COVID-19-ის რუსულმა ვაქცინამ რეგისტრაცია გაიარა, პუტინის ქალიშვილმა აცრა გაიკეთა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ვაქცინამ, რომელიც რუსეთში შეიქმნა, მოხმარებისთვის რეგისტრაცია გაიარა და რომ მისმა ერთ-ერთმა ქალიშვილმა უკვე გაიკეთა აცრა.

პუტინმა ეს 11 აგვისტოს განაცხადა მთავრობის სხდომაზე. მისი თქმით, ვაქცინამ დაამტკიცა თავისი „ეფექტიანობა“ და მას შეუძლია კორონავირუსის მიმართ მყარი იმუნიტეტის გამომუშავება.

ამჟამად მსოფლიოში ასზე მეტ შესაძლო ვაქცინაზე მუშაობენ. მათგან მინიმუმ ოთხი იმყოფება მე-3 ფაზაში, ანუ ადამიანზე ტესტს გადის.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, მე-3 ფაზაში ათასობით ადამიანი მონაწილეობს და ის რამდენიმე თვე გრძელდება.

რუსეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც კორონავირუსის ვაქცინის რეგისტრაცია მოახდინა.

მაგრამ მეცნიერები რუსეთსა და საზღვარგარეთ ეჭვით უყურებენ მე-3 ფაზის დასრულებამდე ვაქცინის რეგისტრაციის გადაწყვეტილებას.

გასულ კვირაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ რუსეთს მოუწოდა, მისდიოს დამკვიდრებულ წესებს და უსაფრთხო ვაქცინის შექმნისთვის აუცილებელი „ყველა სტადია“ გაიაროს.

„იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში შევძლებთ მასობრივ წარმოებას, რაც მნიშვნელოვანია,“ თქვა პუტინმა და აღნიშნა, რომ „აცრა უნდა მოხდეს მხოლოდ ნებაყოფლობით საწყისებზე.“

რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მედმუშაკები, მასწავლებლები და მაღალი რისკის მქონე სხვა კატეგორიების წარმომადგენლები იქნებიან პირველები, ვისაც შესთავაზებენ ვაქცინას.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის თანახმად, რუსეთში რეგისტრირებულია COVID-19-ის 860 ათასამდე შემთხვევა, რაც მსოფლიოში მეოთხე მაჩვენებელია. მათგან გარდაიცვალა 14300 ადამიანი.

11 აგვისტოს მონაცემებით მსოფლიოში დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 20 მილიონზე მეტი შემთხვევა. გარდაცვლილია 736 ათასზე მეტი.