9 აგვისტოდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო არჩევნებში ალქსანდრ ლუკაშენკამ მეექვსედ გაიმარჯვა, ბელარუსში საპროტესტო აქციები არ წყდება. ძალოვანმა სტრუქტურებმა ათასობით დემონსტრანტი დააკავეს, არის მსხვერპლიც. არჩევნების დამოუკიდებელი დამკვირვებელი, ოლგა ცვეტკოვა, რადიო თავისუფლებას მინსკში განვითარებულ მოვლენებზე ესაუბრება.
- შეგიძლიათ გვითხრათ, უშუალოდ დღეს, ახლა, რა ხდება მინსკში?
- დღეს მინსკის ყველაზე დიდი ბაზრის წინ სოლიდარობის აქცია მოეწყო. თეთრებში ჩაცმული გოგონები, ყვავილებით ხელში, ჯაჭვში ჩადგნენ. შემდეგ სხვა ადგილებშიც გამოჩდნენ თეთრებში ჩაცმული ქალები. ეს არის პასუხი იმ ბრუტალურ დარბევებზე, რომელიც 9-11 აგვისტოს მოხდა.
- თქვენ მოვლენების მონაწილე იყავით. უშუალოდ თქვენი გამოცდილებიდან რა შეგიძლიათ გვიამბოთ?
- მე არჩევნების დამკვირვებელი ვიყავი. 9 აგვისტოს, 8 საათის მერე, როდესაც საარჩევნო უბანი დაიხურა, მიმდებარე ტერიტორიაზე ხალხმა მოიყარა თავი, არჩევნების შედეგებს ელოდნენ. იგივე ხდებოდა სხვა უბნებზეც. „ომონმა“ ხალხის გაყრა და დამკვირვებლების დაკავება დაიწყო. ჩვენ ღობის იქით გაგვიყვანეს, უბანზე მოსული ხალხი კი მცირე ჯგუფებად დაშალეს. ვფიქრობ, ამის შემდეგ დაპატიმრებებიც დაიწყებოდა, - როგორც წესი, ასე აკეთებენ ხოლმე, - მაგრამ, როგორც ჩანს, მათ ცენტრიდან დაურეკეს, რომ დახმარება სჭირდებოდათ. ამ დროს უკვე ცენტრშიც დაიწყო შეტაკებები „ომონსა“ და დემონსტრანტებს შორის. ამასვე ამბობენ სხვა საარჩევნო უბნების დამკვირვებლებიც - რომ ძალოვანები მოვიდნენ, მაგრამ შემდეგ ისინი სხვაგან გადაისროლეს. ამის შემდეგ უბანზე „ომონი“ გამოცხადდა. საარჩევნო კომისიის წევრებს ალყა შემოარტყეს, მანქანებში ჩასხეს და წაიყვანეს.
მეორე დღეს უკვე მთელ ქალაქში გამოსვლები დაიწყო. ჩემი სახლიდან 15 წუთის სავალზე, სავაჭრო ცენტრ „რიგასთანაც“, ბარიკადები იყო აგებული. გზები ტროლეიბუსებით, ავტობუსებით, მანქანებით ჩახერგეს. უკვე ბნელოდა და ხალხი განათებული მობილურებით იდგა, დროშებს აფრიალებდნენ, ყვიროდნენ: „სიცოცხლე ბელარუსს“! „წადი“!. ძალიან ბევრი ხალხი იყო. მალე „ომონიც“ გამოჩნდა. ცრემლსადენი გაზი გაუშვეს და ბარიკადების დაშლა დაიწყეს, რომელსაც მომიტინგეები მერე ისევ აგებდნდნენ. ასე რამდენჯერმე განმეორდა. სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები ყველას იღებდნენ, რომ შემდეგ მომიტინგეებზე საქმეები აღეძრათ.
- რა იარაღი გამოიყენეს დემონსტრანტების წინააღმდეგ?
- ხმოვანი ყუმბარები, ხელკეტები, რეზინის ტყვიები. ამბობენ, რომ ცეცხლსასროლი იარაღიც გამოიყენეს, მაგრამ ჯერჯერობით ეს მხოლოდ ხმებია. ხალხი ქუჩაში ნახულობს ხმოვან ყუმბარებს, რომლებსაც აწერია, რომ ისინი წარმოებულია ჩეხეთში, და რეზინის ტყვიებს, წარწერით „წარმოებულია პოლონეთში“. თუმცა გაუგებარია როგორ მოხვდა ეს იარაღი ბელარუსში, სადაც მსგავსი პროდუქტის შემოტანაზე ემბარგოა დაწესებული.
- არის თუ არა რამე სარწმუნო მონაცემები, თუ რამდენი ადამიანია დაკავებული და დაჭრილი?
- ასეთი სტატისტიკა არ არსებობს. შსს სულ 5 ათას პატიმარს ითვლის ორივე დღის განმავლობაში, მაგრამ ამ ციფრს ბევრი არ ეთანხმება. უამრავი ადამიანი ეძებს საკუთარ ახლობელს. ხალხი თავმოყრილია შენობასთან, სადაც დროებითი დაკავების იზოლატორებია. პერიოდულად იქ სპონტანური მიტინგები იმართება. დედები, ცოლები, სხვა ნათესავები ტაშს უკრავენ და სხვადასხვა რეპლიკებს ისვრიან.
- რა მდგომარეობაში არიან დაკავებულები?
- სხვადასხვა საინფორმაციო წყაროებიდან ვიცი, რომ მათ ჯერ კიდევ მანქანებში სცემდნენ, რაც შემდეგ ციხეშიც გაგრძელდა. საათობით მუხლებზე აყენებენ, არ აძლევენ წყალს და საჭმელს. ძალიან ბევრი ადამიანია ერთ კამერაში, რადგან კამერები არ არის გათვალისწინებული ამ რაოდენობის პატიმარზე. ფაქტობრივად, გადაადგილებაც არ შეუძლიათ.
- ალბათ, ქალებიც არიან დაკავებულებს შორის.
- დიახ, არიან, თუმცა, შედარებით ცოტა.
- ხალხის განწყობა როგორია, მოსახლეობა დაშინებულია?
- მთავრობა სწორედ ამას ცდილობს, მაგრამ მაინც ძალიან ბევრი ადამიანი გამოდის საკუთარი ხმის დასაცავად.
- რა განწყობაა მოსახლეობაში პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, სვიატლანა ციხანოუსკაიას მიერ ქვეყნის დატოვების შემდეგ?
- არა მგონია, რომ ამან სიტუაცია შეცვალოს. უკვე გუშინ იყო ცნობილი, რომ ციხანოუსკაიამ ქვეყანა დატოვა, მაგრამ პროტესტი მაინც გაგრძელდა. ის მხოლოდ სიმბოლო იყო ამ აქციების. თუმცა როგორ განვითარდება მოვლენები, ამის თქმა ძნელია, რადგან ჯერ კიდეც ცოტა ხნის წინ ვერავინ ივარაუდებდა, რომ მოხდებოდა ის, რაც მოხდა. ახლა გამოკვეთილი ლიდერი არავინ ჩანს. დღეს ხალხი, უბრალოდ, ითხოვს, მათ მოუსმინონ. ისინი არ ეთახმებიან არჩევნების შედეგებს და პროტესტს გამოთქვამენ იმ ძალადობის წინააღმდეგ, რომელსაც ხელისუფლებამ ამ დღეებში მიმართა.