საქართველოში პატივს მიაგებენ რუსეთის არმიის ასეულთან ბრძოლაში დაღუპული 17 ქართველი ჯარისკაცის ხსოვნას.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში მდებარე მემორიალთან შეიკრიბნენ დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრები და თანამებრძოლები. მემორიალი გვირგვინებით შეამკეს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა.
„შინდისის ბრძოლა არის მართლაც ჩვენს თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული და შთამბეჭდავი თავგანწირვის და გმირობის ისტორია. ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ პატივი მივაგოთ ჩვენი დაღუპული გმირების ხსოვნას, ქედს ვიხრით მათი დიდების და სულების წინაშე. მათ მშობლებს კიდევ ერთხელ მადლობას ვეუბნებით იმისთვის, რომ ასეთი გმირები აღუზარდეს და აჩუქეს ჩვენ სამშობლოს“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მან მადლობა გადაუხადა შინდისელ ბადრი ხუციშვილსაც, რომელმაც ბრძოლის ველიდან გაიყვანა რამდენიმე დაჭრილი ქართველი სამხედრო, სახლში შეიფარა და გადაარჩინა.
2008 წლის 11 აგვისტოს, სოფელ შინდისის რკინიგზის სადგურთან საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული უთანასწორო ბრძოლაში ჩაება რუსულ მოტომსროლელ ასეულთან. ბრძოლამ დაახლოებით ერთ საათს გასტანა. შინდისის ბრძოლაში 17 ჯარისკაცი დაიღუპა. შინდისის გმირები არიან: ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.
მათი გმირობის შესახებ რეჟისორ დიტო ცინცაძის მიერ გადაღებული მხატვრული ფილმის „შინდისის“ პრემიერა საქართველოს კინოთეატრებში 2019 წლის სექტემბერში შედგა. ფილმი საქართველოს მიერ წარდგენილი იყო "ოსკარის" უცხოენოვანი ფილმების ნომინაციაში.