„რუსეთისგან თავისუფალ ქვეყანაში მინდა ცხოვრება“

შავშვების დევნილთა დასახლებაში სამოთახიანი კოტეჯის ერთი ოთახის კედლები სულ მოხატულია.

ნინი ხან ფურცლებზე ხატავს და ხანაც კედლებზე, თუმცა ხატვისთვის დრო სულ უფრო ცოტა რჩება. სწავლას მეტი დრო მიაქვს. ნინი ოთინაშვილი 21 წლისაა, სტუდენტია. ომიდან 12 წლის შემდეგ მის მეხსიერებაში დარჩა სოფელი ქემერტი, იქ დატოვებული სახლი, სადაც დაბრუნებას ოჯახი ყოველდღე აპირებდა, მაგრამ... მაშინ 9 წლის ნინის სულ ესმოდა: აი, ხვალ დავბრუნდებით... ხვალ თუ არა, ზეგ მაინც... გადიოდა დღეები, შემდეგ წლები... ცხოვრება კი შავშვების კოტეჯში ისევ დევნილობაში გრძელდება. დაბრუნებაზე ახლა ხშირად აღარ საუბრობენ... დრო იმედებსაც აფერმკრთალებს. ნინის ხშირად ესმის, რომ ომი საქართველომ დაიწყო და ამაზე პროტესტი უჩნდება.

„ომი საქართველოს არ დაუწყია. ზოგადად, რუსეთს საქართველოსთან ომი 2008-ში არ დაუწყია, საუკუნეების მანძილზე გვებრძოდა და ნებისმიერ მომენტში მოსალოდნელი იყო მისგან ზეწოლა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ეს ომიც მთლად მოულოდნელიც არ იყო. ხალხმა ვერ გაიაზრა, რა მოხდა. ჩვენი იქიდან წამოსვლის პერიოდში, სანამ აქ (შავშვებში) ჩამოგვასახლებდნენ, სულ გვეგონა, რომ მალე დავბრუნდებოდით. წლები გადიოდა და მერე იმედიც დავკარგეთ. ამ გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ თუ საქართველო სწორ არჩევანს გააკეთებს, შესაძლებელია, რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი დავიბრუნოთ. მე დავბრუნდები, მაგრამ რამდენად იქნება ეს სრულყოფილი ჩემთვის, ჩემი მომავალი თაობისთვის, არ ვიცი“.

დევნილობაში ნინის არაერთი პრობლემის გადალახვა მოუწია. სწყინდა, როცა ეუბნებოდნენ, შე დევნილოო. ბავშვობისდროინდელი ბულინგი ამ დრომდე ახსოვს.

„ფსიქოლოგიური წნეხი იმდენად დიდი იყო, რომ რაღაცა პერიოდები საერთოდ აღარ მახსოვს. მე პირადად მიჭირდა რაღაცების გაანალიზება. სროლის და დაბომბვის ხმები ახლაც კი შიშს გვგვრის. ძალიან რთულია ამ ყველაფრის გადაფასება და სტრესიდან გამოსვლა“.

დევნილთა დასახლებებში ახალგაზრდების განათლებისა და განვითარების პერსპექტივას ნინი ვერ ხედავს. ის ამბობს, რომ ახალგაზრდების მიგრაცია დედაქალაქისკენ მასშტაბურია.

„მე პირადად საერთოდ არ მსიამოვნებს დედაქალაქში ცხოვრება - იქ ბევრი ხალხია, ეკოლოგიური პრობლემებია, ფასები მუდმივად იცვლება და ასე შემდეგ. მცირე ქალაქებში მეტი განვითარება რომ იყოს, მაგალითად, გორში, მირჩევნია რეგიონში განვავითარო ჩემი პროფესიული უნარ-ჩვევები, ვიდრე ვიცხოვრო 400 ლარად თბილისში, ქირით“.

ნინის ძალიან უნდა, რომ შერიგებისა და მშვიდობის პროცესში თავისი წვლილი შეიტანოს.

„არ მინდა ჩემმა შვილებმა და მომავალმა თაობამ იგივე გამოსცადოს, რაც მე გამოვცადე, ასევე ჩემი მშობლების და ბებია-ბაბუების თაობამ. მინდა, რომ თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობდე, რუსეთისგან თავისუფალ ქვეყანაში“.

ნინი ფიქრობს, რომ საერთაშორისო მხარდაჭერა დიდია, მაგრამ ქვეყნის შიგნით არც მთავრობა, არც საზოგადოება არ ინდომებს, რომ საკუთარი ძალისხმევა კონფლიქტების მოგვარებისკენ წარმართოს. მისი აზრით, ახალგაზრდებში მშვიდობის პოლიტიკაში ჩართვის რესურსი არის, მაგრამ ამას ჯერ ვერავინ იყენებს.

წაიკითხეთ ასევე:

ძველი სახლის ფანჯრებიდან დანახული წარსული და მომავალი