„ველოდებით, რომ მომდევნო თვეში ფასები შემცირდება. ერთიანმა შოკმა გადაიარა და ნელ-ნელა სიტუაცია დასტაბილურდა, გაიხსნა ბევრი ობიექტი. ეკონომიკა დაიძრა. ლარიც სტაბილურია, რამაც გამოიწვია ის, რომ ფასები ნელნელა დასტაბილურდა. რთულია მოლოდინების შექმნა, რთულია კოვიდის პროგნოზირება, მაგრამ სავარაუდოდ კიდევ შემცირდება სექტემბრისთვის“, - ამბობს რადიო თავისუფლების ეთერში ია კაცია, რომელიც უკვე რამდენიმე წელია აკეთებს ინსტიტუტის ერთ-ერთ რეგულარულ პროდუქტს - „ხაჭაპურის ინდექსს“. ეს „ბიგ მაკის ინდექსის“ ერთგვარი ანალოგია. იდეა 2011 წელს გაჩნდა:
Your browser doesn’t support HTML5
„„ბიგ მაკის“ ინდექსი იყო ინსპირაცია. რატომ „ხაჭაპურის ინდექსი“? იმიტომ, რომ ხაჭაპური ცხვება საქართველოს ყველა რეგიონში, ყველა რიგით ოჯახს შემხებლობა აქვს ხაჭაპურთან, მასში შემავალ ინგრედიენტებს ვიყენებთ ყოველდღიურად და ესენია: ფქვილი, კვერცხი, ყველი, რძე, კარაქი, საფუარი. ინდექსში შეტანილი გვაქვს აგრეთვე ცხობის - გაზის და ელექტროენერგიის ხარჯი.
ხაჭაპურის ფასებს ვაკვირდებით ოთხ დიდ ქალაქში: ბათუმში, თბილისში, თელავსა და ქუთაისში. შესაძლოა, სამომავლოდ დაემატოს კიდევ რამდენიმე დიდი ქალაქი. ფასებზე დაკვირვება ხდება უშუალოდ ბაზარში. გვყავს ფასების შემგროვებლები, რომლებიც არიან ISET-ის სტუდენტები. მაგალითად, თბილისში ისინი მიდიან სამ დიდ ბაზარში: ნავთლუღის, ახმეტელის და ვაგზლის ბაზრობებზე ხდება ფასების შეგროვება ყოველთვიურად. ასე ხდება დანარჩენ სამ ქალაქშიც.
შემდეგ ვცდილობთ, რომ ქალაქების მიხედვით შევადაროთ ფასთა შორის განსხვავება. ხშირად არის, რომ ქალაქებს შორის ფასები არის განსხვავებული და ვცდილობთ ავხსნათ ამის მიზეზები. სად შეიძლება უფრო იაფი ღირდეს ცხოვრება და რა არის ამის გამაპირობებელი ფაქტორები.
ჩვენი ინდექსი საკმაოდ ახლოს მიყვება ხოლმე „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფლაციის მაჩვენებელს. გვინდოდა ყოფილიყო ალტერნატიული, მარტივად გასაგები და აღსაქმელი ინდექსი“.
ნიშანდობლივია, რომ ქართული ხაჭაპურის ინგრედიენტების უდიდესი ნაწილი იმპორტულია. შესაბამისად, ხაჭაპურის ფასის დამოკიდებულება გაცვლით კურსზე მაღალია:
„ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტი, რომელიც ხაჭაპურის ფასსა და ინდექსს განსაზღვრავს, არის ყველი. ყველის დამზადება, განსაკუთრებით ბოლო წლებში, ხდება რძის ფხვნილით - დიდი ნაწილი იწარმოება ფხვნილით, რომელიც არის იმპორტირებული, ძირითადად უკრაინიდან. ფქვილი ადგილობრივად იფქვება, მაგრამ იმპორტირებულია ხორბალი, რომლის გაძვირება მოქმედებს ფქვილის ფასზე და ასევე კარაქი, ისიც იმპორტირებულია და ასევე საფუარი. კვერცხი, რძე ადგილობრივია“.
„ხაჭაპურის ინდექსის“ გარდა ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი საახალწლოდ „სუფრის ინდექსსაც“ ითვლის:
„სტანდარტიზებული მენიუ გვაქვს და შედის ის პროდუქტები, რომლებიც გვხვდება ხოლმე ქართულ საახალწლო სუფრაზე, ოღონდ „ხაჭაპურის ინდექსისგან“ განსხვავებით, „სუფრის ინდექსს“ ვითვლით საქართველოს ყველა რეგიონისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია წინასაახალწლოდ დავაკვირდეთ რომელ რეგიონში რომელი პროდუქტია ძვირი და ხშირად არის ხოლმე, რომ ნიგვზის ფასი განსაზღვრავს რომელიმე რეგიონის უპირატესობას ან პირიქით, იქიდან გამომდინარე, რომ ნიგოზი საახალწლო სუფრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია და საკმაოდ მაღალი ფასი აქვს ბოლო წლებში, ეს განსაზღვრავს ძალიან ბევრი პროდუქტის სიძვირეს.
წინასაახალწლოდ ვიცით, რომ განსაკუთრებით მაღალი ფასებია ხოლმე მოთხოვნის ზრდის კვალობაზე. ბოლო პერიოდს გავიხსენებ - თითქმის ყველა პროდუქტზე იყო ფასის ზრდა, რაც ძირითადად გაპირობებული იყო გაცვლითი კურსის ცვლილებით“.
ია კაცია ყვება კოვიდის ფონზე „ხაჭაპურის ინდექსის“ დინამიკაზე:
„როგორც ზოგადად თითქმის ყველაფერზე გაიზარდა ფასები, პანდემიამ ზეგავლენა მოახდინა „ხაჭაპურის ინდექსზეც“ და ის რეკორდულად გაიზარდა მარტის თვეში. ერთი ხაჭაპურის ღირებულება იყო 4,46 ლარი, რაც იყო მაქსიმუმი და ეს იყო 27%-იანი ზრდა წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით. 27%-იანი ზრდაც არასდროს ყოფილა ფასების.
რა თქმა უნდა, პანდემიის გავლენა იყო ძალიან დიდი, თუმცა ორ ფაქტორს გამოვყოფ: პირველია გაცვლითი კურსი. ლარი ამ პერიოდში განსაკუთრებით უფასურდებოდა. მეორე იყო პროდუქტის პანიკური შეძენა, რამაც მოთხოვნა გაზარდა. და, კიდევ ერთი კომპონენტი - პროდუქტების ტრანსპორტირება იყო გართულებული და ამანაც მოახდინა გავლენა ფასებზე. თუმცა, შემდეგ პერიოდში მოიხსნა შედარებით ეს სიტუაცია. კურსი დასტაბილურდა. მარტის შემდეგ დაიწყო ნელ-ნელა გამყარება. მნიშვნელოვანი კომპონენტია ის, რომ გაზაფხულზე ხდება რძის წარმოების ზრდა და ფხვნილს ანაცვლებს ადგილობრივი რძის ოდენობის ზრდა. „ხაჭაპურის ინდექსი“ არის სეზონური. რძის წარმოების პერიოდში ყველის, რძის და კარაქის ფასი მცირდება. შემდეგ, შემოდგომასა და ზამთარში იზრდება. თუმცა, წელს, კოვიდის ფონზე, გაზაფხულის ინდექსი არ მცირდებოდა, იზრდებოდა“.
Your browser doesn’t support HTML5