შიდა ტურიზმი საერთაშორისოს ვერ ცვლის - მოვლენები პესიმისტური სცენარით ვითარდება

კორონავირუსის პანდემიამ ყველაზე მძიმე დარტყმა ტურიზმს მიაყენა – საქართველომ ასეულობით მილიონი დოლარი დაკარგა. ჩავარდნილი ტურისტული წელი ვერც რამდენიმე ქვეყანასთან აღდგენილმა ავიამიმოსვლამ გადაარჩინა, შიდა ტურიზმი კი საგარეო დანაკარგის მხოლოდ მცირე ნაწილს ავსებს. ამასთან, შიდა ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მხარე - ზემო სვანეთი - 10 აგვისტოდან გაურკვეველი ვადით ჩაიკეტა.

მოვლენები ყველაზე პესიმისტური სცენარით ვითარდება - ასეთ შეფასებას აძლევენ ანალიტიკოსები საქართველოს ტურისტულ სექტორში არსებულ რეალობას. ეს კი ნიშნავს, რომ წელს საქართველოს ეკონომიკა, ჯამში, დაახლოებით, 2.5 მილიარდ დოლარს დაკარგავს, - ეუბნება რადიო თავისუფლებას საინვესტიციო კომპანია „გალტ ენდ თაგარტის“ ანალიტიკოსი, კახა სამყურაშვილი:

“ჩვენი პროგნოზით, ვიზიტორების რაოდენობა წელს შემცირდება 1.7 მილიონამდე - ეს მაჩვენებელიც, ძირითადად, წლის პირველი თვეების ხარჯზე იქნება მიღწეული, როცა საზღვრები გახსნილი იყო. ეს ყველაფერი ნიშნავს 800 მილიონი დოლარის შემოსავალს, როცა შარშან ტურიზმის შემოსავალი 3.3 მილიარდი დოლარი იყო“.

დანაკლისის შევსებაში ქვეყანას, სამყურაშვილის თქმით, შიდა ტურიზმი ეხმარება, თუმცა მისი წილი, საერთაშორისოსთან შედარებით, მხოლოდ 20-25 პროცენტია:

„შიდა ტურიზმი ერთგვარი უსაფრთხოების ბალიშია და არავითარ შემთხვევაში არ არის საერთაშორისო ტურიზმის შემცვლელი. მაგალითად, თბილისში არავითარ შიდა ტურიზმზე საუბარი არ შეიძლება იყოს. თბილისი მთლიანად დამოკიდებულია საერთაშორისო ტურიზმზე“.

„თიბისი კაპიტალის“ მონაცემებით, ივლისში ყველაზე მაღალი დატვირთვით (37 %) კახეთის მსხვილი სასტუმროები მუშაობდნენ, ზღვისპირეთში ეს მაჩვენებელი 16 %, სხვა რეგიონებში კი 20 % იყო. გაცილებით დაბალია დატვირთულობა თბილისის მსხვილ სასტუმროებში, ასევე საშუალო და მცირე განთავსების ობიექტებში მთელ საქართველოში.

სასტუმროების ნაწილი, რომლებსაც სახელმწიფო საკარანტინო ზონებად არ იყენებს, დაკეტილია და მათ გახსნას მფლობელები არც უახლოეს ხანებში გეგმავენ.

„შემოდგომისთვის და ზამთრისთვის რაიმე მოლოდინები არ გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ ტურისტების ნაკადი ჩამოვა. სასტუმრო „კოსტეს“ გახსნას არ ვაპირებთ, დაახლოებით, შემდეგ გაზაფხულამდე“, - ამბობს „კოსტე ჯგუფის“ დამფუძნებელი, თამარ ბაღდავაძე.

„თიბისი ბანკის“ მთავარ ეკონომისტს, ოთარ ნადარაიას, COVID-19-ის ვაქცინის იმედი აქვს, რაც ეკონომიკურად წარმატებული 2021 წლის წინაპირობა შეიძლება გახდეს. ის ამბობს, რომ ტურიზმის აღდგენა, ანუ 2019 წლის დონეზე დაბრუნება, სავარაუდოდ, ვერც მომავალ წელს მოხერხდება.

„საერთაშორისო ვითარება ვირუსის კუთხით საუკეთესოდ არ ვითარდება, თუმცა სწრაფად მიდის [წინ] ვაქცინის თემა. რეალისტურია, რომ ის მზად იყოს წლის ბოლოს. ვფიქრობთ, რომ მომავალი წლის ზაფხული ტურიზმისთვის იქნება კარგი. ამ ეტაპზე ვვარაუდობთ, რომ 2021 წელს ტურისტული შემოდინებები, 2019 წელთან შედარებით, იქნება 25 პროცენტით ნაკლები“.

გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი - საქართველო ჯერ მხოლოდ 5 ქვეყნის ტურისტებისთვის გაიხსნა. შეზღუდულია ამ სახელმწიფოებიდან ავიარეისების რაოდენობაც. ამასთან, არ იგეგმება მეზობელ ქვეყნებთან სახმელეთო საზღვრების გახსნა - ტრადიციულად კი, ტურისტების, დაახლოებით, 70 % საქართველოში სწორედ სახმელეთო გზით შემოდის