ელენე ხოშტარიასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა ვაკეში "ლელოს" მაჟორიტარობის კანდიდატის დასახელება

ელენე ხოშტარია

„ევროპული საქართველოს“ წევრისთვის, ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატისთვის ელენე ხოშტარიასთვის „ლელო საქართველოსთვის“ მიერ ვაკეში მაჟორიტარობის კანდიდატის დასახელება მოულოდნელობა აღმოჩნდა.

სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ გამოქვეყნებულ პოსტში ელენე ხოშტარია წერს, რომ ამის მიუხედავად, ეს „ლელოს“ მიმართ მის დამოკიდებულებას ჩრდილს ვერ მიაყენებს:

„მიმაჩნია, რომ „ლელო“-ს წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია საერთო კოალიციისთვის და მომავალი მრავალფეროვანი მმართველობისთვის. არის პატარა და დიდი საკითხები. მთავარზე ვკონცენტრირდეთ და შევცვალოთ ეს მთავრობა უკეთესით, დაბალანსებული ძალაუფლებით“, – აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.

ვაკის საარჩევნო ოლქში აქტიური ოპოზიციური პარტიების დიდმა ნაწილმა „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია 19 ივნისს წარადგინა მაჟორიტარ კანდიდატად. გუშინ 12 აგვისტოს „ლელო“-მ 25 მაჟორიტარი კანდიდატი დაასახელა, მათ შორის, ვაკეში კენჭს იყრის დეპუტატი ლევან კობერიძე.

„ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ ტელეკომპანია „ფორმულის“ ეთერშიგანმარტა, რატომ წარადგინა პარტიამ ვაკეში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

„ვადასტურებ ჩემს პატივისცემას ელენე ხოშტარიას მიმართ, ნამდვილად მებრძოლი ადამიანია. მე მაშინ ვთქვი ვარაუდი, რომ შეიძლება ეს განვიხილოთ [ხოშტარიას მხარდაჭერა]. ეს იყო ის პერიოდი როცა დარჩენილი ოპოზიცია ერთმანეთში საუბრობდა რაღაცების დათმობაზე. ამაში ჩვენ არ ვიღებდით მონაწილეობას და არც შემდეგ მიგვიღია. როცა დავინახეთ, რომ იქ ვერ ჩამოყალიბდა ვერაფერი და ამავე დროს, ვაკის ამომრჩეველმა ძალიან მკაფიოდ გვითხრა, რომ ვერ გაიგეს, რატომ არ უნდა ჰყავდეს „ლელოს“ წარმომადგენელი ვაკეში, ვალდებული ვიყავით, ეს გაგვეთვალისწინებინა. ვფიქრობ, ჩვენი გადაწყვეტილება ელენესთვისაც [ხოშტარია] კარგია. ამ შემთხვევაში ოპოზიციის მოწინააღმდეგე არის მმართველი პარტიის კანდიდატი, შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, იქ ოპოზიცია მოიგებს და ჯანსაღი კონკურენციის პირობებში ჩვენი კანდიდატი გაიმარჯვებს თუ ელენე, ამას გამოავლენს ამომრჩეველი", - განაცხადა 12 აგვისტოს მამუკა ხაზარაძემ.