გახარია: ეს უნდა იყოს ყველაზე სუფთა, ყველაზე დემოკრატიული და ყველაზე წარმატებული არჩევნები

გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები, მისი აზრით, იქნება ყველაზე სუფთა, ყველაზე დემოკრატიული და ყველაზე წარმატებული არჩევნები ქვეყანაში. პრემიერ-მინისტრმა მედიასთან განმარტა, რომ იგი ამ შემთხვევაში გულისხმობს არა რომელიმე პარტიის, კერძოდ, „ქართული ოცნების“, არამედ ქვეყნის გამარჯვებას:

„ჩვენ ჩვენს კამპანიას ვაგებთ მხოლოდ და მხოლოდ მომავალზე, თუ მოისმინეთ, მხოლოდ და მხოლოდ მომავალზე ვლაპარაკობდი და ვსაუბრობდი. რა თქმა უნდა, შეუძლებელია წარმატებული მომავლის მშენებლობა მშვიდობის გარეშე და ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აგვისტოს დღეებია დღეს და ბატონმა ირაკლიმ (ღარიბაშვილი) თუ რაღაც აქცენტები გააკეთა, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ის არის თავდაცვის მინისტრი და მისთვის ამ მშვიდობის განზომილებას აქვს, როგორც მთლიანად ქვეყნისთვის, უდიდესი მნიშვნელობა. თორემ მთლიანად კამპანია იქნება მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური და მხოლოდ და მხოლოდ მომავალზე, ახალგაზრდობაზე და იმ დაწყებული უკვე საქმეების დასრულებაზე და ახლების დაწყებაზე, რაზეც ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ ახმეტაში მოსახლეობასთან „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ქადაგიშვილის წარდგენის შემდეგ. მან ასე უპასუხა ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანია პოზიტიურ, სამომავლო მესიჯებზე იქნება აგებული თუ წარსულსა და წინა ხელისუფლების კრიტიკაზე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 10 აგვისტოს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ წინა ხელისუფლებამ ვერ აარიდა ქვეყანას ომი.

"ჩვენ თუ დავივიწყებთ წარსულს, დადგება საფრთხე, რომ ჩვენი მოსახლეობა დადგეს იმ დიდი განსაცდელის წინაშე, რომელიც სულ რაღაც 12 წლის წინ ჩვენ ყველამ ერთად გამოვცადეთ", - თქვა მან თელავში, მეფე ერეკლეს სასახლის ეზოში კახეთის ყოფილი გუბერნატორის, ირაკლი ქადაგიშვილის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარდგენისას.

სიტყვით გამოსვლის დროს ღარიბაშვილმა მოსახლეობას პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაც შეახსენა:

"ივანიშვილის მმართველობამ მოიტანა ჩვენი ხალხისთვის უპრეცედენტო მშვიდობა და სტაბილურობა. თავისუფლება - რაც ყველაზე მთავარია. ღირსება დაუბრუნა ხალხს. ნათქვამია, თუ ძალას არ აბალანსებს ღირსება, ასეთი ხელისუფლება უნდა წავიდეს".

"ქართულმა ოცნებამ" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების დასახელების შემდეგ მათი რეგიონებში წარდგენა დაიწყო. დღეს პარტიამ თელავის, ახმეტის, ლაგოდეხისა და ყვარლის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ქადაგიძე წარადგინა.