ბელარუსის ცსკ: ლუკაშენკა 80.23%, ციხანოუსკაია 9.9%

ბელარუსის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგები, რომელთა თანახმად, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ მიიღო ხმების 80.23%, ხოლო მისმა მთავარმა მეტოქემ სვიატლანა ციხანოუსკაიამ - 9.9%. ბელარუსის საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობითვე, 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა იყო 84.23%.

ბელარუსის ცსკ-ის თავმჯდომარე ლიდია ერმოშინა

საპირისპირო შედეგს აჩვენებს ხმების ალტერნატიული დათვლა, რომელსაც აქტივისტები აწარმოებდნენ ინტერნეტ-პლატფორმაზე „გოლოს“. ამ შედეგით, ციხანოუსკაიას ხმა მისცა დაახლოებით 80%-მა. საიტზე დარეგისტრირებული იყო მილიონამდე ამომრჩეველი.

ბელარუსში საარჩევნო უბნების დახურვიდან მალევე დაიწყო საპროტესტო გამოსვლები არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ.

ლუკაშენკას ხელისუფლებამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ფიზიკური ძალა, რეზინის ტყვიები, წყლის ჭავლი და სხვა სპეციალური საშუალებები გამოიყენა.

აქციის მონაწილეებსა და სპეცრაზმებელს შორის შეტაკებები დაახლოებით ღამის 3 საათამდე გრძელდებოდა. დაშავებულთა რიცხვი ჯერჯერობით უცნობია.

უფლებადამცველი ცენტრი „ვესნა“ იუწყება, რომ დაკავებულია სულ მცირე 140 ადამიანი.