მოშთობას მხოლოდ მაშინღა შეძლებ, თუკი (ან როცა) თავად იქცევი ურჩხულად? ცხადია,

დიქტატორს მხოლოდ მშვენიერი შეგონებებით ვერ დაამარცხებ სამართლიანობის, კანონიერებისა და თავისუფლების შესახებ, მაგრამ არც ახალი ურჩხულით ძველის ჩანაცვლებაა ბედნიერების მომტანი - ისტორიამ ეს არაერთხელ გვასწავლა, ამიტომ დემოკრატია ახლა მეტისმეტად მძიმე დღეშია: დემოკრატი არ უნდა გაურჩხულდეს, მშვიდობიანი პროგრესი, ანუ პოლიტიკური კულტურა დაიცვას და თან როგორმე თავიც გადაირჩინოს, როცა ანტიცივილიზაციური ავტოკრატები მას რეზინისა თუ ნამდვილ ტყვიებს უშენენ...

ამ შემთხვევაში კი წარმატების მომტანი შესაძლოა ისევ და ისევ ხსენებული ისტორიულ-ფილოსოფიური აზრი გამოდგეს: დემოკრატია დაცულია, თუკი პროცესის სათავეში ძლიერი ინდივიდი დგას. მით უმეტეს - დღევანდელ პასიურ თუ აქტიურ ქაოსში, სადაც ტირანიას დემოკრატებზე ბევრად თანმიმდევრული და მტკიცე დესპოტები იცავენ.

მაგრამ ხელოვნურად ლიდერს ვერ შექმნი. თვითგამოცხადებულ ლიდერებს კი დამატებითი აურზაური შეაქვთ არსებულ ბუნდოვანებაში, რაც ბოლოს დიდი იმედგაცრუებით მთავრდება, ის ბუნებრივად უნდა შექმნას ისტორიამ და პოლიტიკურმა პროცესმა, და თუკი ვერ ქმნის და ისიც არსაიდან იქმნება, ესე იგი, ზოგადად ლიდერების დროა წასული, ან ჯერ ცვლილებების დრო არ მოსულა...

ჩვენ კი გვინდა, რომ პროცესი დახვეწილი ზე-პერსონალურობით გამოირჩეოდეს, მაგრამ ისტორია ისევ ნაცად სქემას გვთავაზობს: ხალხის აღშფოთების კაპიტალიზაცია საბოლოოდ ერთ კონკრეტულ ადამიანში უნდა მოხდეს.

ოღონდ საქმეც ისაა, ვინაა ეს ადამიანი?

და საერთოდ არსებობს თუ არა?

თუ იქნებ ისევ ბაზალეთის ტბის ფსკერზეა მისი აკვანი და ჯერ არ დამდგარა მისი დრო?

გაიხსენეთ ჩვენი ქვეყნის ისტორია - ამა თუ იმ ფორმისა და სახეობის ეგოცენტრულ მმართველს ყოველთვის მასთან შებმული ინდივიდი უპირისპირდება. და სიმპათია-ანტიპათია აქ პრინციპში მეორე ხარისხოვანია. "მთავარი დაპირისპირებული" ძველის უარყოფის ენერგიის მატარებელი ხდება.

მაგრამ თუკი ასეთი ინდივიდების დრო არ მოსულა, შესაძლოა ტირანზე და ავტოკრატზე არანაკლებ დამაზიანებელი აღმოჩნდეს ხელოვნური ლიდერი. ბელარუსი ამის მაგალითია. ყოველ შემთხვევაში, 2020 წლის ზაფხულის მიწურულისთვის...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.